Latest posts by Aliq Media (see all)
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის ისტორიული იქნება. პირველ რიგში, თავისი არსით, ეს არჩევნები პრაქტიკულად რეფერენდუმის ტოლფასია, რადგან მის შედეგებზე იქნება დამოკიდებულება საით წავა ქვეყანა – ევროატლანტიკური მიმართულებით, თუ რუსეთის იმპერიალიზმისკენ.
გარდა ამისა, 26 ოქტომბრის არჩევნები ტექნოლოგიურადაც ისტორიული იქნება. 2024 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული აპარატების გამოყენებით მისცემს.
ცესკოში აცხადებენ, რომ კანონმდებლობით ვალდებულება აქვთ, რომ ელექტრონული წესით არჩევნები საარჩევნო უბნების არანაკლებ 70%-ში ჩაატარონ, თუმცა ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება და განსაზღვრა გარკვეული კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც, თუ საარჩევნო უბნები საოლქო კომისიიდან 20 კილომეტრის რადიუსშია და უბანზე 300 ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული, მაშინ ასეთ უბნებზე არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდება. 2024 წლის არჩევნებისათვის შექმნილი საარჩევნო უბნების ჩამონათვალი, სადაც ახალი და ძველი მეთოდებით ტარდება არჩევნები იხილეთ აქ.
არჩევნებში გამოყენებული იქნება ორი ძირითადი მოწყობილობა. ვერიფიკაციის აპარატი- იგი გამოიყენება ამომრჩევლის ვერიფიკაციისათვის და სრულად ანაცვლებს ტრადიციულ სამაგიდე სიებს. რაც შეეხება ხმის დათვლის სპეციალური აპარატს, მისი უმთავრესი ამოცანა, ამომრჩევლის ხმის ფარულობის დაცვა და ასევე, საზოგადოებისთვის არჩევნების წინასწარ შედეგების უმოკლეს ვადაში გაცნობაა. ეს აპარატები მუშაობენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და არა აქვთ ინტერნეტთან კავშირი.
ვერიფიკაციის აპარატი ჩაანაცვლებს სამაგიდე სიებს. ადრე თუ სამაგიდე სიებით ხდებოდა ამომრჩევლის რეგისტრაცია, ამ შემთხვევაში ამომრჩეველი ელექტრონულად გაივლის რეგისტრაციას. თითო უბანზე 2-დან 5-მდე ვერიფიკაციის აპარატი იქნება, ეს დამოკიდებულია ამომრჩეველთა რაოდენობაზე. აპარატები ერთმანეთთან სინქრონიზებულია და ნებისმიერ ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა მივიდეს თავისუფალ რეგისტრატორთან. მას ანბანურად განსაზღვრულ რეგისტრატორთან მისვლა და რიგში ჩადგომა აღარ მოუწევს. ეს საარჩევნო პროცესს ძალიან დააჩქარებს.
რაც შეეხება ხმის მიცემის ელექტრონულ სკანერს, იგი ეგზიტპოლების ჩამნაცვლებლად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. საარჩევნო უბანზე ასევე იქნება პლანშეტური კომპიუტერი, რომელიც ცესკოს დაცულ სერვერზე უმოკლეს დროში გადააგზავნის უბანზე დაფიქსირებულ აქტივობებს და კენჭისყრის წინასწარ შედეგებს. ელექტრონულ სკანერით ხმის მიცემისას ხდება ბიულეტენების დასკანერება, რაც საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას უმოკლეს დროში უზრუნველყოფს.
26 ოქტომბერს საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნება. უბანზე მისვლისას რიგის მომწესრიგებელი შეამოწმებს ამომრჩეველს აქვს, თუ არა გავლილი მარკირება. ამის შემდეგ ამომრჩეველი უნდა მივიდეს რეგისტრატორთან. ამ არჩევნებში რეგისტრატორს უკვე აღარ აქვს სამაგიდო სიები, ამიტომ ამომრჩეველს შეუძლია მიმართოს ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორს. მან უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა ან პარასპორტი. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული ე.წ ლამინირებული პირადობები გაუქმებულია და მათი მეშვეობით არჩევნებზე მონაწილეობა არ არის შესაძლებელი. როცა რეგისტრატორი დაადასტურებს, რომ ნამდვილად სწორ უბანზე არის ამომრჩეველი, გააკეთებს მარკირების, აპარატიდან ამბეჭდავს ქვითარს, სადაც ამომრჩეველმა ხელი უნდა მოაწეროს, ეს ქვითარი რჩება რეგისტრატორთან. რეგისტრატორი ამომრჩეველს გადასცემს ბიულეტენს და ჩარჩო კონვერტს. რეგისტრატორი გააფერადებს ბიულეტენზე საცდელ წრეს, რათა ამომრჩეველს აჩვენოს როგორ უნდა დააფიქსიროს არჩევანი. ამის შემდეგ ამომრჩეველი მიდის კენჭისყრის ფარული კაბინეტში, სადაც ფოტო-ვიდეოს გადაღება აკრძალულია. ამომრჩეველი კაბინაში სასურველი პოლიტიკური სუბიექტის გასწვრივ არსებული წრე უნდა გააფერადოს. კაბინიდან გამოსვლის შემდეგ უნდა წავიდეს ელექტრონულ ხმის დამთვლელ აპარატთან, არ გადაკეცოს ბიულეტენი და პირდაპირ უნდა ჩადოს კონვერტში ისე, რომ დაცული იყოს ფარულობა. ამის შემდეგ უნდა ამოატრიალოს ბიულეტენი და კონვერტის დახმარებით მარტივი მოძრაობით ის შეაცუროს ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში. დაელოდოს რამდენიმე წამი, რომ დარწმუნდეს აპარატმა ნამდვილად მიიღო ბიულეტენი, ამის შემდეგ კონვერტი უნდა დატოვოს მაგიდაზე და გავიდეს საარჩევნო უბნიდან.
ცესკოში ამბობენ, რომ 2023 წლის ოქტომბერში ჩატარებულმა შუალედურმა არჩევნებმა დაგვანახა ელექტრონული აპარატების უპირატესობები, კერძოდ: იგულისხმება სწრაფი ვერიფიკაცია, რიგების არ არსებობა, შედეგების უმოკლეს დროში გასაჯაროვება, ხმის დაცულობა და ადამიანურ ფაქტორის გამოწვეული უზუსტობების არ არსებობა.
ოპოზიციონერები ფიქრობენ, რომ ელექტრონული აღრიცხვის მექანიზმი ბევრ პრობლემას ერთი შეხედვით აგვარებს, თუმცა კვლავაც ძალაში ტოვებს მთელ რიგ ინსტრუმენტებს გაყალბებისთვის. მათ შორის “კარუსელის” დატრიალების შესაძლებლობასაც, როცა ერთი და იგივე ადამიანი რამდენიმე უბანზე მიდის და ხმას აძლევს. რჩება საარჩევნო სიებით მანიპულირების შესაძლებლობაც. 2024 წლის არჩევნებში ორივე აპარატი, როგორც საიდენტიფიკაციო, ისე ხმის მთვლელი ელექტრონული მოწყობილობა კომისიის იმ წევრების ხელში იქნება, ვისაც ირჩევს ან ნიშნავს ცესკო.
არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”-ს (ISFED) სამართლებრივი ექსპერტი გიორგი მონიავა ამბობს, რომ ტექნოლოგიების გამოყენებას, ისევ როგორც ტრადიციული მეთოდით არჩევნების ჩატარებას გამოწვევები ახლავს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ როგორც გამოცდილება გვიჩვენებს დარღვევების დიდი ნაწილი წინასაარჩევნო პერიოდში ხდება, მათ შორის ისეთი დარღვევები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ საბოლოო შედეგებზე.
“ვგულისხმობ ამომრჩეველთა ნების კონტროლს, უცხო სახელმწიფოების სტრუქტურების ჩართულობას, ხმების მოსყიდვას, ძალადობას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და ასე შემდეგ”. ამბობს გიორგი მონიავა.
რაც შეეხება არჩევნების დღეს მანიპულაციების რისკებს, მონიავა ამბობს, რომ მანიპულაციის საფრთხე თეორიულად არსებობს, მაგრამ ეს არსებობდა ტრადიციული წესით ჩატარების დროსაც. მისი მტკიცებით, ზოგიერთი საფრთხე და გამოწვევა, რაც იყო ტრადიციული არჩევნების ჩატარების დროს, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების ჩატარების დროსაც იარსებეს. მონიავა იმასაც ამბობს, რომ ე.წ “კარუსელის” გაკეთება წელს, ტრადიციული წესით ჩატარებული არჩევნებთან შედარებით უკიდურესად რთული იქნება.
პარტია “დროა”-დან ქეთი ბარბაქაძე ამბობს, რომ თუკი ადრე კოორდინატორები აკონტროლებდნენ სიას მოსული ამომრჩევლის, რომელიც მათ იცოდნენ, რა თქმა უნდა მათი მხარდამჭერების ვინაობა და ამას ფურცელზე აკეთებდნენ აღრიცხვას, დღეს უკვე ეს შეიძლება ელექტრონულად კონტროლდებოდეს, იმიტომ რომ ამ სიას ცესკო ხედავს.
ამ თემასთან დაკავშირებით, გიორგი მონიავა ამბობს, რომ ფაქტები იმასთან დაკავშირებით არ არსებობს, რომ ტექნოლოგიები რაიმე კუთხით შეიძლება გამოყენება იქნას რეალურად ამომრჩევლის კონტროლის ან, რომ გაიგონ რომელმა ამომრჩეველმა ვის მისცა ხმას. ის ამბობს, რომ ამის გაკეთება რეალურად შეუძლებელია. მისი მტკიცებით, ამომრჩევლის ხმა არის ფარული და მისი არჩევანის გასაჯაროების არცერთი თეორიული ვარიანტი არის.
“ლელო საქართველოსთვის” პარტიას ცესკოს წევრი, გიორგი სიორიძე ამბობს, რომ ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებით მანიპულაციის განხორციელებასაც არის შესაძლებელი. „თეორიულად შესაძლებელია, რომ პირი იყოს დუბლირებული რამდენიმე უბნის სიაში მხოლოდ თეორიულად, ერთ უბანზე თუ აპარატი მეორედ ხმის მიცემის შემთხვევაში სიგნალს გამოსცემს სხვა უბანზე გამომდინარე იქიდან, რომ იქ სხვა უბნის სია ამ სიგნალს არ გამოსცემს და თეორიული შანსი ამისა არსებობს“, ამბობს სიორიძე. სიორიძე, ასევე არ გამორიცხავს ე.წ ამომრჩეველის კარუსელის მეთოდის გამოყენება.
გიორგი მონიავა ხაზს უსვამს იმას, რომ როგორი საფრთხეები იყო ტრადიციული არჩევნების დროს, ყველა საფრთხე აქტუალურია ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების დროს. ის ამბობს, რომ ერთი მხრივ მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს თავის არჩევანი, რადგან რაც მეტი არის აქტივობა არყვნევინებთ, მით უფრო ნაკლები არის თეორიული შანსი იმისა, რომ არჩევნებში მანიპულაციები განხორციელდება.
ISFED-ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში დეტალურადაა საუბარი მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე, პოლიტიკური პარტიების საქმიანობასა და მედიაგარემოზე.
“ხმის მიცემის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა დადებითი გავლენა მოახდინოს კენჭისყრის პროცესზე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, ქვეყანა მზად შეხვდეს ამ მასშტაბის სიახლეს”, – აცხადებს ISFED.
ISFED-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ე.წ რუსული კანონი განსაკუთრებით ნეგატიურად იმოქმედებს იმ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, რომლებიც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგს გეგმავენ.
აღნიშნულია ისიც, რომ ორგანიზაციათა ნაწილი შესაძლოა მუშაობის იძულებით შეწყვეტის საფრთხის წინაშე დადგეს.
ორგანიზაციის თქმით, ამ ვითარებაში, საზოგადოების მხრიდან საარჩევნო პროცესების შეფასებისა და ნდობის მიზნით, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება არჩევნების მიუკერძოებელ დაკვირვებას.
2023 წლის 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატის, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატების, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერების არჩევის გამართულ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე საპილოტო ელექტრონული არჩევნები ჩატარდა, კენჭისყრა ელექტრონული წესით ჩატარდა 165 უბნიდან, 117-ში.
2023 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები და გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა. ელექტრონული ტექნოლოგიები 133-დან 103 საარჩევნო უბანზე იყო გამოიყენებული (ამომრჩევლების 85%).
ISFED-ი აპრილში ჩატარებულ არჩევნებს ძირითადად მხოლოდ ელექტრონული კენჭისყრის პროცესის შესასწავლად მეთვალყურეობდა.
ISFED-ი შემაჯამებელ ანგარიშში წერს, რომ საარჩევნო პროცედურები უმეტესად გამართულად ჩატარდა. ელექტრონულმა ტექნოლოგიებმა დააჩქარა ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი. “თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე კომისიამ წინასწარი შედეგების ქვითარი ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული აპარატებიდან უპრობლემოდ ამობეჭდა და ბიულეტენების დათვლის პროცესი საჯაროდ და გამჭვირვალედ ჩატარდა. საარჩევნო მასალები კანონით დადგენილი წესით დაილუქა“.
„სამართლიანი არჩევნები“ ასევე აღნიშნავს, რომ ელექტრონული არჩევნების შემთხვევაში, ბევრად უფრო მოწესრიგებულია ე.წ. ბათილი ბიულეტენების საკითხი, რადგან „ადამიანური ფაქტორი, სუბიექტური დამოკიდებულება უფრო მეტად გამოირიცხა” . დადებით მაგალითად, ISFED-ს მოჰყავს ის, რომ ბიულეტენი ბათილად აღარ ჩაითვლება – თუკი მასზე არ იქნება რეგისტრატორის ბეჭედი, რაც ზოგჯერ აჩენდა ეჭვებს, რომ – ამგვარ “შეცდომებს” რეგისტრატორები გამიზნულად უშვებდნენ.
ISFED-ის შეფასებით, თვალშისაცემი პრობლემა ტექნოლოგიების ცოდნის ნაკლებობა იყო – არა მხოლოდ ამომრჩევლებს, არამედ კომისიის წევრებს შორისაც.
“უკონკურენტო არჩევნების პირობებშიც კი, მმართველ პარტიას უარი არ უთქვამს ამომრჩევლის მობილიზებისა და აღრიცხვის პრაქტიკაზე. ხშირ შემთხვევაში ეს, ასევე, საარჩევნო უბნის მიმდებარედ, 100 მეტრის მანძილზე ხდებოდა, რაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია“, – წერია ISFED ანგარიშში, 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების შესახებ.
აქვე აღვნიშნოთ, იმისთვის, რომ საარჩევნო უბნები ტექნიკურად გამართული იყოს და კადრების ნაკლებობაც არ იყოს, ცესკომ 8 ივლისიდან საგანმანათლებლო პროექტი „ცესკოს საარჩევნო სკოლები“ დაიწყო. ამ პროექტის დაწყებამდე კი ინტენსიურ რეჟიმში ტრენერთა ტრენინგი (ToT) ჩაატარა.
„საარჩევნო ტექნოლოგიების ინტერვენციამ ადმინისტრაცია მრავალი გამოწვევის წინაშე დააყენა, მათ შორის ერთ-ერთი იყო კვალიფიციური საკადრო რესურსი. სწორედ ამიტომ, პროექტის უმთავრეს მიზანს საარჩევნო საკითხებთან და განსაკუთრებით, ტექნოლოგიებთან დაკავშირებით მონაწილეების ცნობიერების ამაღლება, ხოლო მეორე მხრივ, პოტენციური საარჩევნო ადმინისტრატორების გადამზადება წარმოადგენს. საარჩევნო სკოლის წარმატებით განხორციელებისთვის კი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გადამზადების ციკლი იმ პოტენციური ტრენერებისთვის, რომლებიც შემდგომ ჩაერთვებიან ამ პროექტში და მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაამზადებენ მონაწილეებს“, – ToT-ის გახსნისას განაცხადა ცესკოს ხელმძღვანელმა გიორგი კალანდარიშვილმა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, როგორც არჩევნების ტრადიციული მეთოდით ჩატარების დროს, ასევე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყნებეით ჩასატარებელ არჩევნებზე, არჩევნების წინასწარ შედეგზე ზემოქმედების რისკი შესაძლებელია. მაგალითად, ამომრჩეველთა გულის მოგების მეთოდი, ამომრჩევლის მოსყიდვის მეთოდი, შიშის დანერგვის მეთოდი და ა.შ. შეგვიძლება ვივარაუდოთ, რომ არჩევნების დროს ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების შედეგების მანიპულირების რისკი თეორიულად არ არსებობს. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების დროს ხმის მიცემა ფარული იქნება. ფარულობა მხოლოდ შეიძლება დაირღვეს იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი გააჟღერებს საკუთარ არეჩევანს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ხმის და არჩევანის დაცვის ერთადერთ და საუკეთესო საშუალებად კვლავაც არჩევნების დროს ამომრჩევლის მაღალი აქტიურობა რჩება.