Latest posts by Aliq Media (see all)
ახალქალაქის საბაზრო ფასები მკვეთრად განსხვავდება მანამდე არსებული ფასებისგან. ხალხი ცდილობს დღესასწაულებამდე შეიძინოს სურსათ-სანოვაგე და სხვა საჭირო ნივთები, რათა ახალი წლის დღეებში უფრო ძვირი არ დაუჯდეთ მათი შეძენა. ეს პროცესი ვრცელდება საქართველოს ყველა ქალაქსა და რეგიონზე, მაგრამ დიდი ქალაქებისგან განსხვავებით, ახალქალაქში ფასების ზრდა სრულიად არაკონტროლირებადია. ახალი წლის მიჯნაზე სურსათის ბაზრობა უფრო სახიფათო ხდება, ვინაიდან არავინ ინტერესდება, ვინ, სად და როგორ სურსათს ყიდულობს.
„ჩვენ ჯერ არ დაგვიწყია საახალწლო ვაჭრობა, მაგრამ ფასები უკვე მომატებულია და ყოველ წელს იგივე ხდება, წინა საახალწლო ვაჭრობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა“. – ამბობს ახალქალაქის მაცხოვრებელი გოჰარ ღაზარიანი.
„ყოველ წელს ერთი და იგივე სიტუაციაა, ახალი წლის მერე არსებული ფასები იაფი გვეჩვენება“, – ამბობს ანაჰიტ მელქონიანი. წინა საახალწლო ფასების ზრდა დამოკიდებულია, როგორც სეზონურ მაჩვენებელზე, ასევე მოთხოვნის ზრდაზე. არასტაბილურობა სავალუტო ბაზარზე ასევე ფასების ზრდას იწვევს, მაგრამ მოვაჭრეები სარგებლობენ შექმნილი ვითარებით და ცდილობენ გაზრდილი ფასებით გააორმაგონ თავიანთი შემოსავალი. ფასების ზრდას ჯერჯერობით არ მიუღწევია თავისი მაქსიმუმისთვის, თუმცა როდესაც ამოწმებ ფასებს და 4კგ. დაბალხარისხიანი მანდარინის ფასი არის 3 ლარი, ამის შემდეგ ვეღარ გაბედავ, რომ გაარკვიო მაღალხარისხიანი პროდუქტის ფასი. საახალწლო შესყიდვების ძირითადი პროდუქტებია: ხორცი, ბოსტნეული, ხილი, რძის ნაწარმი და სასმელი. ფასების ზრდა ეხება აბსოლუტურად ყველა სახის პროდუქტს. როგორც ამბობენ თავად მოვაჭრეები, ბაზარზე 1 კგ. ხორცის შეძენა შევაჭრების საფუძველზე შესაძლებელია 10 ლარად, ხოლო 3 ლიტრი რძის 5 ლარად, მაგრამ როგორც მოვაჭრეები ამბობენ, ეს ფასი კიდევ უფრო გაიზრდება. ადგილობრივი ხილის ფასი არაფრით არ ჩამოუვარდება იმპორტულ საქონელს. საბაზრო ფასების მსგავსება და განსხვავება ამოცანაა, რომელსაც ლოგიკური ამოხსნა არ აქვს: 1კგ. ადგილობრივი ვაშლი ღირს 4 ლარი, ხოლო 1 კგ. ბანანის ფასი 3 ლარია, იმის მიუხედავად, რომ ბანანი იმპორტულია და, წესით, უფრო ძვირი უნდა ღირდეს.