ხელისუფლებამ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი შეცვალა, რა უნდა ვიცოდეთ

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაცნობისას ოპოზიციური პარტიები აცხადებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ მიზეზით თითქმის 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ოპოზიციის ერთი ნაწილი არ იწყებდა საპარლამენტო საქმიანობას. საკითხის გასარკვევად მმართველმა პარტიამ საგამოძიებო კომისია შექმნა, რომელსაც ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ენდობა. ამან განაპირობა, რომ თვეების განვადლობაში საქართველოში პოლიტიკური კრიზისი იყო. 

ქართულმა ოცნებამ და პარლამენტის მანდატების მქონე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ცალკეულმა დეპუტატებმა 2021 წლის 19 აპრილს მოაწერეს ხელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, ე.წ „შარლ მიშელის შეთანხმებას“, რომლის მიზანი იყო საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისის დაძლევა პარლამენტში ოპოზიციის შესვლის, საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხების მოგვარებისა და პარლამენტში ძალაუფლების განაწილების გზით.

შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი იყო ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის (დაკომპლექტების მოდელი) კანდიდატები პარლამენტს ასარჩევად პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს, რომელიც მანამდე საკონკურსო კომისიას ქმნის და აცხადებს კონკურსს. რაც შეეხება პარლამენტის მიერ მათი არჩევის წესსა და პროცედურას, ცესკოს თავმჯდომარის და წევრების ასარჩევად პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა თავდაპირველად 2/3-იანი კვორუმით ტარდება. იმ შემთხვევაში, თუკი ცესკოს თავმჯდომარის 2/3-ით არჩევა ვერ ხდება, კენჭი მათ სრული შემადგენლობის უმრავლესობით ეყრება.

2/3-იანი კვორუმით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობას 5-წლიანი ვადით იკავებს, უბრალო უმრავლესობით დამტკიცებული – 6 თვის ვადით.

დაკომპლექტების იმდროინდელი მოდელი „შარლ მიშელის შეთანხმების” ნაწილი იყო და საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევაზე შეთანხმებას გულისხმობდა. ეს ითვალისწინებდა, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების სრული ვადით – 5 წლით, ასარჩევად პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა (100 მანდატი) იყო საჭირო. აღნიშნული, პარლამენტში მანდატების გადანაწილებიდან გამომიდინარე, თავის თავში გულისხმობდა, რომ ხსენებული პირების ასარჩევად მარავალპარტიული თანხმობა, ანუ  პოლიტიკური კონსენსუსი იყო საჭირო. ასეთი კვორუმის მიუღწევლობის შემთხვევაში, დაბალი პოლიტიკური მხარდაჭერის მქონე კანდიდატების თანამდებობებზე განმწესება დასაშვები იქნებოდა 6 თვით. 

პარალელურად ოპოზიციური პარტიები აქტიურად ითხოვდნენ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელის თამარ ჟვანიას გადადგომას, რადგან მიაჩნდათ, რომ მან არჩევნების გაყალბებაში, ხელისუფლების მითითებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

2021 წლის 30 ივნისს თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა. მან Facebook-ზე დაწერა, რომ თანამდებობაზე ყოფნა კიდევ ორ წელზე მეტი ხნით შეეძლო, თუმცა, მიაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. ჟვანიამ თქვა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.

2024 წლის 20 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა 81 ხმით,  6-ის წინააღმდეგ ხმით მესამე მოსმენით საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომლითაც ცესკოს  თავმჯდომარისა და პროფესიული ნიშნით წევრების არჩევის პროცედურა შეიცვალა. ცვლილებებით ასევე უქმდება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლისთვისაა განკუთვნილი.

ახალი კანონით, ცესკოს თავმჯდომარეს და პროფესიული ნიშნით წევრებს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს. ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატის ასარჩევად პარლამენტის წევრთა 3/5-ის (90 ხმა) მხარდაჭერაა საჭირო, მაგრამ თუ პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატის 90 ხმით არჩევას ვერ შეძლებს, შემდეგი კენჭისყრით პარლამენტს მისი არჩევა კვლავ სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) შეეძლება. ამისათვის პარლამენტს ორი ცდის შესაძლებლობა ეძლევა. თუკი პარლამენტი 76 ხმით ორჯერ ვერ აირჩევს კანდიდატს, ასეთ შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარის/წევრის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებამოსილება ქვეყნის პრეზიდენტზე გადადის.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე/წევრი დაბალი კვორუმით არჩევის შემთხვევაშიც სრული 5 წლის ვადით დაინიშნება.

ცესკოს შემადგენლობაში 17 წევრია, მათ შორის კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი. 7 წევრს პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს და პარლამენტი ნიშნავს, ხოლო 9 წევრი ოპოზიციური პარტიების მიერაა წარდგენილი.

ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ ზრდის პოლიტიკურ ზეწოლას ცესკოზე და ძირს უთხრის ინსტიტუტის ნეიტრალურობას. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ეს ცვლილებები არ შეესაბამება ევროკომისიის ცხრა პირობას და რომ მმართველი პარტია უგულებელყოფს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რომელიც აშკარად ამ ცვლილებების მიღების წინააღმდეგია.  

ცესკოში ოპოზიციის კვოტით არჩეული თავმჯდომარის მოადგილე – „ლელოს“ წარმომადგენელი გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ „სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობის გაუქმება, რომელიც მთელი ოპოზიციის კვოტაა და არა „ლელოსი“, მიუღებელია, როგორც ქართული ოპოზიციური პარტიების, ასევე, ევროპელი პარტნიორებისთვის“.

იმავდროულად, ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელსაც ოპოზიცია ირჩევს, იგივე უფლებამოსილება აქვს, რაც ცესკოს სხვა ოპოზიციონერ წევრებს, მხოლოდ ერთი განსახვავებით: მას შეუძლია ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება იმ შემთხვევაში, თუ თავმჯდომარე ვერ შეძლებს მასზე დაკისრებულ მოვალეობების შესრულებას.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა: „რაღაც მოცემულობა აქვთ მათ (ოპოზიციას) მოფიქრებული თავისთვის, რა მოცემულობაშიც, ალბათ, იციან, რომ თავმჯდომარე აღარ იქნება და მის მოვალეობას შეასრულებს მათი თანაპარტიელი, იმ კაცს შეიძლება რაღაც დამართონ, ვინც არის თავმჯდომარე“

2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. ევროინტეგრაციის გზაზე მომავალი პროგრესი დამოკიდებულია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 9 ნაბიჯშისახული რეკომენდაციების შესრულებაზე. საქართველოს მიერ გადასადგმელი ამ ნაბიჯების ნაწილია საარჩევნო მიმართულებით განსახორციელებელი ცვლილებებიც. ევროკავშირი პირდაპირ მოითხოვს ცესკოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. 

საქართველოში საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები შეეწინააღმდეგნენ ამ წესის შეცვლას. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) განმარტებით, 2024 წლის 20 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომლებიც ვერ პასუხობს ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესში არსებულ მთავარ გამოწვევებს და არ ითვალისწინებს ევროკავშირის, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს.  ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების უფლებამოსილების სრული ვადით – 5 წლით ასარჩევად საჭირო იყო პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა, ანუ პოლიტიკური კონსენსუსი. ასეთი კვორუმის მიუღწევლობის შემთხვევაში, დაბალი პოლიტიკური მხარდაჭერის მქონე კანდიდატების თანამდებობებზე განმწესება დასაშვები იქნებოდა 6 თვით. მაგრამ, ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატებს კვლავ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს და წარუდგენს პარლამენტს, რომელსაც, თავის მხრივ, უბრალო უმრავლესობითაც შეეძლება კანდიდატების სრული ვადით, 5 წლით არჩევა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ 15 თებერვალს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა 9 თებერვალს მეორე მოსმენით მიიღო, წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის მოთხოვნებთან, ასევე ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტს უარი თქვას კანონპროექტის არსებული სახით მიღებაზე და რაც შეიძლება სწრაფად შეიმუშავოს და დაამტკიცოს იმგვარი ცვლილებები, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. 

ცესკოს დაკომპლექტების წესის პრობლემურობა აღნიშნული იყო ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის მიერ 2023 წლის ივნისში წარმოდგენილ შუალედურ შეფასებაში,  მოგვიანებით კი, ევროკომისიის 8 ნოემბრის გაფართოების დოკუმენტში.  ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ სრულად უნდა გაიზიაროს ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაცია ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა აღნიშნულ კანონპროექტებთან დაკავშირებით ერთობლივი მოსაზრებები 2023 წლის 18 დეკემბერს გამოაქვეყნეს, რომელშიც გაკრიტიკებულია როგორც 2023 წლის ცვლილებები ცესკოს პროფესიული ნაწილის დაკომპლექტების შესახებ, ისე სექტემბერში პირველი მოსმენით მიღებული ახალი კანონპროექტი.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 5 მარტს პარლამენტმა მიერ საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა 19 მარტს დაძლია

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ 2024 წელს განხორციელებული ცვლილებებით, პარლამენტმა არსებითად გადაუხვია ზემოაღნიშნული შეთანხმების სულისკვეთებას. ცესკოს პროფესიული წევრების სრული ვადით ასარჩევად საკმარისი გახდა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა, რაც ცესკოს ერთპარტიული გადაწყვეტილებით დაკომპლექტების შესაძლებლობას აჩენს.

განხორციელებულმა ცვლილებებმა მმართველ პარტიას მიანიჭა სრული კონტროლი  კანდიდატის წარდგენის პროცესზე და ისინი იძლევიან ცესკოს  თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის შესაძლებლობას ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე. მიუხედავად ამისა, საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაითვალისწინა ეს მოსაზრებები და მესამე მოსმენით მიღებულ ვერსიაში არსებითი ცვლილებები არ შეიტანა.

ცესკოს თავჯდომარის არჩევის ეს მოდელი ეწინააღმდეგებ მე-4 პუნქტს „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, რადგან მასში პირდაპის წერია, რომ თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით- 2024 წელს, და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება, აუცილებელია. აუცლიებებლია ასევე, არჩევნების დღემდე გაცილებით ადრე საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩევლის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა. ეს პუნქტი ასევევ იყო 2022 წელს მიღებული 12 რეკომენდაციებში.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები არ პასუხობს საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე არსებულ უმთავრეს გამოწვევას – ნდობის ნაკლებობას და ეწინააღმდეგება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შესახებ აქამდე არსებულ ფუნდამენტურ შეთანხმებას, მმართველი პარტიის მიერ აღებულ ვალდებულებებსა და კომპეტენტური ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს. 

წარმოდგენილი კანონპროექტი აგრძელებს მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების სრული კონცენტრაციის ტენდენციას, აძლევს რა მას ცესკოს პროფესიული წევრების არჩევის შეუზღუდავ უფლებამოსილებას. ამავდროულად, გამორიცხავს პრეზიდენტის რეალურ მონაწილეობას ცესკოს დაკომპლექტებაში და მას უტოვებს უმნიშვნელო როლს, რათა კონსტიტუცია ფორმალურად არ იქნეს დარღვეული.