Latest posts by Aliq Media (see all)
2024-2025 სასწავლო წელს ალავერდის პროფესიულ სახელმწიფო სასწავლებელში ახალი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა იქნება. რეგიონში მზის პანელების დამონტაჟებისა და ტექნიკური მომსახურების სპეციალისტების დიდი მოთხოვნაა. პროფესიული სასწავლებელი ამ დეფიციტს სამ წელიწადში ერთხელ სპეციალისტების გადამზადებით შეავსებს.
ადგილობრივ შრომის ბაზარზე კი ახალ სპეციალობაზე მოთხოვნა გაიზარდა გაეროს განვითარების პროგრამისა და ალავერდის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ერთობლივი პროექტის შედეგად, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ.
პროექტის „თემის მდგრადობის გაძლიერება ენერგოეფექტურობისა და დაბალი ემისიების განვითარების გზით“ მიზანია ალავერდის თემის ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური მდგრადობის გაზრდა, კლიმატის ცვლილების შერბილება, სათბურის გაზების ემისიების მოცულობის შემცირება, მდგრადი ენერგეტიკული სისტემების განვითარება და სიღარიბის შემცირება.
ამ პროგრამის რამდენიმე ნაწილისგან შემდგარი საგანმანათლებლო კომპონენტით სასწავლებელში დაინერგა სპეციალობა „განახლებადი ენერგიის ენერგეტიკული სადგურების შეკეთება, მომსახურება და მონტაჟი“.
მანამდე გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ალავერდში ჩატარდა არაერთი კვლევა: სიღარიბის მრავალფენიანი შეფასება და ბაზრის ანალიზი ლორეს რეგიონში ალტერნატიული ენერგეტიკის დარგში მოქმედ კომპანიებთან.
„გამოკითხვები ჩატარდა ყველა მნიშვნელოვან მხარესთან, რის საფუძველზეც შემუშავდა პროექტის მთავარი დოკუმენტი. ანუ სასწავლებელში ამ სპეციალობის დანერგვა შემთხვევითობა არ ყოფილა. როგორც კომპანიებმა, ისე თემის მაცხოვრებლებმაც (ფიზიკურმა პირებმა, ბიზნესებმა) განაცხადეს, რომ არსებობენ ინსტალატორები, თუმცა მომსახურება არასრულია, რადგან ადამიანური რესურსი არასაკმარისია. ამ დარგში შესაბამისი განათლების მქონე ადამიანები ნაკლებად არიან, ეს არის მიზეზი, რის გამოც პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტი, ამ კუთხით განათლების მიღებაა“, – ამბობს არეგნაზან მარტიროსიანი, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი ალავერდში.
პროფესიული სასწავლებლის სპეციალისტების გადამზადების გარდა, პრაქტიკული სამუშაოების ორგანიზების მიზნით გაეროს განვითარების პროგრამამ პროექტის ფარგლებში ლაბორატორია დააარსა (სასწავლო პანელები, მონტაჟისა და რეგულირების აღჭურვილობა).
მომავალში, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ თემში განხორციელებული პროექტის დასრულების შემდეგ როგორც საგანმანათლებლო პროცესის, ასევე სპეციალიზებული პირების სამსახურით უზრუნველყოფის საკითხში სასწავლებელს ხელს შეუწყობს მზის ენერგიის ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის დარგში სპეციალიზირებული ერთ-ერთი უმსხვილესი სომხური კომპანია, რომელთანაც სკოლამ თანამშრომლობის მემორანდუმი ახლახან გააფორმა.
პროექტის „თემის მდგრადობის გაძლიერება ენერგოეფექტურობისა და დაბალი ემისიების განვითარების გზით“ მეორე კომპონენტით, ალავერდის თემის მღართის დასახლებაში აშენდება 500 კვტ. დადგმული სიმძლავრით ფოტოვოლტური ელექტროსადგური, რომლის გამომუშავებული ელექტროენერგიის რეალიზაციით მიღებული თანხა (წლიურად დაახლოებით 20 მილიონი) მოხმარდება ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების პროექტების დაფინანსებას.
„ეს კომპონენტი მნიშვნელოვანია, რადგან უზრუნველყოფს თემის სტაბილურ შემოსავალს“, – ამბობს პროექტის წარმომადგენელი.
პროექტი ახლა მთავრობაშია. ალავერდის თემის მერიაში მის დადასტურებას ელოდებიან.
„პროექტის ღირებულება დაახლოებით 210 მილიონ დრამს შეადგენს, საიდანაც 26%-ის თანადამფინანსებლები არიან გაერო და შვედური ორგანიზაცია, დაახლოებით 14%-ს ალავერდის თემის მერია უზრუნველყოფს, დანარჩენს კი სახელმწიფო. შვედური სააგენტოს პროგრამა წელს სრულდება, გაერო კი ჯერჯერობით რჩება. ანუ, პროექტის დასრულების შემდეგ ისინი დატოვებენ ფონდს სტრუქტურის სახით, რომელიც რეგულარულად დააგენერირებს თანხას და გახდება დონორი სტრუქტურა თემში ენერგოეფექტურობის პროექტების თანადაფინანსებისთვის“, – განმარტავს კარინე სიმონიანი, ალავერდის თემის მერიის განვითარების პროგრამებისა და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ამ პროექტის მორიგი კომპონენტით, რომელიც მიზნად ისახავს ალავერდის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, წელს მზის პანელები თემის სასოფლო დასახლებების 50-მდე შინამეურნეობას გადაეცემა. თუმცა მანამდე, შეფასდება ოჯახების საჭიროებების შესაბამისობა პროექტის კრიტერიუმებთან. პროექტი ხელს შეუწყობს ასევე მზის პანელების დამონტაჟებას.
არსებობს კიდევ ერთი კომპონენტი, რომელიც განხორციელდა „თემის მდგრადობის გაძლიერება ენერგოეფექტურობისა და დაბალი ემისიების განვითარების გზით“ პროექტის მიერ. 2022-2023 წლებში, სამთავრობო სუბსიდიური პროგრამის, თემის ბიუჯეტისა და გაეროს განვითარების პროგრამის თანადაფინანსებით ალავერდის თემში, რომელიც აერთიანებს 28 დასახლებას, 36 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის თერმოიზოლაცია მოხდა. აქედან 34 ნაწილობრივ, ორი კი სრულად. საერთო ჯამში 1117 ბინა.
2023 წელს დაიწყო ალავერდის მე-6 საბავშვო ბაღის ორი კორპუსის სრული ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია და სარემონტო სამუშაოები. მზის ენერგიას საბავშვო ბაღშიც გამოიყენებენ.
შვედური საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამისა და ალავერდის თემის მერიის მიერ განხორციელებულ ერთობლივ პროექტს კოორდინირებას უწევს ტერიტორიული ადმინისტრირების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ალავერდის ენერგოეფექტური და დაბალი ემისიების განვითარების მოდელის გამოყენება, როგორც სამაგალითო გამოცდილება იგეგმება ასევე სხვა თემებშიც.
პროექტის განსახორციელებლად კი ალავერდი რამდენიმე მიზეზის გამო შეირჩა. დაახლოებით 10 წლის წინ ქალაქი შეუერთდა კლიმატისა და ენერგეტიკის ადგილობრივი მოქმედებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მოძრაობას ევროკავშირის „მერების შეთანხმება – აღმოსავლეთი“-ს ინიციატივას და აიღო ვალდებულება ევროკავშირის კლიმატური და ენერგეტიკული მიზნების განსახორციელებლად.
სპილენძის სადნობი ქარხნის დახურვის შემდეგ, ინდუსტრიულ ქალაქს აქვს ტურისტულ ზონად ქცევის წინაპირობები. ალავერდში გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლის არეგნაზან მარტიროსიანის თქმით, ესეც იყო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა, რათა დანარჩენი ქალაქებიც მიჰყვნენ ალავერდის მაგალითს.
ამ თემის არჩევის კიდევ ერთი წინაპირობა არის ხალხის ცხოვრების დონე. ქალაქ ალავერდში, რომლის მოსახლერობა 42,545 შეადგენს, მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი.