Latest posts by Aliq Media (see all)
ვინც პირველად ხედავს სოფია ჰოჰანისიანს, იგივე კითხვას სვამს: „შენში ქართული სისხლი ჩქეფს? “
პასუხის გარეშეც ცხადია. მაღალი, ქართველთათვის დამახასიათებელი გამომხატველი სახის ნაკვთებით სოფია ქართველი სოფიკო ბებოს შვილთაშვილია.
ოჯახში თითქმის ყოველდღე იხსენებენ ცხონებულ ბებიას, მისი ცხოვრების ისტორიას კი საყვარელი ფილმივით ყვებიან და არასოდეს იღლებიან.
სოფიკო ბებო დაიბადა და გაიზარდა თბილისში, გასული საუკუნის პირველ ნახევარში. განათლებაზე, დამწერლობასა და ლიტერატურაზე ბებია ნაკლებად ჰყვებოდა. როგორ უნდა მოეყოლა, როცა 14 წლის ასაკში გაათხოვეს, ბავშვობა შეუწყვიტეს. ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა პირველი შვილი გააჩინა.
ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში მყოფი სოფიკო, შვილით ხელში დაქვრივდა.
გიუმრელი გარეგინ ჰოვანისიანი თბილისში სწავლობდა. მაშინ არც კი წარმოიდგენდა, რომ განათლების მიღების გარდა საქართველოში საკუთარ ბედს იპოვნიდა. შეხვდა სოფიკოს და შეუყვარდა. „ბაბუას უთქვამს: ეს არის, რაც არის. ეს გოგო ჩემი ბედია“. სოფიკო თავის პატარა ქალიშვილთან ერთად გიუმრიში რძლად მოდის.
მონაყოლებიდან ახსოვთ, რომ ბებია მეორე ქორწინებით კმაყოფილი იყო „დილა-საღამოს მადლობას უხდიდა „ღმერთს და გარეგინს, იმისათვის რაც წილად ხვდა“.
შვილიშვილები ამბობენ, რომ ბებია საოცარი პოზიტიური ენერგიით, ყოჩაღი, საკუთარი თავისა და სხვების გაბედნიერების უნარის მქონე ქალი ყოფილა.
თუ როგორ ახერხებდა თუნდაც დაწყებითი განათლების არმქონე ქალი სომხურ-ქართული ტრადიციების, წეს-ჩვეულებების, ცხოვრებისა და ყოველდღიურობის ასე ბრძნულად შერწყმა, მისი შვილიშვილებისთვის დღემდე საიდუმლოა. როგორც ქართველი ასული აღზარდა სომეხად, ისე სამი სომეხი შვილი – ქართველად.
ამბობენ, ყველა ხალხურ და რელიგიურ დღესასწაულს, ქართულსაც და სომხურსაც, ბებია ერთნაირი ზედმიწევნით აღნიშნავდა.
იხსენებენ, თუ წელიწადში ორჯერ ნათლობა-წვეულების გარეშე, დაუპატიჟებლად როგორ მოდიოდნენ ბიძები ოჯახებთან ერთად და ერთი თვე სტუმრობდნენ. თვითონ სომხურს სწავლობდნენ, აქ კი ქართულს ამკვიდრებდნენ.
ბებია უკვე ცოცხალი აღარ იყო, როცა სოფია დაიბადა, რომლის მამის ოცნება ქალიშვილის ყოლა და ბებიის სახელის დარქმევა იყო. ვისაც სოფიკო ბებია ნანახი ჰყავდა, გაოგნებული რჩებოდა, თუ ასე გამორჩეულად როგორ გამოვლინდა მისი გენები. თითქოს ერთი და იგივე ადამიანია, იგივე გარეგნობით, იგივე ხასიათით.
მიუხედავად იმისა, რომ სოფიას მხოლოდ სმენია ბებიაზე, ქართულ ძახილს ძალზე ძლიერად გრძნობს სულში. ბებიასავით კარგი დიასახლისია, მისწრაფებული, მოსიყვარულე და მაბედნიერებელი. ამბობს, რომ ყველაფერს ასწრებს. როგორც კარიერაში, ასევე ოჯახში ყველაფრის თავის ადგილზე დაყენების უნარისთვის სოფიკო ბებოს გენის მადლობელია.
სოფიას ქართული სამზარეულოს უწყვეტი დღეები აქვს. საჭმლის მომზადებისას შვილებს უყვება სოფიკო ბებოზე და თავიანთ გარკვეულწილად ქართველობაზე. იცის, რა უნდა გააკეთოს, რომ ხინკალს, ხაჭაპურს, საცივს ისეთი სურნელი ჰქონდეს, რომ თავი საქართველოში იგრძნო.
სოფია თავის ძმასთან შალიკოსთან ერთად ყოველ ჯერზე სოფიკო ბებიის საფლავზე მისვლისას იმეორებს მის მიერ მიცემულ პირობას, რომ მათი შთამომავლები არასდროს დაივიწყებენ საიდან არიან წარმოშობით.