ივანიშვილი: მოხდა „ენჯეოების“ რევოლუცია

ბიძინა ივანიშვილი: “ეს ადამიანები – სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ადეიშვილი, გვარამია, კეზერაშვილი და სხვები – საქართველოს ხელისუფლების ლიდერებად „ენჯეოების“ ხელით მოწყობილი რევოლუციის შემდეგ დაინიშნნენ”.

რეზიუმე: 2004-2013 წლებში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისა და 2004-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი არაერთგვაროვნადაა შეფასებული, თუმცა “ვარდების რევოლუცია” „ჯაშუშების რევოლუციად“ შერაცხვა, სუბიექტური მოსაზრებაა მტკიცებულებების გარეშე.

ანალიზი: 29 აპრილს, “ქართულმა ოცნებამ” აქცია გამართა, რომელიც მხარს უჭერდა “აგენტების კანონს”. მმართველმა პარტიამ მანიფესტაციის გასამართად თბილისში ათასობით ადამიანის რეგიონებიდან ჩამოსვლა დააორგანიზა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მმართველი პარტიის მხარსასაჭერად ჩამოყვანილი ადამიანების უმეტესებოა საჯარო მოხელეები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ.  პარლამენტის წინ ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოვიდა

ბიძინა ივანიშვილმა თავის სიტყვაში ვრცლად ილაპარაკა არასამთავრობო ორგანიზაციებზე („ენჯეოებზე“), რომელებიც, მისი თქმით, “რევოლუცია მოაწყეს” და ამის შემდეგ სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ადეიშვილი, გვარამია, კეზერაშვილი და სხვები ხელისუფლების ლიდერებად დაინიშნნენ.

 “2004-12 წლებში ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი წლები, როდესაც ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი, უცხოური აგენტურა მართავდა. შეგახსენებთ, რომ ეს ადამიანები – სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ადეიშვილი, გვარამია, კეზერაშვილი და სხვები – საქართველოს ხელისუფლების ლიდერებად „ენჯეოების“ ხელით მოწყობილი რევოლუციის შემდეგ დაინიშნნენ”.

რეალურად, 2003 წლის ნოემბერში საქართველოში შექმნილი სიტუაცია ხავერდოვანი რევოლუციისთვის ჯაშუშების ჩარევას აღარ საჭიროებდა. ელექტროენერგია მოსახლეობას გრაფიკით მიეწოდებოდა, რომელიც სისტემატურად ირღვეოდა, რეგიონებში ვითარება წყალზე და ბუნებრივ გაზზე კიდევ უფრო მძიმე იყო. ასაკობრივი პენსია 14 ლარს (2023 წლის თებერვლის მსყიდველუნარიანობით 41 ლარი) შეადგენდა, რომელიც ხშირად „იყინებოდა“. საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ მომზადებულ კორუფციის აღქმის ინდექსში, 2002 წელს საქართველო 85-ე ადგილს იკავებდა 2.4 ქულით 10-დან (სადაც 10 საუკეთესო ნიშნულია). გარდა ამისა, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულებიც კუთვნილ მიზერულ (უმეტეს შემთხვევაში 100 ლარამდე) ხელფასს თვეობით ელოდებოდნენ, გზებზე მოძრაობას ე.წ. „გაიშნიკები“ არეგულირებდნენ, მოპარული ავტომობილები ერგნეთის ბაზრობაზე იყიდებოდა, ქურდული სამყარო რომანტიზებული იყო, ადამიანებს გამოსასყიდის მოთხოვნის გამო იტაცებდნენ, უნივერსიტეტში ჩაბარება ქრთამის სანაცვლოდ ჩვეულ მოვლენას წარმოადგენდა.

2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების დროს, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული კორუფციის გამო, თვეობით არ გაიცემოდა ხელფასები და პენსიები. ენერგოსისტემაში არსებული დეფიციტის გამო, რეგიონებსა და თბილისს გრაფიკით მიეწოდებოდა ელექტროენერგია. თითქმის ყოველდღე ხდებოდა მკვლელობა, ყაჩაღობა, ძარცვა და ქურდობა, რაც კარგად ჩანს იმ დროის საგაზეთო ქრონიკებში.

არჩევნების დღეს, 2 ნოემბერის არჩევნები აშკარა გაყალბიბების ფონზე მიმდინარეობდა, მოხდა საარჩევნო უბნების დახურვა, საარჩევნო უბნების დარბევის, ურნების დამტვრევის, ცემის ფაქტები და ასე შემდეგ.

არჩევნებში კვლავ სახელისუფლებო გუნდის გამარჯვების მოლოდინი აღარ არსებობდა. რასაც 2002 წლის 2 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიც მოწმობდა, სადაც „მოქალაქეთა კავშირმა“ თბილისში ხმათა მხოლოდ 2.5% აიღო და საკრებულოში საერთოდ ვერ მოხვდა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კი საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებზე, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ – ISFED-ის პარალელური დათვლისა და ცესკოს ოფიციალური შედეგები ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავდებოდა.

2003 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლისა და ცესკოს ოფიციალური შედეგები იხილეთ ცხრილში, რომელიც აქვეყნებს factcheck.ge.

ოპოზიციის ნაწილმა არ მიიღო არჩევნების შედეგები და მხარდამჭერები პარლამენტის წინ შეკრიბა.თბილისისკენ დაიძრენ არჩევნების გაყალბებით უკმაყოფილო ადამიანები საქართველოს რეგიონებიდან. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბევრმა შეძლო თბილისში ჩასვლა. აქციის მონაწილეთა საპროტესტო მუხტი ვერც წვიმიანმა დღეებმა გაანელა.

პარლამენტის წინ შეკრებილი ათობით ათასი ადამიანი პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდა.

22 ნოემბერს “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეიჭრა და პრეზიდენტ შევარდნაძეს პარლამენტის პირველის სხდომის ჩატარების საშუალება არ მისცა. მეორე დღეს 23 ნოემბერს ედუარდ შევარდნაძე გადადგა. 2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილს ამომრჩეველთა 96%-მა დაუჭირა მხარი, იმავე წლის 28 მარტს ჩატარებულ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებში კი ნაციონალურმა მოძრაობამ ხმათა 66% მიიღო.

2003 წლის 2 ნოემბრისგან განსხვავებით, 2004 წლის 28 მარტის არჩევნებმა ძალადობის გარეშე ჩაიარა.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებზე კრიტიკული დასკვნა დადეს. მათი შეფასების თანახმად შედეგები არ განოხატავდა ქართველი ხალხის ნებას. მისგან განსხვავებით პოზიტიურად შეფასდა როგორც 4 იანვრის, ასევე 28 მარტის არჩევნები.

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ 2004-2013 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისა და 2004-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი არაერთგვაროვნადაა შეფასებული, და ხელისუფლების შეცდომებზე მიუთითებდა სამოქალაქო საზოგადოებაც, თავად მოვლენის – ვარდების რევოლუციის „ჯაშუშების რევოლუციად“ შერაცხვა, სუბიექტური მოსაზრებაა მტკიცებულებების გარეშე. 

იმდროინდელი ხელისუფლების დაბალი მხარდაჭერა, პარალელური დათვლის შედეგები, საპროტესტო აქციებში ყოველდღიურად მონაწილე პირთა რაოდენობა და ცვლილებების საერთო სურვილი, გამორიცხავს იმ დაშვებას, რომ ვარდების რევოლუცია, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ჯორ სოროსის, აშშ-ის ელჩის, ან სახელმწიფო მდივნის კაბინეტში დაიგეგმა. უმძიმესი სოციალური ფონის გათვალისწინებით, ცვლილებებს, მათ შორის რევოლუციური გზითაც, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უჭერდა მხარს. ბოლო მომენტში პოლიციაც მომიტინგეების მხარეს გადავიდა და აქციის მონაწილეებს პარლამენტში შესვლის ნება დართო.

ეს ნარატივი ბევრჯერ იქნა გამოყენებული “ქართული ოცნებნის” წარმომადგენლების მიერ. ისეთივე ყალბი ამბავი პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძემ 2023 წლის 8 მარტის ბრიფინგზე თქვა,  აღნიშნა, რომ 2003 წელს მოხდა ჯაშუშების რევოლუცია მოხდა”.