Latest posts by Aliq Media (see all)
სოფელი მარტუნი და სოფელი ხოსპიო ახლოს მდებარეობენ ქალაქ ახალქალაქთან. ამ ორ სოფელს ერთმანეთისგან ჰყოფს მდინარე. მდინარის ერთ მხარეს მდებარეობს სოფელი მარტუნი 50 ოჯახით, მეორე მხარეს კი სოფელი ხოსპიო 100 ოჯახით.
სოფელ მარტუნის მოსახლეობა ჩივის, რომ თანასოფლელები საყოფაცხოვრებო ნაგავსა და ნაკელს ყრიან მდინარეში. მდინარის ნაპირი სავსეა ნაგვით.
სოფელ მარტუნის ერთ-ერთი მაცხოვრებელი ამბობს, რომ სუნისა და ჭუჭყის გამო. მდინარის გასწვრივ სიარული შეუძლებელია.
სოფლის კიდევ ერთმა მაცხოვრებელმა კი დაამატა, რომ თუ სოფელ მარტუნიში იქნება ნაგვის ურნები, ამ შემთხვევაში მდინარის ნაპირის გაჭუჭყიანების პრობლემის წინაშე არ დადგებიან. მეზობელ სოფელ ხოსპიოში განთავსებულია ორი სანაგვე, ერთი გზატკეცილზე, მეორე კი სოფლის რიტუალების სახლთან.
საინფორმაციო სააგენტო jnews.ge დაესწრო ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას. შეკითხვას, თუ რატომ ყრიდა იგი ნაგავს მდინარეში, სოფლის მაცხოვრებელმა უპასუხა:
„სად გადავყარო. სოფელში ვყრით, ამბობენ, სოფელს ანაგვიანებთო. მარტო მე არ ვარ, რომ ნაგავს მდინარეში ვყრი. რატომ არ დებენ ნაგვის ურნებს?“ აღნიშნა სოფელ მარტუნის მაცხოვრებელმა.
სოფელ მარტუნისა და ხოსპიოს რწმუნებული თემურ ყავრელიშვილი ამ ყველაფრის საქმის კურსშია.
„უკვე 3 წელია გამგეობისგან მოვითხოვ სანაგვეების დამონტაჟებას. ამბობენ, 700 ყუთი უნდა მივიღოთ და თქვენ სოფლებსაც მივცემთ, მაგრამ მოსახლეობას ნაგავი ღამით მოაქვს და ყრის, მე მაგას კონტროლს ვერ გავუწევ. ამ სიტუაციაში ჩემზე არაფერია დამოკიდებული“, – ამბობს თემურ ყავრელიშვილი.