სომხეთის ენერგეტიკული შესაძლებლობები

სომხეთში არსებობს ელექტროენერგიის მწარმოებელი 371 მსხვილი და პატარა კომპანია. 2023 წელს მათ გამოიმუშავეს დაახლოებით 8,8 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, რამაც უზრუნველყო შიდა მოთხოვნა და ამასთან 2,4 მილიარდი კვტ/სთ ექსპორტი განხორციელდა საქართველოსა და ირანში.

ბოლო წლებამდე ელექტროენერგიის მწარმოებელი სამი ტიპის კომპანია გვქონდა: „სომხეთის ატომური ელექტროსადგური“, თბოელექტროსადგურები და ჰიდროელექტროსადგურები. ბოლო წლებში ამ სამს კიდევ ერთი მათგანი დაემატა: მზის ელექტროსადგურების სისტემა.
თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოების ძირითად წყაროდ კვლავ პირველი სამი რჩება. წლების განმავლობაში ეს სამი კომპანია არა მხოლოდ ჩვენი ელექტროენერგიის მოთხოვნას უზრუნველყოფდა, არამედ სისტემაში ისეთი გადანაწილება და ხვედრითი წონა ჰქონდა, რომ ერთი სადგურის მუშაობის დროებით შეწყვეტის შემთხვევაში, დანარჩენ ორს შეეძლო საკმარისი რაოდენობის ელექტროენერგიის მიწოდება. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ე. წ. ბნელ და ცივ წლებს, რადგან მაშინ სხვა პრობლემის წინაშე ვიდექით.

2,7 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია 32 % 3.7 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია 43.8 %

ამრიგად, სომხეთის აეს-მა 2023 წელს 2,7 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია აწარმოა, რამაც მთლიანი რაოდენობის 32 პროცენტი შეადგინა. ოთხმა თბოელექტროსადგურმა – „ჰრაზ თესმა“, „გაზპრომ არმენიის“ ორთქლ-გაზის ციკლით ელექტროენერგიის მწარმოებელმა ელექტროსადგურმა „ჰრაზდან-5“, „ერევანის თესმა“ და „არმფაუერმა“,3.7 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, ანუ 43.8 პროცენტი აწარმოა.

ამდენად, ჩვენი ელექტროენერგიის წარმოების 76 პროცენტი ატომურ ელექტროსადგურსა და თბოელექტროსადგურებს ეკუთვნის. ესეც კი საკმარისია იმის სათქმელად, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოების ან ენერგეტიკული მოთხოვნების დაკმაყოფილების თვალსაზრისით, სომხეთი არ არის თვითკმარი ქვეყანა, რადგან ელექტროენერგიის წარმოებისთვის ნედლეული – ბირთვული საწვავი და გაზი ძირითადად რუსეთიდან შემოდის.
განახლებადი ენერგეტიკული რესურსების გამოყენებით ელექტროენერგიის წარმოების სადგურებში გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობამ (30 მგვტ-მდე) შეადგინა 1 მილიარდი კვტ/სთ, რაც შეადგენს 12,9 პროცენტს. ეს მოიცავს მცირე ჰესებისა და მზის ელექტროსადგურების მიერ წარმოებულ ელექტროენერგიას.

ჰესები

სომხეთში ჰესები ორ ჯგუფად იყოფა: ორ დიდ კასკადად და მცირე ჰესებად. უსხვილესი კომპანიებია „საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ და „კონტურ გლობალ ჰიდრო კასკადი“. 2023 წელს მათ აწარმოეს დაახლოებით 942 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია.

პირველი არის მდინარე ჰრაზდანის გასწვრივ გადაჭიმული სევან-ჰრაზდანის კასკადი, რომელსაც აქვს შვიდი ჰესი: სევანის, ჰრაზდანის, არგელის, არზნის, ქანაქერის, ერევანი-1 და ერევანი-3.

გასულ წელს ელექტროენერგიის წარმოებაში სევან-ჰრაზდანის კასკადის წილმა 398,7 მლნ კვტ/სთ ანუ 4,7 პროცენტი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 2003 წელს სომხეთის აესის ბირთვულ საწვავზე დაგროვებული 25 მილიონი დოლარის ოდენობით დავალიანების დაფარვის მიზნით, სევან-ჰრაზდანის კასკადი გადაეცა „საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“, რომელიც ეკუთვნოდა რუსულ კომპანიას „ინტერ რაო იეს“-ს. 2011 წელს ის შეისყიდა დახურულმა სააქციო საზოგადოება „რუსჰიდრომ“, 2019 წელს კი – კომპანია „ტაშირმა“. ფაქტიურად, ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი ჰესი მცირე ძიების შემდეგ დარჩა რუსეთის საკუთრებაში. კომპანია „ტაშირი“ რუსულია, თუმცა მისი მფლობელი სომეხი ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანია. ამ კასკადის მიერ წარმოებული ენერგიის ტარიფი წელს 15,1 დრამით განისაზღვრა.

მეორე მსხვილი კომპანია „კონტურ გლობალ ჰიდრო კასკადი“ მართავდა ვოროტანის ჰესების კომპლექსს. მას აქვს სამი ჰესი: შამბი, ტათევი და სპანდარიანი, რომლებიც მდებარეობენ სიუნიქის ოლქის მდინარე ვოროტანზე. „კონტურ გლობალ ჰიდრო კასკადი“ ამერიკული კომპანიაა, რომელმაც ვოროტანის ჰესები 2015 წელს შეიძინა. მაშინ ეს არა მარტო ენერგეტიკაში, არამედ ზოგიერთ პოლიტიკურ წრეშიც კი მნიშვნელოვან გარიგებად ითვლებოდა, რადგან სომხეთის ენერგეტიკული სისტემა გარკვეულწილად დივერსიფიცირებული იყო. როგორც აღვნიშნეთ, ამ სფეროს უმეტეს ნაწილს რუსეთი აკონტროლებს.

გასულ წელს შეიცვალა ვოროტანის ჰესების მფლობელი, ამჟამად ის ამერიკულ კომპანია KKR-ს ეკუთვნის. „კონტურ გლობალ ჰიდრო კასკადმა“ გასულ წელს 543,2 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია ანუ 6 პროცენტი გამოიმუშავა. სხვათა შორის, ეს კომპლექსი აწარმოებს ყველაზე იაფ ელექტროენერგიას სომხეთის ენერგოსისტემაში, კვტ/სთ-ის ღირებულება 6,5 დრამს შეადგენს. ყველაზე ძვირადღირებულ ელექტროენერგიას „ჰრაზ თესი“ აწარმოებს – 30,5 დრამი.

სომხეთის მთავრობის 2011 წლის გადაწყვეტილებით, 30 მგვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის სადგურები ითვლება მცირე ჰიდროელექტროსადგურებად. საჯარო სერვისების მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით, დღეს სომხეთში 188 მცირე ჰესი ფუნქციონირებს, რომლებმაც გასულ წელს 704 კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა.

მზის ელექტროსადგურები

2007 წელთან შედარებით, გასულ 2023 წელს მზის ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 370-ჯერ, 0,4 მილიონი კილოვატ საათიდან 377 მილიონ კილოვატ საათამდე. გასულ წელს მზის ელექტროსადგურებმა აწარმოეს 10 მილიარდი დრამის ელექტროენერგია 26,5 დრამის ტარიფით. ამრიგად, მზის ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგია ძვირია, მაგრამ არა ყველაზე ძვირადღირებული.

ენერგეტიკულ სისტემაში მზის ელექტრო სადგურების ზრდა, თავის მხრივ, ზრდის სომხეთის ენერგოსისტემის დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას. ატომური ელექტროსადგურისა და თბოელექტროსადგურებისგან განსხვავებით, რომლებიც ფუნქციონირებენ რუსეთიდან შემოტანილი გაზით და ბირთვული საწვავით, მზის პანელების ნედლეული მზეა და ჩვენი ქვეყანა არანაირ ზესახელმწიფოზე არ არის დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, მთავრობის მიერ 2021 წელს მიღებულ „სომხეთის ენერგეტიკის დარგის განვითარების სტრატეგიულ გეგმაში“ მზის ენერგეტიკა პრიორიტეტულ დარგად იქნა მიჩნეული.

„სომხეთის მთავრობა მიზნად ისახავს 2030 წლისთვის მზის ენერგიის წარმოების წილის გაზრდას მინიმუმ 15%-მდე ან 1,8 მილიარდ კვტ/სთ-მდე. ამ მიზნით აშენდება დაახლოებით 1000 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურები, მათ შორის ავტონომიურებიც“, – ნათქვამია სტრატეგიაში.

შესაბამისმა ორგანოებმა დაადგინეს, რომ სომხეთის ტერიტორიის დაახლოებით 25 პროცენტს აქვს მზის ენერგიის საკმაოდ დიდი შესაძლებლობები: 1 კვადრატულ მეტრზე წელიწადში საშუალოდ 1700 კვტ/სთ ელექტროენერგიის წარმოებაა შესაძლებელი, საშუალო ევროპული მაჩვენებელი კი 1000 კვტ/სთ-ია.

ამ ეტაპზე ყველაზე დიდი ელექტროსადგურია მასრიკ-1, რომლის სიმძლავრე ყოველწლიურად 147 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიის გამომუშავების საშუალებას იძლევა. ის მდებარეობს ვარდენისის თემის სოფელ დიდი მასრიკის მიდამოებში. სადგური ეკუთვნის კომპანია „ეფარვი მასრიკ“-ს. საბოლოო მაკონტროლებელი არის კომპანია „LLG Global Energy and Environment Holding Company Limited“, რომლის რეალურ მფლობელად ითვლება საუდის არაბეთის Abdul Latif Jameel კომპანიების ქსელი.

სსმკ-მ არ მოგვაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი მზის ელექტროსადგური ფუნქციონირებს სომხეთში ამ დროისთვის, თუმცა კომისიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშში წერია, რომ აღნიშნულ წელს ელექტროენერგიას აწარმოებდა 60 მზის ელექტროსადგური 204,8 მგვტ ჯამური სიმძლავრით. შედარებისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ატომური ელექტროსადგურის სიმძლავრე ორჯერ მეტია. მშენებლობის პროცესში იმყოფებოდა 81 მგვტ ჯამური სიმძლავრით 7 მზის ელექტროსადგური.

მსხვილი და პატარა კომპანიების გარდა, არსებობს ასევე 17 ათას 112 ავტონომიური ენერგოკომპანია, ბოლო ორი წლის განმავლობაში მათი რაოდენობა გაორმაგდა. ესენი არიან როგორც შინამეურნეობები, ასევე იურიდიული პირები, რომლებიც აშენებენ მზის მცირე ელექტროსადგურებს, რათა თავად აწარმოონ ელექტროენერგია. ეს იძლევა შესაძლებლობას არ დახარჯონ ფული ელექტროენერგიაზე და მიჰყიდონ ჭარბი ელექტროენერგია სომხეთის ელექტროქსელებს და მიიღონ შემოსავალი.

ავტორი: არმინე ავეტიან, “ალიქ მედია არმენია”