Latest posts by Aliq Media (see all)
ომის დროს ლორეს რაიონის სოფლებში – მეწ (დიდი) აირუმსა და ფოქრ (პატარა) აირუმში კვლავ დევნილთა რამდენიმე ოჯახი ჩამოვიდა. ოცდაათი წლის შემდეგ ისევ განმეორდა ის, რაც აქ მცხოვრებთათვის ღია და მოუშუშებელ ჭრილობად რჩებოდა. ახალმოსულები საკუთარ ჭერქვეშ ან მეზობლად დააბინავეს. ზოგი მათგანი ნათესავი და მეგობარი იყო, ზოგიც კი ისეთი არცახელი, რომელიც სომხეთში არასდროს იყო ნამყოფი. აქ მომრავლდა ისტორიები ომის, გადასახლების, მიტოვებული სახლებისა და დასახიჩრებული ბედისწერის შესახებ.
სამი ომის მომსწრე და უკვე მეორედ ლტოლვილის სტატუსის მქონე არმინე მეწ (დიდი) აირუმში 10 ოქტომბერს ჩავიდა. მანამდე იჯევანში დეიდას სახლში ცხოვრობდა, შემდეგ კი მეუღლის დეიდის სახლში გადავიდა. სახლიდან სახლში – სამი არასრულწლოვანი შვილით ხელში, ქმარი კი წინა ხაზზე იყო.
ისევე, როგორც ბევრ ადამიანს, არმინესაც შიშის ზარი პირველი გასროლისთანავე დაეცა. შეშინებულმა დაურეკა ქმარს, რომელმაც დაარწმუნა, რომ „არავითარი ომი არ არის“. დრმბონის საბადოსკენ მიმავალ ავტობუსში მყოფ მამაკაცებს სროლის ხმა არ გაუგიათ.
„როგორც კი სამსახურში მიაღწიეს ყველანი ერთბაშად წინა ხაზზე წაიყვანეს. სოფელ აკნაბერდში რამდენიმე მამაკაცი დარჩა. ჩვენ კი, ქალები და ბავშვები დახმარების მოლოდინში ვიყავით. გამუდმებით ბომბავდნენ, არ ვიცოდი ბავსვებიდან რომელს ჩავხუტებოდი. ჩემი ძმა მოვიდა და ზუსტად 27 სექტემბერს წაგვიყვანა ზარდახაჩში (მარტაკერტის რაიონი) ჩემს მშობლიურ სახლში. დილით იქიდანაც გადავწყვიტეთ წამოსვლა. გზა უკვე გადაკეტილი იყო, აფეთქებული, ქარვაჭარის გზით, ტყით უნდა წამოვსულვიყავით. საღამოს ბომბი ისევ ჩამოაგდეს, კიდევ ერთი ბომბი – გეტავანში, ხიდის ასაფეთქებლად. მაგრამ არ აფეთქდა. ისე დავიბენი, რომ იმ ალიაქოთში და ტირილ-ტირილში ჩემი ერთ-ერთი შვილი დამავიწყდა. დანარჩენი ორი ტიროდა, ხელში მყავდა აყვანილი, კარი რომ დავხურე, მაშინ მოვედი გონს და მივხვდი, რომ ჩემს მეორე ქალიშვილს სახლში ეძინა“, – ყვება ომის პირველი დღის დეტალებს ახალგაზრდა ქალი და ცდილობს, არაფერი გამორჩეს.
არმინე ასრიანი 35 წლისაა. აკნაბერდში ქირით ცხოვრობდნენ. მისი ქმარი, 42 წლის გაგიკ ბაღიანი დრმბონის საბადოში მუშაობდა, თვითონ კი ნაქირავებ პატარა მაღაზიაში ვაჭრობდა და, როგორც თავად ამბობს, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა წინ მიიწევდნენ.
აკნაბერდი ერთ-ერთია იმ მცირე სოფელთაგან, რომელიც მოწინააღმდეგე მხარის კონტროლის ქვეშ არ მოექცა. სოფელში 120-მდე შინამეურნეობაა. ომის შემდეგ ბევრი ადამიანი დაუბრუნდა სოფელს, მაგრამ არმინე არცახში ცხოვრებაზე აღარ ფიქრობს. განუწყვეტლივ ერთსა და იმავეს იმეორებს. „უბრალოდ, სიტყვებით შეუძლებელია იმის ახსნა, თუ რა გზა გამოვიარეთ, რა საშინელება გადავიტანეთ“.
„ამ ყველაფრის მერე როგორ უნდა ვიფიქრო უკან დაბრუნებაზე? ჩემმა სამმა ქალიშვილმა როგორ უნდა იცხოვროს რუსებსა და აზერბაიჯანლებში? მაშინაც ოთხივე მხრიდან აზერბაიჯანლებით ვიყავით გარშემორტყმული. მაგრამ ახლა წრე უფრო შევიწროვდა, მატაღისისა და თალიშის აღების შემდეგ უფრო მოგვიახლოვდნენ. შეიძლება ღამით მოვიდნენ და დაგვხოცონ. ძალიან მეშინია, რომ ჩემ შვილებს ზიანს მიაყენებენ. თუკი აქედან წავალთ, ვერავინ დაგვიცავს. დაცვა რომ შეეძლოთ, ყარაბაღს დაიცავდნენ“, – გვიამბობს არმინე და დასძენს, რომ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, თუ სად იქნებიან. მაინც აღარაფერი აქვთ და ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყონ.
მისი მეუღლე გაგიკი, რომელმაც 14 წელი სამხედრო სამსახურში გაატარა, მეწ (დიდ) აირუმში ადაპტირებას ვერ ახერხებს. ამბობს, რომ ერთხელ უკვე 1991 წელს მშობლებთან ერთად იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი სამშობლო – შაუმიანი. ახლა კი მას არ სურს, რომ მისმა 15, 6 და 1,5 წლის ქალიშვილებმა იგივე ბედი გაიზიარონ. თუმცა მეორე მხრივ, ფიქრობს მათ უსაფრთხოებაზე. ამიტომაც ხელოსნობას მიმართა. ხან მანქანების შეკეთებით არის დაკავებული, ხან მშენებლობაზე მუშაობს, ხანაც მიწას ამუშავებს და ხეებს რგავს იმისათვის, რომ ოჯახის საჭიროებების დაკმაყოფილება შეძლოს.
თუკი 5 ათასი დოლარის შეგროვებას შეძლებენ, იმ სახლს იყიდიან, სადაც ქირით ცხოვრობენ.
არცახელი სომხების მხარდაჭერის პროგრამებიდან მიღებული თანხა არასაკმარისია. ერთხელ ერთჯერადად 80 000 დრამი მიიღეს, კიდევ 4 თვის განმავლობაში არმინე და ბავშვები თვიურად 68 000 დრამს მიიღებენ. „ამის შემდეგ რა იქნება“ უკვე გაურკვეველია.
„ვფიქრობდით, რომ ეს ჩვენი ბოლო ბრძოლა იყო. მაგრამ რა მოხდა? რატომ მოხდა? ასეთი ომი არასდროს გვინახავს, ეს სხვა რამ იყო“. ასე დაიწყო ჩვენი საუბარი მეწ (დიდ) აირუმში მცხოვრებ სედა დივანიანთან. „ახალმოსულებზე“ რომ ვკითხე, ცრემლები მოიწმინდა და ხელი გაგიკისა და არმინეს სახლისკენ გაიშვირა. მისი დისშვილის ოჯახია, რომელიც ლტოლვილად მეორედ იქცა. 70 წლის ქალს გადატანილის გამო თვალზე მწარე ცრემლები მოადგა.
„სომხეთში 1991 წლის 13 სექტემბერს გადმოვედით. ოთხი წელი ვიბრძოლეთ, რომ ერქეჯი არ დაგვეტოვებინა. ისინი ფულსაც კი გვთავაზობდნენ, რომ დავნებებულიყავით და მათთვის გადაგვეცა ჩვენი სახლები. როდესაც ხანლარის რაიონი რომ გადასცეს, გაყიდეს, 4 წელი ჩვენ მშიერ-მწყურვალნი, სიბნელეში, სანათის შუქზე, ბეღლებში ვცხოვრობდით და არასოდეს დავნებებულვართ. მაგრამ როგორც კი გეტაშენი დაიცალა, 6 დღეში გადმოგვასახლეს. ყველანი წამოვედით და რაც კი რამ გაგვაჩნდა, ყველაფერი დავტოვეთ: სახლი, მიწა, საარსებო წყარო. ხეხილის ჰექტრობით ბაღები გვქონდა გაშენებული: შინდის, თხილის, ვაშლის. ვაშლებს მანქანებით ვზიდავდით, თვეების განმავლობაში არ სრულდებოდა. ტყე ძროხებით, ღორებითა და ცხვრებით გავავსეთ. სოფლიდან უკრაინის მე-6 არმიამ გაგვიყვანა. არაფერი დაგვიშავეს, მათ მხოლოდ ჩვენი მიწები და სახლები უნდოდათ. ერქეჯიდან, მანაშიდიდან, ბუზლუხიდან სომხები ერთიანად განდევნეს. ეს იყო იძულებით გადასახლება, ნამდვილი გადასახლება“, – ქალბატონი სედა 30 წლის წინათ მისი ოჯახის გადატანილ ტკივილს იხსენებს.
სოფელი დატოვეს, მაგრამ ექვსი თვე შაუმიანში ცხოვრობდნენ უკან დაბრუნების იმედით. ერთ დღეს კი, როცა განადგურებული საფლავების შესახებ შეიტყვეს, იმედი დაკარგეს. მიხვდნენ, რომ უკან ვერ დაბრუნდებოდნენ. ქალბატონი სედას მრავალშვილიანმა ოჯახმა, როგორც თავად ამბობს, სომხეთამდე როგორღაც მიაღწია.
„ალავერდის სპილენძის მაღაროების შესახებ წიგნებში მქონდა წაკითხული. ანუში, მარო, მიკიტან საქო… დებედაზე რომ ვკითხულობდი, ჩემ თავს ვეუბნებოდი: ნეტავ ერთ დღეს სომხეთში ჩავიდე და ვნახო. სწორედ აქ მოვედით, მეწ (დიდ) აირუმში. თავისუფალი სახლი არ იყო. ბაქოდან და კიროვაბადიდან ჩამოსულებს უკვე ყველა სახლი დაეკავებინა. ჩვენ გვერგო ნახევრად დანგრეული სარდაფი, რომლის აზერბაიჯანელი პატრონი საქართველოდან ჩამოდიოდა ხოლმე თავისი დანგრეული სახლის გასაყიდად ან გამოსაცვლელად. ჩვენ კი წასასვლელი არსად გვქონდა და დანგრეული სახლი 8 ათას მანეთად ვიყიდეთ. სკოლის დირექტორმა ერთი გატეხილი სკამი და მაგიდა მოგვცა. ეგ იყო და ეგ. ვიმუშავეთ, ნელ-ნელა შევქმენით. შვილები გავზარდეთ, განათლება მივეცით. ახლა გვაქვს ბაღები, გვყავს პირუტყვი, მიწის ახალი ნაკვეთები შევიძინეთ, ყველაფერი გვაქვს. ჩემი სახლი რომ ნახოთ, ეზოში გასვლა არ მოგინდებათ, ნამდვილი სამოთხეა, – დაუფარავი სიამაყით გვიყვება სედა დივანიანი და გვეკითხება, – ახლა ნეტავ შევძლებთ ამ ყველაფრით ტკბობას, თუ აქედანაც გაგვდევნიან და ისევ დავტოვებთ, ისევ გავიქცევით? კი მაგრამ სად?“
ომის შემდეგ ამ კითხვებს ხშირად უსვამს საკუთარ თავს ან თავის შვილს და პასუხს ვერ პოულობენ. ერთი რამ ნამდვილად იციან: ახლა ეს არის სამშობლო, აქ ცხოვრობენ, ქმნიან და აშენებენ ახალს.
„ამ წლების განმავლობაში ერთხელაც კი არ დამსიზმრებია აირუმი, არ მინახავს აქაური მაცხოვრებლები. სიზმარში მხოლოდ იქაურ სოფელს, სახლსა და ხალხს ვხედავ. სიზმრებში მუდამ იქ ვარ“- მღელვარებისგან ქალბატონ სედას ხმა უქრება, საუბარი წყდება.
აირუმში ყველა ოჯახს ასეთი ისტორია აქვს. მხოლოდ დროა განსხვავებული, დანარჩენი იგივეა: ომი, იძულებითი გადასახლება, მიტოვებული სახლები, ცხოვრების სხვაგან დაწყების რეალობა.
„მტრობა არ გამქრალა. ძაღლს დავუმეგობრდი, მაგრამ ჯოხს ხელიდან ნუ გააგდებო. ეს ხომ ვიცით, ჩვენი თვალით გვაქვს ნანახი – ამბობს 81 წლის გვაიურა ასლანიანი და თითქოს საკუთარი ნათქვამის დასადასტურებლად აგრძელებს, – პირველი ომის დროს ჩემი დიშვილი მძევლად აიყვანეს, აქამდე არ გამოჩენილა, ყოველ დღეს ტირილსა და გლოვაში ვატარებთ. ჩემი ბიძაშვილი იმ მეორე ომში დაიღუპა, მისი შვილი კი – ამ ახალში. ვის შეუძლია ამდენი ტკივილსა და დარდის გადატანა? ამის მერე კი მოდიან ჩვენს სახლებში და გვეუბნებიან, ჩვენიაო“.
გვიურა ასლანიანი, რომელიც ასკერანის რაიონის სოფელ სარდარაშენში დაიბადა და 17 წლის ასაკში საცხოვრებლად ბაქოში გადავიდა, ნოსტალგიით იხსენებს დიდი ქალაქის ცენტრში გატარებულ თავის „ძალიან კარგ ცხოვრებას“ – ხოცვა-ჟლეტამდე 28 წლის ცხოვრებას.
„1988 წელს, როცა სომხების დევნა დაიწყო, ჩემს ქმარს მოკვლით დაემუქრნენ, რატომ აფარებ სომხებს შენთანო? ჩემი ქმარი „სტროიზავოდში“ მშენებელი იყო. ჩემმა ქმარმა უპასუხა, ყველა მუშა სომეხია და როგორ არ უნდა შევიფაროო. მას ეუბნებოდნენ езжайте вашу Армению (წადით თქვენს სომხეთში). დაგვემუქრნენ, მაგრამ ჩვენმა აზერბაიჯენელმა მეზობლებმა შეგვიფარეს. ჩემი უფროსიც ძალიან გვეხმარებოდა იმ ქაოსურ დღეებში. მე და კიდევ რამდენიმე სომეხს სახლში გვაცილებდა და გვეუბნებოდა, რომ თვითონ აზერბაიჯანულად ილაპარაკებდა, ჩვენ კი ხმა არ უნდა ამოგვეღო, რომ ვერ გაეგოთ, თუ ვინ ვიყავით,“ – ამბობს ქალბატონი გვაიურა, რომელსაც მეწ აირუმში ახლა უკვე ყველა გალიას ეძახის.
სუმგაიტის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ყოველი წამი საბედისწერო იყო. პირველ რიგში ბაქოში ორი ბინის გაცვლის საკითხი უნდა გადაეჭრათ. თავიდან გადაწყვიტეს სპიტაკის რაიონის სოფელ ღურსალში გადასულიყვნენ, ორ ქალაქს შორის ეცხოვრათ, რათა ბავშვებს სომხური ესწავლათ. ქალბატონი გალია იხსენებს, რომ ბინის გადაცვლის საკითხებზე სპიტაკის „რაიკომის“ შენობაში იყო, როდესაც ქალაქი გამანადგურებელმა მიწისძვრამ შეარყია. თავად გადარჩა, მაგრამ მისი გადაცვლილი სახლიდან მხოლოდ ნანგრევები დარჩა. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმის მიუხედავად, გვაიურა ასლანიანი მოსკოვში ჩავიდა, სსრკ მინისტრთა საბჭოში მივიდა მეორე ბინის გაცვლის საკითხის მოსაგვარებლად, რათა ქმართან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად უსახლკაროდ არ დარჩენილიყო. საბოლოოდ მოახერხა ბაქოში მდებარე მეორე ბინა მეწ აირუმის სახლში გადაეცვალა. ამბობს, რომ დღემდე მადლიერია მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, ნიკოლაი რიჟკოვის.
„იცით, რა რთული იყო ქალაქის შემდეგ სოფელში ცხოვრება, თანაც ნანგრევებში? აქ ქალაქის ცენტრიდან გადმოვედი. მეტრო და ავტობუსის გაჩერება ჩემი სახლის გვერდით იყო. იქიდან ამ სოფელში ჩამოვედი. ძალიან მინდოდა რუსეთში წასვლა. მაგრამ ამან (ქმრისკენ იხედება) ნება არ დამრთო, აქ იყავი და შვილებს მიხედეო“, – იხსენებს 81 წლის ქალბატონი გალია.
დიდი ქალაქის ცენტრში ფუფუნებაში მცხოვრებმა ქალმა ქმართან და 16 წლის ვაჟთან ერთად მიწის დამუშავება დაიწყო. ქალიშვილი პატარა იყო, მე-5 კლასში სწავლობდა. დევნილი ქალბატონი ამბობს, რომ ეს ყველაფერი მათი ვაჟის დამსახურებაა. ქალაქში დაბადებულ-გაზრდილმა მთელი სიმძიმე თავის მხრებზე იტვირთა, მშობლები აიძულა მიწის ახალი ნაკვეთები აეღოთ და დაემუშავებინათ.
ახლა ოჯახი მებაღეობითა და მიწათმოქმედებით არის დაკავებული. აქვთ ატმისა და კარალიოკის ბაღები. ყველაფრით კმაყოფილნი არიან, თუმცა ქალბატონ გალიას საფიქრალი ბევრი აქვს: მისმა ქალიშვილმა ოჯახის სახლი და მთელი ქონება ქალაქ შუშიში დატოვა.
1988 წელს აირუმიდან წასულმა აზერბაიჯანლებმა ყველაფერი თან წაიღეს. აირუმის მაცხოვრებლები ყვებიან, რომ ვისაც სახლი ჯერ კიდევ გადასაცვლელი ან გასაყიდი ჰქონდა, აქედან წასვლის შემდეგაც ხშირად ჩამოდიოდნენ. ადგილობრივები მათ არ ავიწროებდნენ.
მეწ (დიდი) აირუმის ცენტრში, სკოლის მახლობლად, აზერბაიჯანელთა სასაფლაოა. წლების განმავლობაში ღობე და რამდენიმე ქვა მოიპარეს, მაგრამ საფლავები არ წაუბილწავთ და არ გაუნადგურებიათ.