Latest posts by Aliq Media (see all)
ვაშინგტონის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების შეჩერება აშკარა პასუხია იმისა, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვია დემოკრატიული გზიდან. ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ნაცვლად, ურთიერთობებს აღრმავებს ისეთ სახელმწიფოებთან, რომლებიც ავტორიტარიზმითა და ანტიდასავლური პოლიტიკით გამოირჩევიან. ასეთია ქართველი ექსპერტების შეფასება.
“ალიქ მედია საქართველოსთან” საუბრისას ექსპერტები აშშ-ის გადაწყვეტილებას უკავშირებენ მმართველი გუნდის მიერ მიღებულ „აგენტების კანონს“, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებმა არაერთხელ შეაფასეს, როგორც დემოკრატიული გზიდან უკან გადადგმული ნაბიჯი და გააფრთხილეს, რომ ეს ხელს შეუშლის თბილისის გაწევრიანებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
პოლიტიკური პარტიის „ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას თქმით, ბოლო დროს ვხედავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროატლანტიკურ გზას დიდი დარტყმა მიაყენა. მან ქვეყნის დისკრედიტაცია მოახდინა და შეარყია ქვეყნის სტაბილურობა. მისი თქმით, ეს აჩვენებს, რომ მმართველი გუნდი ემსახურება რუსეთს და ემსახურება რუსეთის ინტერესებს.
პოლიტოლოგმა ასევე დასძინა, რომ აშშ-ს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რას ვკარგავთ, რადგან გვყავს „ქართული ოცნების“ მსგავსი ხელისუფლება. გეგელია აშშ-ს გადაწყვეტილებაში პირდაპირ კავშირს ხედავს „რუსული კანონის“ მიღებასთან და ქართული დემოკრატიის დაცემასთან.
„მოვისმენთ განცხადებებს აშშ-დან და ევროკავშირიდან, რომლის მიხედვითაც, საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა მიმდინარეობს. ისტორიაში პირველად საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო და დაგვაკარგვინა ყველა სტრატეგიული პარტნიორი და გააფუჭა ურთიერთობა მათთან“, – განაცხადა გეგელიამ „ალიქ მედია საქართველოსთან“ საუბარში.
პოლიტოლოგმა დახმარების შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი საფრთხეებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი დაკვირვებით, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაუარესების შედეგად, საქართველო მარტო და იზოლირებული დარჩება, რაც მხოლოდ მოსკოვისთვის არის მომგებიანი.
„საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში დაიწყო დასავლეთთან დაშორება.ხოლო რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან დაახლოება და როგორც ვნახეთ, გუშინ კობახიძე (საქართველოს პრემიერ-მინისტრი – რედ.) იჯდა ტერორისტული დაჯგუფების ჰამასის ლიდერთან. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აისახება საქართველოს ურთიერთობაზე დასავლეთთან და დასავლეთმა აშკარად იცის, რომ ხელისუფლება გადაიქცა ანტიდასავლურ ძალად“, – „ალიქ მედია საქართველოსთან“ საუბარში განაცხადა ანალიტიკოსმა ზურა ბატიაშვილმა.
ბატიაშვილის თქმით, სწორედ ამის გამო გადავიდა დასავლეთი სიტყვიდან მოქმედებაზე. ანალიტიკოსმა, ასევე დასძინა, რომ დასავლეთი ნათლად ეუბნება საქართველოს ხელისუფლებას. „თუ თქვენ არ ხართ დასავლეთთან, რატომ უნდა დაგეხმაროთ დასავლეთი?“.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები და ცრუ განცხადებები შეუთავსებელია ევროკავშირისა და ნატოს წევრობის კრიტერიუმებთან.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დროებით ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის დახმარებას ამ ქმედებების გამო, შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებსა და ქმედებებს, რომლებიც სარგებელს მოუტანს ქართველ ხალხს, გააძლიერებს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, დამოუკიდებელ მედიას და ეკონომიკურ განვითარებას“- ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან დაგეგმილი „Noble Partner“ სამხედრო წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო. ვაშინგტონის თქმით, მიზეზი საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვაა.
აშშ-ის ამ ნაბიჯის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა გააყინა საქართველოსთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება, რომელიც ევროპის მშვიდობის ფონდს (EPF) უნდა გადაერიცხა.