Latest posts by Aliq Media (see all)
ახალქალაქიდან არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი სამველ მანუკიანი 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში ადგილობრივ მედიასთან, ჯენიუსთან საუბარში განაცხადა, რომ იგი მოსახლეობის სათქმელს ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებას გადასცემდა.
“ძირითადი პრობლემები იგივეა: წყალი, გაზი, გზა, საძოვარი. ასევე მინდა ხაზი გავუსვა მოქალაქეობის საკითხს, ადამიანებმა დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა და სურთ მისი აღდგენა. კამპანია ძალიან კარგ ატმოსფეროში მიდის, იმაზე კარგად მიდის ვიდრე ველოდი, უბრალოდ ბევრი ამბობს, რომ რასაც დაჰპირდნენ და არ შეასრულეს. მე ყოველთვის ვპირდები ხალხს, რომ მათ ხმას გადავცემ ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებას”.
ამ დაპირების მიუხედავად პარლამენტში მანუკიანს მიკროფონი არასდროს არ ჩაურთავს.
ამას მოწმობს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “Transparency International – საქართველო” (TI) სტატისტიკა. 2023 წლის 29 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც პარლამენტის 2022 წლის საქმიანობას აფასებს, აღნიშნავს რომ სიტყვით გამოსვლის უფლებით არ ისარგებლა პარლამენტის 18-მა წევრმა, აქედან 10 უმრავლესობის (ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, სუმბატ კიურეღიანი, ლევან კობიაშვილი, სამველ მანუკიანი, გოგი მეშველიანი, დიმიტრი სამხარაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, ვიქტორ ჯაფარიძე) დეპუტატი იყო.
აღსანიშნავია, რომ მანუკიანის პასიურობის საკითხი აქტუალური რამდენიმე თვის წინ გახდა, როდესაც მან რუსულ კანონს მისცა ხმა. “Transparency International – საქართველომ” Facebook სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა სტატისტიკა და აღნიშნა, რომ 83 დეპუტატიდან, ვინც ხმა მისცა რუსულ კანონს, 11-ს წლებია პარლამენტში ხმა არ ამოუღია (2020-2022 წლის მონაცემები), და ამ 11 დეპუტატს შორისაა ახალქალაქ-ნინოწმინდიდან არჩეული დეპუტატები სუმბატ კიურეღიანი და სამველ მანუკიანი.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-ს ინფორმაციით, 2023 წელს ჯავახეთის დეპუტატებს, სამველ მანუკიანს და სუმბატ კიურეღიანს არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ ჰქონიათ. კვლევაში, სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი კვლავ მინიმალურ ნიშნულზე არიან მიღებული კანონების რაოდენობის მიხედვით. 2020-2023 წლებში პარლამენტმა მათ მიერ ინიცირებული თითო კანონპროექტი მიიღო.
აქვე აღვნიშნოთ, რომ ორივე დეპუტატი- სუმბატ კიურეღიანი და სამველ მანუკიანი, როგორც 2023 წელს, ასევე 2024 წელს მხარი დაუჭირეს “აგენტების კანონს”.
სამველ მანუკიანის დაპირება, რომ ხალხის პრობლემები ხელისუფლების მაღალ წრეებში უნდა წამოეყენებინა, უცნობია, როგორ უნდა განხორციელებულიყო, იმ შემთხვევაში, თუ იგი პარლამენტის წევრის უფლებამოსილებებს არ გამიყენებდა და ერთ-ერთი ყველაზე პასიური პარლამენტარი იქნებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი დაპირება, რომელიც რეგიონის პრობლემების შესახებ საკანონმდებლო ორგანოს მეტ ინფორმირებასა და მოგვარებას გულისხმობდა, ამ დრომდე შეუსრულებელი დარჩა.