Latest posts by Aliq Media (see all)
ხის ნაფოტზე ამოტვიფრული სიყვარულის ახსნა 19 წლის გიორგი ტარიელაშვილს ეკუთვნის, რომელმაც 1938 წელს ალავერდიდან თბილისში მცხოვრებ საყვარელ ეკატერინე სუხიშვილს გაუგზავნა. ერთ წელიწადში სიყვარულმა ეს უკანასკნელი ალავერდში მიიყვანა. ის და გიორგი დაქორწინდნენ.
ეროვნებით ქართველი გიორგისთვის ეს ქალაქი ბავშვობიდანვე იქცა სახლად, როცა მშობლების გარდაცვალების შემდეგ უფროსმა დამ შვიდი წლის ბიჭი თბილისიდან ალავერდში ჩამოიყვანა. მათი აღზრდა თავის თავზე უნდა აეღო სოფელ მადანში მცხოვრებ დედის ბერძენ ნათესავს.
სრულწლოვნებას რომ მიაღწიეს, გიორგის და ალავერდის რაიონის ერთ-ერთ მრავალეთნიკურ (სომხები, ბერძნები, ქართველები და ა.შ.) სოფელ შამლუღში გათხოვდა. მადანში მცხოვრები ბიჭი კი პასპორტის აღებისას გვარით – “ტარიელოვი“ დაარეგისტრირეს. წლების შემდეგ ქართული გვარი ქმარს ცოლმა დაუბრუნა.
მათი ქალიშვილები იხსენებენ: „დახეული, გაცვეთილი ქაღალდი“ საქართველოში დედამ წაიღო და დიდი ძალისხმევის შედეგად „ოვ“-ი „შვილ“-ად გადააკეთა.
ტარიელაშვილების რვასულიანი ოჯახი ძველი ალავერდის ცენტრში, „რადიოკვანძის“ შენობის ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა.
„ჩვენ ყველანი „რადიოუზელის“ შენობაში დავიბადეთ და მანდ 1970 წლამდე ვცხოვრობდით. ჩვენს ოჯახში ერთსულოვნება და ჰარმონია სუფევდა. თითქმის ყოველ საღამოს დედა გიტარაზე უკრავდა, ქართულად მღეროდა, მე კი ვცეკვავდი. მახსოვს ერთ დღეს იმდენი ვიცეკვე, წყლით გავსებულ ქვაბში ჩავვარდი (იცინის – ავტ.). მეზობლებს უკვირდათ, რომ ჩვენს სახლში მუდამ სიხარული, სიმღერა და ცეკვაა. ყველა ერთად ქართულად ვმღეროდით“, – გვიყვება 80 წლის მერი ტარიელაშვილი.
მეამწე გიორგის და ბუღალტერ ეკატერინეს ოჯახში სიხარული უხვად, საარსებო შემოსავალი კი ნაკლებად იყო. კარგად არ ცხოვრობდნენ, ბავშვები ერთმანეთის სამოსით იზრდებოდნენ, მაგრამ სიყვარული და ჰარმონია არასდროს იკლებდა. დიდი სამამულო ომის წლებში მრავალშვილიანი გიორგი ომში არ წაიყვანეს, რადგან მოთხოვნადი სპეციალობა ჰქონდა. თუმცა ოჯახი სხვა განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა.
„უკვე სამი და-ძმანი ვიყავით, როდესაც მამა ქარხანაში ამწედან ჩამოვარდა და მძიმედ დაშავდა. დედა მკურნალობდა, უვლიდა მას. მახსოვს როგორ ჩამოდიოდნენ საქართველოდან ბებიაჩემი და ბაბუაჩემი სავსე კალათებით. ვერ დავივიწყებ მათ მზრუნველობას, თუ როგორ უყვარდათ მამაჩემი. მშივრები არ ვიყავით, მაგრამ მაინც სრულყოფილი არ იყო ჩვენი ცხოვრება. ხშირად პურს მაღაზიიდან ვალით ვიღებდით, იცოდნენ, რომ თვის ბოლოს უნდა გადაგვეხადა თანხა“ – იხსენებს 67 წლის ქალბატონი ქეთევანი, რომელიც შვილებიდან მეხუთეა.
დები ტარიელაშვილები მერი, ქეთევანი და რუსუდანი ოჯახურ ალბომს ფურცლავენ. ისინი უკვე მშობლიურ მეორე სახლში არიან, სადაც ახლა რუსუდანის ოჯახი ცხოვრობს. მოგონებები არა მხოლოდ მშობლებზე, არამედ ნაადრევად გარდაცვლილ და-ძმებზეა, რომლებთან ერთადაც სწავლობდნენ და ოჯახზეც ზრუნავდნენ. ამბობენ, რომ მამა ბავშვობიდან ასწავლიდა შრომისმოყვარებას და დისციპლინას, შემდეგ კი პასუხისმგებლობების აღებას. ოჯახში სამუშაო თანაბრად იყო განაწილებული ყველა წევრს შორის.
მამა კი ძალიან სწრაფად, სირცხვილის გარეშე, ტილოს ხელში იღებდა ფანჯრებს წმენდდა, ჭურჭელს რეცხავდა, სადილს ამზადებდა, იატაკს რეცხავდა. რეცხავდა და აუთავებდა ჩვენს პერანგებს. მესამე კლასში ვსწავლობდი, როდესაც ძველი სახლიდან აქ გადმოვედით, მაგრამ ეს ყველაფერი კარგად მახსოვს. ჩვენ ასე ვიზრდებოდით, ამ ყველაფრის მომსწრენი ვიყავით, მაგრამ სომეხთან ოჯახის შექმნისას ასეთი რამ არ გვინახავს. ჩვენს კაცებს სახლის საქმეები არასდროს გაუკეთებიათ“, – ამბობს ქალბატონი რუსუდანი.
დები ხუმრობენ, იცინიან, შემდეგ კი ძმებზე ყვებიან, თუ მამის მაგალითზე როგორ ეპყრობოდნენ თავიანთ ცოლებს, დაწყებული კერძების დამზადებიდან ბავშვების აღზრდამდე… თუმცა მათმა სომეხმა მეუღლეებმაც ბევრი რამ ისწავლეს ტარიელაშვილების ოჯახისგან. ერთსულოვნებამ ოთხივე სიძე ძმად აქცია.
„ჩვენ ოთხი დანი ვართ და ყველა ჩვენს შვილს ოთხი დედა ჰყავს, ერთს მეორისგან არ გამოვარჩევდით. თუ ვინმე რამეს ჭამდა, დანარჩენებისთვისაც უნდა მიეტანა. რაც კარგი იყო ყველა ჩვენს შვილს თანაბრად უნდა მისწვდომოდა“, – აღტაცებით ამბობს ქალბატონი ქეთევანი.
„არ ყოფილა წამი, რომ ჩემ მშობლებს ეწუწუნათ შვილიშვილების მათთან ყოფნაზე. ყველა დღესასწაულზე აუცილებლად სუფრას შლიდნენ და ყველა შვილი და სიძე აქ მოდიოდა. ეს შეკრებები ძალიან გვაერთიანებდა. მათი წასვლის შემდეგ სახლის მოწესრიგებისთვის ერთი თვე მჭირდებოდა. მაგრამ ამ ყველაფერში იმდენი სითბო იყო და ეს ჩვენი მშობლებისგან მოდიოდა. დღემდე აქ არის თავშეყრის ადგილი, დღემდე ბაბუის და ბებიის სახლს ვეძახით“, – ამბობს რუსუდანი ტარიელაშვილი, ბავშვებიდან ყველაზე უმცროსი და ყველასათვის საყვარელი რუსიკო, რომელიც 10-20 წლით უფროსმა და-ძმამ ბავშვივით აღზარდა.
ჟორასა და კატოს დიდი ოჯახი პატარა ალავერდში ბევრისთვის სამაგალითო ოჯახია. მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დამახასიათებელმა სირთულეებმა ცოლ-ქმარს ხელი არ შეუშალა შვილებისთვის განათლება და ფულის შოვნის საშუალება მიეცათ. ისე ეცხოვრათ, რომ ერთმანეთისა და გარემოსადმი სიყვარული და ზრუნვა არ მოეკლოთ.
„ჩვენს შენობაში ყველაზე ასაკოვანი ისინი იყვნენ. მამაჩემს და დედაჩემს ყველა ქორწილში იწვევდნენ. ქართულ ცეკვებს ცეკვავდნენ, ისე კარგად მღეროდნენ. ზოგი დღესაც აქ ცხოვრობს და ახსოვს დედაჩემის მსუბუქი ცეკვა, მამაჩემის მხნე აღნაგობა“, – ამბობს 64 წლის რუსუდანი ტარიელაშვილი.
თბილისში საცხოვრებლად ქართული ოჯახის მხოლოდ უფროსი ვაჟი, მურთაზი, 1957 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ გადავიდა და სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდა. დანარჩენებმა ეროვნული იდენტობა სომხეთში ყოფნისას შეინარჩუნეს. გათხოვებამდე დები ტარიელაშვილები მშობლიურ სახლში ერთმანეთში ქართულად საუბრობდნენ. მერე, როგორც ამბობენ, ნელ-ნელა სომხურზე გადავიდნენ, რომ არ გამორჩეულიყვნენ სხვებისგან.
განსაკუთრებით დღესასწაულებზე ტარიელაშვილების ოჯახში სუფრაზე ექსკლუზიურად ნაციონალურ კერძებს აწყობდნენ. ახალი წლის აღნიშვნას ჩუჩხელისა და გოზინაყის დაგემოვნებით იწყებდნენ, რომ მთელი წელი „ტკბილი“ ყოფილიყო. საცივი, ჩიხირთმა და ქართული სამზარეულოს სხვა ცნობილი კერძები კი ამ ოჯახში ყოველდღე მზადდება.
ქალბატონი რუსუდანი ღიმილით იხსენებს, რომ სომხური თანაპური (მაწვნის სუფი) პირველად გათხოვების შემდეგ დააგემოვნა. ძალიან მოეწონა და დედას უსაყვედურა, რომ ამ გემოს „არცოდნით“ გაიზარდნენ.
ოჯახური ალბომის ფოტოები დებს კვლავ აბრუნებს „რადიოკვანძის“ შენობის ძველ ბინაში, სადაც ზედმეტად მზრუნველი მამა სკოლიდან დაბრუნებული მერის თოვლით გაჟღენთილ ტანსაცმელს უცვლიდა, შალში ახვევდა და ცხელ-ცხელ ჩაის ასმევდა. ქეთევანს კი ყოველთვის გამრავლების ტაბულას ეკითხებოდა.
მამის მხრიდან „ობოლ“, თითქმის უნათესავოდ გაზრდილ ტარიელაშვილებს სითბოსა და სიყვარულს დედის მხრიდან ბაბუა და ბებია და ყველა ნათესავი აძლევდა. ამბობენ, რომ სწორედ მათი წყალობით არ იყვნენ ფესვებს მოწყვეტილნი.
„მთელს ზაფხულს თბილისში ვატარებდით. დეიდაჩემიც და ბიძაჩემიც ჩვენზე ბევრად უკეთ ცხოვრობდნენ და თავიანთი შვილებისგან არ გამოგვარჩევდნენ. როგორც კი თბილისში ჩავდიოდით, მაშინვე ქსოვილს ყიდულობდნენ, ლამაზ კაბებს კერავდნენ და გვაცმევდნენ. ისინი ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველები იყვნენ. ახლა ურთიერთობა არ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო, ერთ-ორ წელიწადში ერთხელ ვახერხებთ იქ ჩასვლას. უმეტესწილად ინტერნეტით ვურეკავთ ერთმანეთს. ჩვენი ბებია-ბაბუის სახლში ახლა თავიანთ შვილებთან და ოჯახებთან ერთად ჩვენი ბიძაშვილები ცხოვრობენ. დღესაც რომ ჩავიდეთ ათი კაცით, თუნდაც უცნობებთან, სუფრას გაშლიან და გვიმასპინძლებენ“, – ამბობს მერი ტარიელაშვილი.
„იმ დროს, 1960-იან წლებში საქსოვი მანქანები არსებობდა. მამამ დედაჩემისთვის ჟაკეტი მოაქსოვინა. დედამ რომ ჩაიცვა, მამა ატირდა, რადგან დედაჩემისთვის ახალი ტანსაცმლის ყიდვა მოახერხა“. ქალბატონ რუსუდანს მშობლებთან დაკავშირებული კიდევ ერთი ეპიზოდი გაახსენდა, რომელიც აღელვების გარეშე ვერ გადმოგვცა. მერე გულახდილად გვითხრა: „როცა დაგვირეკეთ და ინტერვიუს ჩაწერა შემოგვთავაზეთ, მხოლოდ ჩვენი მშობლების გამო დავთანხმდით, გადავწყვიტეთ მოგვეყოლა მათი დიდი სიყვარულის, მზრუნველობის შესახებ… რათა ისინი არასოდეს დაივიწყონ“.