„ქართული ოცნება“ ქვეყანას დიქტატურისკენ მიჰყავს. მოსაზრებები

საქართველოში „აგენტების კანონის“ („რუსული კანონი“) საბოლოო მიღებისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის რისკის ქვეშ დაყენების შემდეგ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, ახლა შეეცდება ოპოზიციის გაჩუმებას. რეალურად, მმართველ გუნდს საქართველოში, საბოლოო დიქტატურის დამყარება სურს – ასე ფიქრობენ ქართველი ექსპერტები.

საექსპერტო წრეების შეფასებით, „ქართული ოცნება“ მომავალ არჩევნებში ძალაუფლების შენარჩუნებას ან უმრავლესობის მოპოვებას ნებისმიერ ფასად შეეცდება. მათი თქმით, ხელისუფლებას ეშინია, ამიტომ ოპოზიციის, სამოქალქო საზოგადოებისა და დასავლელი პარტნიორების დისკრედიტაციით ცდილობს, ულტრამემარჯვენე, პრორუსული და კონსერვატიული შეხედულებების მქონე ჯგუფების გული მოიგოს. მმართველი პარტიის მთავარი ნარატივის მიხედვით, ხელისუფლების ცვლილების და პროდასავლური ძალების ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, „საქართველოს ომში ჩაერთვება“. ქართული ოცნება მოსახლოებას, სწორედ, ამ მითით აშინებს.

საქართველოს რეინტეგრაციის ყოფილმა მინისტრმა, კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „ალიქ მედია საქართველოსთან“ საუბარში განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ დიქტატურის მიმართულებით მიდის. მმართველი გუნდი ვერ აკონტროლებს საქართველოში არსებულ მდგომარეობას, ისინი ხვდებიან, რომ ვერ შეძლებენ უმრავლესობას მოპოვებას, თუ მომავალი არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება.

„მმართველი გუნდი არასწორია თავის გათვლებში, რომ ხალხი არჩევნებში ხმას მისცემს ავტორიტარიზმს ქართული დემოკრატიის დასანგრევად. მე მტკიცედ მჯერა, რომ ქართული საზოგადოება არ არის ამისთვის მზად და ხმას არ მისცემს ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) არაკონსტიტუციურ ძალად გამოცხადებისთვის მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მოიპოვოს. პრემიერმა აღნიშნა, რომ ენმ-ის არაკონსტიტუციურ ძალად გამოცხადების შემდეგ, ლოგიკური იქნება ამ პარტიის სახელით მიღებული საპარლამენტო მანდატების გაუქმებაც.

ერთ-ერთი ჟურნალისტის რეპლიკას, რომ ასეთ შემთხვევაში პარლამენტი ერთპარტიული იქნება, პრემიერმა ასე უპასუხა. 

„პარლამენტი დარჩება დემოკრატიულად არჩეული, სადაც „ქართულ ოცნებას“ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი… არაფერი არ ხდება ასეთ დროს. მოლდოვის პარლამენტი არის პრაქტიკულად ერთპარტიული, მაგრამ ყველა მიესალმება მოლდოვის პარლამენტს. იგივე მოხდება საქართველოშიც. ერთნაირი სტანდარტი უნდა მოქმედებდეს ყველა კანდიდატ ქვეყანაში…“

ზაქარეიშვილის თქმით, კობახიძეს ერთი რამ ავიწყდება: მოლდოვაში პრორუსული პარტია გააუქმეს, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ განვითარებას ხელი შეუშალებოდა და საქართველოში პრორუსული ძალა არა ოპოზიცია, არამედ თავად „ქართული ოცნებაა“.

აღსანიშნავია, 2023 წლის 19 ივნისს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა პრორუსული პარტია „შორი“. მოსამართლეებმა მიიჩნიეს, რომ პარტია მოქმედებდა კანონის უზენაესობის პრინციპების საწინააღმდეგოდ და საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, პარტიის მოქმედ დეპუტატებს მანდატები არ გაუუქმეს, ისინი მუშაობას აგრძელებენ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები.

ქართულ-ევროპული ინსტიტუტის (EGI) ხელმძღვანელის, პოლიტოლოგი გიორგი მელაშვილის თქმით, ბევრი საუბარია „ქართული ოცნების“ გამოხტომებზე, „პოლიტიკური ველის გასუფთავების მცდელობაზე“, დიქტატურის დამყარების სურვილზე და და ზოგადად, ოცნების მიერ ყველა პოლიტიკური პარტიის მოშორების ქაჯურ იდეაზე. ყველა, ეს იდეა არის სამარცხვინო, გაუგონარი და ლაჩრული. ასეთი იდეები აშკარად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პროცესებს.

მისი თქმით, „ქართული ოცნებას“ წარსულშიც ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა და შეეძლო მსგავსი ნაბიჯების გადადგმა, თუმცა ოცნებისთვის  მნიშვნელოვანი იყო ენმ-ის არსებობა, რადგან მმართველმა გუნდმა ენმ გამოიყენა, როგორც საფრთხე მოქალაქეების დასაშინებლად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად. პოლიტოლოგის თქმით, დღესაც, ოცნება იგივე მეთოდებს მიმართავს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ხალხის დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართაც მნიშვნელოვნად შეცვლილია, რისი მიზეზიც, პოლიტოლოგის თქმით, „რუსული კანონის“ მიღება გახდა.

დღეს ოცნება ყველაზე სუსტია, ვიდრე ოდესმე. სახალხო მხარდაჭერა მას  დაკარგული აქვს და შეთქმულების თეორიებით, რუსეთისადმი ნოსტალგიით, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებითა და შიშით ცდილობენ ელექტორატის მოზიდვას. ვერაფერს ახალს ვერ გვთავაზობენ: რუსეთთან დალაგების მცდელობა და „კონფედერაციის იდეა“ – ჩავარდა; დასავლეთთან ურთიერთობები – გაფუჭებულია; სახალხო მხარდაჭერა – დაკარგულია. ამიტომ მთელი ეს ქაჯობების კორიანტელი არის მხოლოდ სისუსტისა და შიშის მაჩვენებელი. ოპოზიციამ კი ეს სისუსტე და შიში სწორად უნდა გამოიყენოს

მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება, იგი სრულად პროპორციული იქნება, ხოლო პარლამენტში მოსახვედრად 5%-იანი ბარიერის დაძლევაა საჭირო. ამ ეტაპამდე ჩატარებული არცერთი კვლევით არ დასტურდება, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება. საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის 150 მანდატიდან 113-ის მიღებაა საჭირო.