რატომ არ არიან ჩართული “1+4” საკმარისი ბენეფიციარები სტაჟირების პროგრამაში

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები საჯარო სექტორში ნაკლებად არიან ჩართულნი, რაც ეთნიკური უმცირესობების  ერთ-ერთი აქტუალური გამოწვევაა. ამ პრობლემის გადასაჭრელად სახელმწიფომ “1+4 სტაჟირების” პროგრამა შემოიღო, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს ანაზღაურების გარეშე, იმუშაონ საჯარო დაწესებულებებში და მიიღონ საინტერესო გამოცდილება, საჯარო უწყებებს უკეთ გაეცნონ. პროგრამის იდეის მიუხედავად, ანგარიშებიდან ჩანს, რომ მასში არასაკმარისი სტუდენტი მონაწილეობს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სტაჟირების პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საჯარო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა, პროფესიული უნარების განვითარება და საქმიანი გამოცდილების შეძენა, საბოლოო ჯამში, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. სტაჟიორები 1-დან 12 თვემდე სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.

სტაჟირების პროგრამა განკუთვნილია „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (1+4 პროგრამა) მოსარგებლე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის. ყოველ წელს ცხადდება მიღება სტაჟირების პროგრამაზე “1+4 პროგრამით” მოსარგებლე პირებისათვის, მასში ახალგაზრდები მონაწილეობენ. მათი აზრით, სტაჟირების პროგრამა არ პასუხობს გამოწვევებს, რომლების წინაშე დგანან ეთნიკური უმცირესობები.

სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმა იკვლევს რამდენად ეხმაურება სახელმწიფო ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებს. მას 2021 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

2021-2030 წ.წ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში ყოველწლიურად ქვეყნდება როგორც ერთწლიანი გეგმა, ასევე ანგარიში. 2021-2022 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით “1+4” სტაჟირების პროგრამაში” 2022 წელს ჩართული უნდა ყოფილიყო 100-მდე ახალი ბენეფიციარი/ახალგაზრდა. თუმცა, როგორც ანგარიშში ვკითხულობ, 2021-2022 წლებში პროგრამაში  ჩართული იყო 85 ბენეფიციარი

მონაწილეების სტატისტიკასთან ერთად, საინტერესოა ისიც, თუ რამდენი ახალგაზრდა დასაქმდა სტაჟირების გავლის შემდეგ. Სამწუხაროდ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი მსგავს ინფორმაციას არ ავრცელებს.

 „1+4 სტაჟირების პროგრამა“ ფუნქციონირებს 2017 წლიდან. 2022 წლის ნაკადში სტაჟირების პროგრამაში ჩაერთო 18 ახალგაზრდა (საერთო ჯამში, დღემდე პროგრამაში 400 – მდე ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა). 

აღსანიშნავია, რომ “ალიქ მედია საქართველო” ადრეც იყო დაინტერესებული ამ პროექტის მიმდინარეობით, რადგან  “1+4” პროგრამის სტაჟირების პროგრამაში ახალგაზრდების მონაწილეობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი იყო და ამის შესახებ ჩვენი რესპონდენტები ხშირად საუბრობდნენ. ამასთან, მათივე თქმით  პასიურობის მიზეზი დასაქმების პერსპექტივის ნაკლებობა და ცნობიერების დაბალი დონე იყო.

რამდენად არიან ახალგაზრდები ინფორმირებული “1+4” პროგრამის შესახებ და რა მექანიზმებს იყენებს ამისთვის სახელმწიფო? ამ კითხვის საპასუხოდ უნდა დავაკვირდეთ კიდევ ერთ ინდიკატორს.

სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით „1+4” საგანმანათლებლო პროგრამის“ შესახებ 2022 წლისთვის ჩატარებული უნდა ყოფილიყო არანაკლებ 30 შეხვედრა კარდაკარ პრინციპით ქ. თბილისში, ასევე  კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. 

საანგარიშო პერიოდში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და კოორდინაციით ქვემო ქართლის რეგიონში გაიმართა სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ საინფორმაციო კამპანია. კამპანიის ფარგლებში საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია უწყების კომპეტენციაში არსებული სიახლეების, სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ. სულ ჩატარდა 8 შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 250-მდე ბენეფიციარმა. 

წინამდებარე სტატისტიკა ცხადყოფს, რომ დაგეგმილი 30 შეხვედრიდან მხოლოდ 8 განხორციელდა. შესაბამისად, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ეს ნაწილიც მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა.

საქართველოს შესახებ ბევრ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არ არიან წარმოდგენილი საჯარო სექტორში მათი რაოდენობის პროპორციულად. ამის მიუხედავად, ახალგაზრდები, რომლებმაც გაიარეს სტაჟირება 1+4 პროგრამის ფარგლებში, ხშირ შემთხვევაში არ ხდებიან სამინისტროების, მუნიციპალიტეტების და საკრებულოების თანამშრომლები, ისინი არ ხდებიან გადაწყვეტილების მიმღები.

 26 ივნისს, ევროპის საბჭოს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ევროპული ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რიგით მეოთხე მოსაზრება გამოაქვეყნა. ანგარიში დეტალურად განიხილავს შეფასების მეოთხე ციკლის პერიოდში (2019-2023 წლები) ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობას. ის არა ერთხელ იმეორებს სამოქალაქო ორგანიზაციების, მათ შორის, სოციალური სამართლიანობის ცენტრის კრიტიკულ შეფასებებსა და რეკომენდაციებს ეთნიკური უმცირესობების თანასწორობისა და ინტეგრაციის საკითხებზე.

კომიტეტი აღნიშნავს, რომ ისტორიულად, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ეთნიკური უმცირესობები არასდროს იყვნენ წარმოდგენილი მოსახლეობაში მათი პროპორციის შესაბამისად.

ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებული პირების ნაკლებობაა ასევე სახელისუფლებო დონეზე, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში პრობლემად რჩება უმცირესობების არაპროპორციულად დაბალი წარმომადგენლობა ისეთ მუნიციპალიტეტებშიც კი სადაც ეთნიკური უმცირესობები დიდი რაოდენობით ცხოვრობენ (მაგ. გარდაბანი, ბოლნისი დმანისი, მარნეული, წალკა, ახალციხე). გამონაკლისია ახალქალაქი და ნინოწმინდა. კომიტეტი მიიჩნევს, რომ პრობლემურია სიტუაცია თბილისშიც, სადაც იმის და მიუხედავად, რომ მოსახლეობის 11% ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელია, არც თბილისის საკრებულოს და არც თბილისის ადგილობრივი ხელისუფლების არც ერთი წევრი არ არის ეთნიკური უმცირესობებიდან. რაც შეეხება მერებს, მხოლოდ ახალქალაქში, მარნეულში და ნინოწმინდაშია ეთნიკურ უმცირესობას მიკუთვნებული მერი.

ერთადერთი პროგრამა, რომელიც ეთნიკური უმცირესბობების წარმომადგენელი სტუდენტებს ენის შესწავლისა და სასურველ ფაკულტეტზე ჩაბარების შესაძლებლობას აძლევს, თუმცა საჯარო სექტორში დასაქმებას საბოლოო ჯამში ვერ უზრუნველყოფს.

ზემოჩამოთვლილი კითხვებისთვის პასუხების მოსაძებნად მივმართეთ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს და მოვითხოვეთ ინფორმაცია იმ მიზეზებისა და ფაქტორების შესახებ, რომელმაც გამოიწვია ზემოხსენებული ფაქტი, კერძოდ ის, რომ გეგმური რაოდენობა არ შეივსო. ასევე, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იგეგმება სამომავლოდ და როგორ აპირებს უწყება ახალგაზრდების წახალისებას, რათა სტაჟირების პროგრამით განსაზღვრული შესაძლებლობების სრულად იყოს ათვისებული? ასევე, ინფორმაცია, სტაჟირების გავლის შემდეგ, რამდენი ბენეფიციარის დასაქმება მოხდა.

“პროგრამის მიზანს წარმოადგენს არა პირდაპირი გზით დასაქმება, არამედ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების მხარდაჭერა, საჯარო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის გაცნობისა და პროფესიული უნარების განვითარების/საქმიანი გამოცდილების შეძენის გზით, რაც საბოლოო ჯამში, სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს და შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებას ემსახურება. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის 2021-2022 წწ. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული იყო სტაჟირების პროგრამაში 100-მდე ახალი ბენეფიციარის ჩართულობა (იხ. აქტივობა 8.3.1.8); ვალდებულება შესრულდა – სტაჟირების კონკურსით განსაზღვრული კრიტერიუმები დააკმაყოფილა და პროგრამაში ჩაერთო 85 პირი (დღემდე სტაჟირების პროცესში ჩართული იყო 400-ზე მეტი ახალგაზრდა)”, – გვიპასუხეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან.

საბოლოო ჯამში, ზემოხსენებული ფაქტების გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1+4 პროგრამის სტაჟირება კვლავ არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებსაც აწყდებიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები საჯარო სექტორში დასაქმებისას. ამ დრომდე არ არსებობს საზოგადოებაში ინფორმაცია და დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ეთნიკური უმცირესობების სრულფასოვანი ჩართვა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამასთან, საყურადღებოა რომ, სახელმწიფო უწყებებს არ აქვთ სამომავლო ხედვა, რომელიც უკვე არსებული პროგრამების ფარგლებში გამოკვეთილ პრობლემებსა თუ ნაკლოვანებებს აღმოფხვრის. მეტიც, საჯარო სტრუქტურები ვერ უზრუნველყოფენ მათ მიერ განსაზღვრული გეგმის სრულად შესრულებას. აღნიშნულს ადასტურებს სტატიაში მოყვანილმა ფაქტები, რომელთა მიხედვითაც  2021-2022 წლის სამოქმედო გეგმა, მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა.