Latest posts by Aliq Media (see all)
სასაზღრო სოფლის, ხნძორუტის სკოლა მზის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიით თბება. საკლასო ოთახებში იმდენად ცხელა, რომ ხშირად ფანჯრების გაღებაა საჭირო. ეს არის ერთ-ერთი, ყველაზე თბილი დაწესებულება ვაიოცძორის ოლქის სკოლებს შორის. ეს ზედამხედველებმა მაშინ აღმოაჩინეს, როცა შემთხვევით ესტუმრნენ საგანმანათლებლო დაწესებულებას.
ნახიჯევანის საზღვრისპირა სოფლის სკოლაში პირველი მზის ელექტროსადგურები გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით ორი წლის წინ დამონტაჟდა. სკოლის დირექტორი ჰამლეტ ოჰანიანი სადგურებზე დადებითად საუბრობს. ამბობს, რომ ისინი ძალიან ეფექტურია.
„საკმაოდ დიდი ხარჯი იზოგება, რასაც მომავალში სხვა მიზნებისთვის გამოვიყენებთ“.
გასულ ზაფხულს სკოლაში კიდევ ერთი, 15 კვტ სიმძლავრის ელექტროსადგური დამონტაჟდა, ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაცია „სიუნიქ განვითარების“ დაფინანსებით. ჯერ კიდევ 7 კვტ-ის დამატების შესაძლებლობა აქვთ.
„ვიმედოვნებთ, რომ ამის შევსების გზას მოვნახავთ. დანაზოგი ნამდვილად დიდია. ენერგია გროვდება მთელი ზაფხულის განმავლობაში. მიმდინარე წლის ბოლოს, როცა უკვე მეორედ დამონტაჟებული სადგურების შედეგები სრულად ხილვადი იქნება, ზუსტ ციფრებს წარმოგიდგენთ, მაგრამ შედეგი ახლაც უკვე ხელშესახებია. ადრე ელექტროენერგიის გადასახადი წელიწადში 1,8-2 მილიონ დრამს შეადგენდა. ახლა ეს რიცხვი შეიძლება 1-1,5 მილიონი დრამით შემცირდეს“, – განმარტავს სკოლის დირექტორი.
გადაწყდა, რომ დაზოგილი თანხით სკოლისთვის კომპიუტერებს შეიძენენ. ჰამლეტ ოჰანიანი ასევე ხაზს უსვამს სოფლის მოსახლეობის დაინტერესებას სადგურებით. ბევრი მათგანი მოდის და ეკითხება, ღირს თუ არა სადგურის დაყენება, მომგებიანია თუ არა? მოსწავლეებმაც ამ ასაკში უკვე კარგად იციან რა არის მზის ენერგია, როგორ შეიძლება მისი გამოყენება და რა მიზნებისთვის. ეს ასევე ამაღლებს ფინანსურ წიგნიერებას.
საზღვრისპირა სოფელში ზოგიერთს საკუთარი ინდივიდუალური სადგური აქვს დამონტაჟებული და გამომუშავებულ ელექტროენერგიას ყიდის.
ვაიოც ძორის რაიონულ ცენტრში, ეღეგნაძორში, მზის ენერგიას პირველი სკოლაც იყენებს. ახლად აშენებულ შენობაზე მზის სადგურები რეგიონული განვითარების ფონდის დაკვეთითაა დამონტაჟებული.
სკოლა ექსპლუატაციაში 2023 წლის სექტემბერში შევიდა. არის მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში უნდა მოგვარდეს.
დაწესებულების ადმინისტრაციულ-ეკონომიკური ნაწილის კოორდინატორმა რომან არაქელიანმა „ალიქ მედიასთან“ საუბარში განაცხადა, რომ სადგურების მემონტაჟეებმა ადვილი გზა აირჩიეს, ხარჯები შეამცირეს, რის გამოც ხარისხი არადამაკმაყოფილებელია.
„შენობის სახურავზე დამონტაჟებულია 36 კვტ სიმძლავრის ელექტროსადგური, რომელიც უხარისხოა. 88 სადგურიდან ზოგიერთი არასწორი კუთხით არის დამონტაჟებული, ზიგიერთი არასწორადაა შეერთებული, ავარიულია. ამის გამო სადგური არ მუშაობს ეფექტურად, არ უზრუნველყოფს თუნდაც მინიმალურ პროდუქტიულობას “, – განმარტავს არაქელიანი.
გათვლების მიხედვით გამომუშავებულ ელექტროენერგიას სრულად უნდა დაეფარა სკოლის საჭიროებები, თუმცა წინა ზაფხულიდან დაგროვილი ენერგია საკმარისი არ აღმოჩნდა. სკოლა ზამთარში ისევ იხდის ელექტროენერგიის საფასურს, თვეში საშუალოდ 200 000 დრამს.
სკოლის ადმინისტრაციულ-ეკონომიკური ნაწილის კოორდინატორი პრობლემად მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ მზის სადგურების მქონე სკოლაში გათბობა გაზის მეშვეობით ხდება. წელს, ზამთარში, როცა გაზის მიწოდების პრობლემები შეიქმნა, გადაწყვიტეს ელექტროენერგიით გათბობა. შენობის მთლიანი გაყვანილობები დაბალი რეზისტენტობის ელექტროსადენებით არის გაკეთებული, რის გამოც გათბობის ეს გზა ვერ გამოიყენეს. არაქელიანის თქმით სადგურების პრობლემები რომც მოგვარდეს, გათბობის მიზნით ენერგიას მაინც ვერ გამოიყენებენ.
იმედოვნებენ, რომ ყველა აღნიშნული პრობლემა მიმდინარე წლის სექტემბრამდე მოგვარდება და სკოლა მაქსიმალურად გამოიყენებს სადგურების პროდუქტიულობას. ამ შემთხვევაში სათბურის აშენებასაც გეგმავენ, რომლის მოსავალს სკოლის სასადილოში გამოიყენებენ.
რომან არაქელიანი ასევე მუშაობდა სადგურების მონტაჟის სფეროში. მისი თქმით, ისინი ძალიან ეფექტურია, თუ ინსტალატორი თავის საქმეს ყურადღებით დააკვირდება. ბევრმა არ იცის დეტალები, აყენებს არასწორი კუთხით, შესაბამისად შედეგი არ ჩანს. თვითონაც იყენებს სადგურებს საკუთარი სახლის სახურავზე.
„სულ რაღეც 2 კვტ სიმძლავრის სადგურები უზრუნველყოფენ მთელი წლის ელექტროენერგიის მოთხოვნას, გარდა გათბობისა. ყველას ვურჩევ გამოიყენოს ის მხოლოდ სახლებში ან სხვადასხვა დაწესებულებაში. ბიზნესის მხვრივ, ჩემი აზრით, არაეფექტურია, რადგან ჩადებული თანხის დაბრუნებას წლები უნდა ელოდო“.