2024 წლისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგეგმილია სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი ფართობის 8 105 ჰექტრამდე ზრდა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი, მელქონ მაკარიანი, 2021 წლის
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე ადგილობრივ მოსახლეობას
დაპირდა, რომ 2024 წლისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარწყავი
წყლით უზრუნველყოფილი ფართობი 8 105 ჰექტრამდე გაიზრდებოდა. ამის
შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გამოქვეყნებულ
ახალქალაქის საარჩევნო პროგრამაში ვკითხულობთ.

აღსანიშანავია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 2022-2024 წლებში, ამ
მიმართულებით, ჯამში 9 ტენდერი გამოაცხადა, საიდანაც, ამ ეტაპზე, მხოლოდ 4
(ჯამში 120 024.35 ლარის ღირებულების) ხელშეკრულებაა შესრულებული[1].
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში წყლის სისტემის
სარეაბილიტაციოდ 628,3 ათასი ლარი იყო გამოყოფილი და პროგრამის აღწერაში
წერია, რომ რიგ შემთხვევებში პროგრამა ასევე მოიცავს სარწყავი და სანიაღვრე
არხების მოწყობა- რეაბილიტაციას, თუმცა დეტალები, თუ სად იგეგმება სარწყავი
არხების მოწყობა-რეაბილიტაცია, არაა მითითებული. 2023 წლის ბიუჯეტში –
წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის უკვე 1824,6 ათასი ლარი იყო
გამოყოფილი და მოიცავდა სოფ. დ. სამსარში სარწყავი არხების 3500 მეტრის
ამოღებასა და სოფ. დილისკაში 320 მეტრი სიგრძის ბეტონის წყლის ღია არხის
მოწყობას (იხ.სურათი1), თუმცა ამ მიმართულებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ტენდერები არ გამოცხადებულა.

რაც შეეხება 2024 წლის ბიუჯეტს, აქ წყლის სისტემის სარეაბილიტაციოდ
გამოყოფილია 280,0 ათასი ლარი და მასში მხოლოდ ქ. ახალქალაქის

აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული წყლის ცენტრალური არხის აღდგენაა
გათვალისწინებული.

ჩვენ ვესაუბრეთ სოფ. დ. სამსარისა და სოფ. დილისკის მაცხოვრებლებს. როგორც
სოფ. დ. სამსარის ერთ-ერთი მაცხოვრებელი ამბობს, სარწყავი არხის გათხრის
სამუშაოები რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა ამჟამად სამუშაო პროცესი
შეჩერებულია და არც იციან, როდის აპირებენ გათხრის სამუშაოების განახლებას:
„რამდენადაც ვიცი, რამდენიმე წლის წინ დაიწყო ეს პროექტი, თუმცა დღემდე არ
დაუმთავრებიათ. ნაწილობრივად მიწა გათხრილია და მილებიც ჩადებულია,
მაგრამ შესასრულებელი სამუშაოების ნახევარიც კი არაა შესრულებული,
პროექტით გათვალისწინებული მიწის ნახევარზე მეტი გასათხრელია, რომ
გაიყვანონ სარწყავი არხები. სოფლის მოსახლეობის ნაწილი ისევ რჩება სარწყავი
წყლის გარეშე, რადგან არხის გაყვანა ისეთ ტერიტორიაზეც იგეგმება, სადაც
ხალხს არ აქვს დასამუშავებელი მიწა. მოსახლეობის ნაწილს უკვე აღარც
აინტერესებს ამ სარწყავი არხის ბედი, რადგან მათ თავიანთი წყლის ტუმბოები
და სარწყავი შლანგი აქვთ და ხეობიდან ტუმბავენ. რაც შეეხება მოსახლეობის იმ
ნაწილს, ვისაც ამ ყველაფრის საშუალება არ აქვს, ისინი ელოდებიან, როდის
გაწვიმდება. ვფიქრობ, ეს პროექტი ოდესმე თუ დაასრულეს, სარწყავი წყლის
პრობლემა მაინც არ იქნება ბოლომდე მოგვარებული, რადგან როგორც უკვე
აღვნიშნე, არხის გაყვანა ისეთ ტერიტორიაზეც იგეგმება, სადაც ხალხს არ აქვს
დასამუშავებელი მიწა. სადაც ხალხს დასამუშავებელი მიწა აქვს და ნამდვილად
სჭირდებათ სარწყავი წყალი, იქ არ გაჰყავთ“, – აღნიშნავს ა.მ., სოფ. დიდი
სამსარის მაცხოვრებელი.

სოფ. დილისკაში ღია არხის მოწყობასთან დაკავშირებით გავესაუბრეთ ერთ-ერთ
ადგილობრივ მაცხოვრებელს, რომლის თქმითაც, სოფელში სარყწავი წყლის
პრობლემის შესამსუბუქებლად არაფერი გაკეთებულა და ეს საკითხი დღემდე
მწვავედ დგას: „არ გვსმენია არაფერი ოფიციალური პირებისგან, რომ აპირებენ
სარყწავი წყლის არხის მოწყობას, მხოლოდ თანასოფლელებისგან გაგვიგია
ჭორების დონეზე. სოფელში ორი ტბაა და იქიდან ხდება წყლის ამოტუმბვა,
შემდეგ რწყვა, თუმცა ვისი მიწაც ახლოსაა ტბასთან, ისაა მოგებაში და ვისიც
შორსაა, საკმაოდ განიცდის სარწყავი წყლის ნაკლებობას. სოფლის გეოგრაფიულ
მახასიათებლებსაც ვთვლი, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მდინარე
სოფლის ქვედა ნაწილში მიედინება, ხოლო მოსახლეობის დასამუშავებელი
მიწები სოფლის სხვა ნაწილშია. აქ სოფლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი
მისდევს სოფლის მეურნეობას და სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია სარყწავი
არხისა და წყლის არსებობა. ვფიქრობ, ეს დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა
დაკავშირებული და სოფლის გეოგრაფიული მდებარეობის გამო (სოფელი
დაღმართზეა), გრძელვადიან პერსპექტივაშიც კი რთულია ითქვას, რამდენად
მოგვარებადია ეს პრობლემა“, – აცხადებს ვ.გ., სოფ. დილისკის მაცხოვრებელი.
საჯაროდ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან შეუძლებელია იმის დათვლა, თუ
დაპირების რა ნაწილია შესრულებული ამ ეტაპზე, ვინაიდან სახელმწიფო
შესყიდვების სააგენტოს პორტალზე ატვირთული მასალებით არ კონკრეტდება

თუ რომელი ტენდერის ფარგლებში რა ფართობის სარწყავი წყლით
უზრუნველყოფა მოხერხდა. საკითხთან დაკავშირებით “ალიქ-მედია”
დამატებითი ინფორმაციის მიღებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიიდან
შეეცადა. ახალქალაქის მერმა, მელქონ მაკარიანმა აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით სატელეფონო საუბარში ინფორმაცია არ მოგვაწოდა და
მოგვიწოდა, დაველოდოთ განცხადების პასუხს. სამწუხაროდ, საჯარო
ინფორმაციის გამოთხოვაზე ჩვენი წერილი ამ დრომდე უპასუხოდ დარჩა,
მიუხედავად კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის გასვლისა.
ამ ეტაპზე მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალქალაქის მერმა
წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირების შესასრულებლად გარკვეული ნაბიჯები
გადადგა, თუმცა რა ეტაპზეა ეს პროცესი და წინასაარჩევნოდ გაჟღერებული
მაჩვენებლის რა წილია შესრულებული, ამის შეფასება შეუძლებელია.
“ალიქ მედია” გააგრძელებს დაპირების შესრულების პროცესზე დაკვირვებას და
საკითხზე განახლებულ ინფორმაციას მომავალშიც შემოგთავაზებთ.

[1] (NAT220013668 – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ.არაგვის სარწყვავი
სისტემის რეაბილიტაცია; NAT220015109 – სოფლის მხარდაჭრის პროგრამის
ფარგლებში: 1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტრკნაში სარწყვავი
სისტემის რეაბილიტაცია, რომლის საპროექტო ღირებულება დღგ-ს
გათვალისწინებით შეადგენს 8406 ლარს; 2. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის
სოფელ დადეში სარწყვავი სისტემის რეაბილიტაცია, რომლის საპროექტო
ღირებულება დღგ-ს გათვალისწინებით შეადგენს 16000 ლარს; 3. ახალქალაქის
მუნიციპალიტეტის სოფ.ერინჯაში სარწყავი სისტემის მოწყობა,რომლის
საპროექტო ღირებულება დღგ-ს გათვალისწინებით შეადგენს 10000 ლარს;
NAT230015666 – სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში: სოფელ დავნიაში
სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია (8474 ლარი); NAT230016894 – სოფლის
მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში: სოფელ ღადოლარში სარწყავი წყლის
მილსადენის მშენებლობა (სოფლის მხარდაჭერის პროგრამა-13559 ლ. ,
ადგილობრივი ბიუჯეტი-5021 ლ. , ჯამში 18580 ლარი). , ხოლო დანარჩენი 5
ტენდერი კი შემდეგნაირად ნაწილდება: არ შედგა – 1 (NAT240011440);
დასრულებულია უარყოფითი შედეგით – 2 (NAT230014547; NAT240012597);
მიმდინარე ხელშეკრულება – საგარანტიო პერიოდი – 1 (NAT220015368);
გამოცხადებულია – 1 (NAT240014068, წინადადებების მიღების ვადა მთავრდება –
29.07.2024).