Latest posts by Aliq Media (see all)
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 5 თვით ადრე მმართველმა პარტიამ საარჩევნო კოდექსში მორიგი ცვლილებები დააანონსა. ხოლო 30 მაისს 80 ხმით, ერთხმად, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები. კანონპროექტის მიხედვით, რომლის ავტორებიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან, იცვლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების წესი და საკონსულტაციო საბჭოს აუქმებს.
მმართველი პარტიის ინიციატივის თანახმად, საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლს უნდა დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პრიმა პუნქტი: თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის (12 წევრი) მხარდაჭერაა საჭიროა, ცესკოს ამ გადაწყვეტილებას ამავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში კი, ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა (9 წევრი).
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ეს არის ე.წ. ანტიჩიხური მექანიზმი მსგავსი შემთხვევების მოსაწესრიგებლად. ასევე აღნიშნება, რომ ეს ცვლილება ხელს შეუწყობს ცესკოს ეფექტიან ფუნქციონირებასა და მისი საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილებას.
ცვლილება შევიდა ასევე „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტში, რომლის თანახმად, განისაზღვრება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობამ ან/და შრომის ანაზღაურებამ არ შეიძლება მის საზიანოდ გავლენა მოახდინოს მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე, მისთვის სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემაზე, მასზე სოციალური შეღავათის გავრცელებაზე ან/და მის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ან/და ასეთი პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე.
ამასთან, კანონპროექტით უქმდება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, იქმნება საარჩევნო პერიოდით, არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში. განმარტებითი ბარათის თანახმად, ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმების მიზანშეწონილობას ადასტურებს არსებული პრაქტიკული გამოცდილება, რომელმაც ნათლად წარმოაჩინა, რომ ეს ჯგუფი, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისა და დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ექსპერტებისგან შედგება, რეალურად არ ფუნქციონირებს, რაც ძირითადად დამკვირვებელი ორგანიზაციების მხრიდან ამ ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის სურვილის უქონლობით იქნა გამოწვეული.
ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის შესახებ საარჩევნო კოდექსში 2021 წელს ჩაიწერა. ჯგუფში უნდა ყოფილიყო არანაკლებ 9 და არაუმეტეს 15 წევრი. საბჭო ცესკოს საარჩევნო დავებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს წარუდგენს.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ცვლილებით არ შეესაბამება 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების („შარლ მიშელის შეთანხმების”) შედეგად მიღწეული პარტიული და პროფესიული ნიშნით შერჩეულ წევრებს შორის არსებული ბალანსის ლოგიკას.
აღნიშნული ცვლილებები ცესკოს დადგენილებებს შეეხება, რომლის მისაღებად მოქმედი რედაქციით, ხმათა 2/3-ის თანხმობა იყო საჭირო. ახალი რედაქციის შედეგად კი, გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იქნება მხოლოდ 8 პროფესიული წევრისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლის ხმა. ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად უარესდება გადაწყვეტილების მიღების პროცესში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის მონაწილეობის ხარისხი.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით „ამ საკანონმდებლო გაუარესებების ფონზე, აუცილებლობის დასაბუთების გარეშე, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციის უგულებელყოფით – არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე, „ქართული ოცნების“ წევრების მიერ ინიციირებული ცვლილებები მორიგ ნაბიჯს წარმოადგენს არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების გაუარესებისკენ. წარმოდგენილი ცვლილება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში de facto გამორიცხავს ოპოზიციის ჩართულობას და მეტად ამძაფრებს ეჭვს, საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის არაკეთილსინდისიერ გავლენებთან დაკავშირებით. ცვლილება კიდევ უფრო ამცირებს საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნდობას საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ“.
ოპზიცია ამბობს, რომ ცესკო არ უზრუნველყოფდა საბჭოს კვალიფიციური და სანდო ადამიანების კონსენსუსის საფუძველზე შერჩევას.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები არჩევნების გაყალბებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. „ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსში დააინიციირა ცვლილებები, რაც არჩევნების გაყალბებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და გარე აქტორების დაკვირვების გარეშე არჩევნების ჩატარებისკენ გადადგმული პირველი პრაქტიკული ნაბიჯია“.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე უთხრა, რომ აღნიშნული ცვლილებებით „ქართული ოცნება“ ფასადურ დემოკრატიაზეც კი უარს ამბობს.
„ფასადური დემოკრატიაც აღარ უნდათ, რომ პროცედურული ნაწილი მაინც შეინარჩუნონ. ყოფილიყო ეს საკონსულტაციო ჯგუფი, ვის რას უშლიდა, უნდა ჩაეტარებინათ სხდომები და ესაუბრათ ამ ადამიანებთან“- თქვა დეკანოძემ.
რაც შეეხება მეორე ნაწილს [ცესკოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების წესს], აქ ისედაც უმრავლესობა აქვს „ქართულ ოცნებას“ და მე ვფიქრობ, რომ ვიღაცებს არ ენდობიან. იმდენად უნდობლობა აქვთ, ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილების მისაღებად უბრალო უმრავლესობა შემოიღონ, რაღაც რომ გაუჭირდეთ. ყველა სივრცეს ახშობენ“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.
არსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობამ (TI) და სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED) 2021 წელს დატოვეს საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შერჩევის პროცესი. მათი განცხადებით, ცესკო არ უზრუნველყოფდა საბჭოს კვალიფიციური და სანდო ადამიანების კონსენსუსის საფუძველზე შერჩევას.
შესაბამისად, შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ “ქართულმა ოცნებამ” საკონსულტაციო ჯგუფის შერჩევის პროცესში ხარვეზების აღმოფხვრის ნაცვლად, ამ ჯგუფის საერთოდ გაუქმება გადაწყვიტა, რაც საარჩევნო პროცესებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას კიდევ უფრო შეასუსტებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს მოიპოვოს გადაწყვეტილების მიღების მონოპოლია ცესკოში, რამაც შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს როგორც 2024-ის საპარლამენეტო, ისე მომავალი ყველა არჩევნების შედეგებზე. კანონის მიღებით მმართველი გუნდი გამორიცხავს ოპოზიციის ჩართვას ცესკოში სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღებაში. მაღალი ქვორუმით გადაწყვეტოილებების მიღება დადებითად აისახავდა ცესკოს მოქმედებასი, რადგან მცირე იყო იმის რისკი, რომ არაკვალიფიციური პირბის არჩევა.