Latest posts by Aliq Media (see all)
სახელოვანი აშუღ ჯივანის 170 წლისთავის აღსანიშნავად, მის მშობლიურ სოფელ კარწახში სახლ-მუზეუმი ვიზიტორებისთვის კარს ზაფხულში გააღებს. „თავდაპირველად გათვალისწინებული გვქონდა სახლ-მუზეუმის სრულად აღდეგენა, მაგრამ სფეროს სპეციალისტებმა შემოგვთავაზეს, ჯერ გავხსნათ და უკვე შეგროვილი მასალები და ნივთები წარმოვადგინოთ, ხოლო შემდეგ ნელ-ნელა შევავსოთ კოლექცია. წელს იგეგმება იმ დარბაზის გახსნა, სადაც ფოტოების სახით წარმოდგენილი იქნება ჯივანის ცხოვრება და შემოქმედებითი გზა“ – აცნობა ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა აშოტ ჰაკობიანმა საინფორმაციო სააგენტო javakhq.info-ს.
შეგახსენებთ, რომ ფონდის „ჯავახეთის მხარდაჭერა“ ინიციატივით მშობლიურ სოფელ კარწახში გაიხსნება აშუღის სახლ-მუზეუმი.
აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე ახსენა, რომ 8 ივნისს გაიმართება საქველმოქმედო სადილი, რომელიც ეძღვნება ჯივანის 170 წლისთავს. საქველმოქმედო საღამოდან მიღებული თანხები მთლიანად მოხმარდება სახლ-მუზეუმის მშენებლობას.
სომეხი დიდი აშუღი, სახალხო მომღერალი ჯივანი (სეროვბე სტეფანის ძე ლევონიანი (1846-1909)) დაიბადა ჯავახეთის სოფელ კარწახში, ბანგოიანების ცნობილ შტოში. მას 18 წელი უცხოვრია თავის მშობლიურ სოფელში. სოფლიდან წასვლის შემდეგ ჯივანი ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში, შემდეგ ალექსანდროპოლში (დღეს სომხეთის ქალაქ გიუმრი), რის შემდეგაც 1895 წელს აშუღი დაბრუნდა თბილისში, სადაც გაატარა თავისი ცხოვრების ბოლო წლები.
ფოტო: javakhq.info