Latest posts by Aliq Media (see all)
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ტენდერისა და სხვა სახელმწიფო შესყიდვების შედეგად 2016 წელს ახალქალაქის რაიონმა 724 907 ლარი დაზოგა. ეს თანხა ისევ რეგიონის ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე იქნება მიმართული.
წლის განმავლობაში ახალქალაქის რაიონმა ჩაატარა სახელმწიფო შესყიდვის 80-მდე ტენდერი. დანაზოგი თანხიდან 141 861,59 ლარი „დახმარება სოფელს“ პროგრამის, 514 604 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტის მხრიდან დაფინანსებული სამუშაოების, ხოლო 68 442 ლარი ცენტრალური ბიუჯეტის მხრიდან დაფინანსებული სამუშაოების ტენდერებისგან დაიზოგა.
ახალქალაქის გამგეობისა და საკრებულოს შეთანხმებით გადაწყდა დანაზოგი 514,604 ლარი სხვა სამუშაოებს მოხმარდეს. თანხა ძირითადად მოხმარდება იმ სამუშაოებს, რომლებიც თავდაპირველად შეფასებული იყო შედარებით იაფად, ხოლო ანგარიშების შედგენის დროს აღმოჩნდა, რომ პროექტის განხორციელებისთვის შედარებით უფრო მეტი სახსრები იყო საჭირო.
ახალქალაქის გამგეობის ინფრასტრუქტურული სამსახურის ხელმძღვანელის ალბერტ ნაჰატაკიანის სიტყვით, ამ თანხით სოფლებში აშენდება რამოდენიმე მინი-სტადიონი, ახალი პროექტები განხორციელდება, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუ რა პროექტებზე დაიხარჯება დანარჩენი თანხა.
ალბერტ ნაჰატაკიანის თქმით, დანაზოგი თანხებიდან სახსრები გამოიყოფა სომხური ეკლესიის „სურბ ხაჩის “ ეზოს სარემონტო სამუშაოებისათვის, სოფელ ჰოკამში ქართული ეკლესიის მშენებლობის სამუშაოების დასამთავრებლად, ახალქალაქის ქართული ეკლესიისთვის, სადაც სასადილოს აშენება, კარ-ფანჯრების შეცვლა და სხვა სამუშაოების ჩატარება სურთ…