ოთხი კომბინირებული მინისტადიონის რეაბილიტაცია – რა ეტაპზეა მარნეულის მერის დაპირება

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მარნეულის მერობის კანდიდატი და ამჟამინდელი მერი კენან ომაროვი მოქალაქეებს დაპირდა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სამუშაოს გასწევდა კულტურული და სპორტული მიმართულებით, მათ შორის – მოახდენდა ქ. მარნეულში არსებული ოთხი კომბინირებული მინისტადიონის რეაბილიტაციას, რისთვისაც ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 123,4 ათასი ლარი იქნებოდა გამოყოფილი. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებულ მარნეულის საარჩევნო პროგრამაში ვკითხულობთ.

დღეის მდგომარეობით მიხედვით, ქ. მარნეულში არსებული ოთხივე კომბინირებული მინისტადიონის დაგეგმილი რეაბილიტაცია არ განხორციელებულა და შესაბამისად, მარნეულის მერის, კენან ომაროვის დაპირებაც შეუსრულებლად რჩება.

აღსანიშანვია, რომ ამ მიმართულებით ტენდერიც კი არ ყოფილა გამოცხადებული – სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე შესაბამისი ტენდერი/ტენდერები არ მოიძებნა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში სპორტის სფეროს განვითარებისთვის 3799,0 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, საიდანაც 2174,0 ლარი სწორედ სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობისთვის უნდა დახარჯულიყო.

როგორც ბიუჯეტის „სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობის“ ქვეპროგრამის დეტალურ აღწერაში წერია, ზემოთ აღნიშნული 2174,0 ათასი ლარით მუნიციპალიტეტის სოფლებში 4 ახალი კომბინირებული მინი სტადიონის მოწყობა და სამუშაოებზე ზედამხედველობის განხორციელება იყო გათვალისწინებული, ხოლო ქ. მარნეულში არსებული ოთხი კომბინირებული მინისტადიონის რეაბილიტაცია ნახსენები საერთოდ არ ყოფილა (იხ. სურათი 2).

სურათი 2. წყარო: მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი

ქ. მარნეულში არსებული ოთხი კომბინირებული მინისტადიონის რეაბილიტაცია არც 2023 წლის ბიუჯეტში ყოფილა გათვალისწინებული. 2023 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობ სპორტის სფეროს განვითარებისთვის გამოყოფილი თანხიდან, სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობისთვის 3459,0 ათასი ლარი მიმართა, რითაც მუნიციპალიტეტის 3 სოფელში სპორტული დარბაზის მშენებლობას გეგმავდა (იხ. სურათი 3). ამ შემთხვევშიც, მარნეულში მდებარე მინისტადიონების რეაბილიტაცია/მშენებლობა დაგეგმილი არ ყოფილა.

სურათი 3. წყარო: მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში ასევე არის გათვალისწინებული სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა, რისთვისაც 2850,0 ათასი ლარია გამოყოფილი და ამ თანხით მუნიციპალიტეტში არანაკლებ 6 ახალი კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობა და სამუშაოებზე ზედამხედველობის განხორციელებაა გათვალისწინებული (იხ. სურათი 4).

ქვეპროგრამის აღწერიდან შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელი 6 მინი სპორტული კომბინირებული მოედნის მოწყობაა დაგეგმილი და რომელ დასახლებულ პუნქტებში. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ გამოქვეყნებული ტენდერებისა თუ შესყიდვების შესწავლის შემდეგ „ალიქ-მედიამ“ ქ.მარნეულში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ გამოცხადებული შესყიდვა ვერც ამჯერად იპოვა.

სურათი 4. წყარო: მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი

განხორციელდება თუ არა ქ. მარნეულში არსებული ოთხი კომბინირებული მინისტადიონის რეაბილიტაცია 2025 წელს, ცნობილი გახდება, როცა დამტკიცდება მარნეულის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი. ამ ეტაპზე კი მერის დაპირება შესრულებული ჯერაც არ არის. „ალიქ მედია“ გააგრძელებს მერის მიერ გაცემული დაპირების შესრულების პროცესის მონიტორინგს და საკითხის შესახებ სტატიებს მომავალშიც მოამზადებს.