Latest posts by Aliq Media (see all)
საქართველო წყლის რესურსებით მდიდარი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, თუმცა წყლის რესურსების არათანაბარი განაწილება, კლიმატის ცვლილება და რაციონალური გამოყენების პრაქტიკის არარსებობა, ქვეყანაში არსებულ წყლის რესურსებს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.
წყლის დაბინძურება, შემცირებული ჩამონადენი მდინარეებში, კლიმატის ცვლილების ზემოქმედება და გახშირებული სტიქიური მოვლენები, ის მთავარი გამოწვევებია, რომელიც წყლის რესურსების მდგომარეობაზე და მისი გამოყენების შესაძლებლობაზე აისახება. იმისთვის, რომ გრძელვადიან პერიოდში უზრუნველყოფილი იქნეს წყლის რესურსებზე შეუფერხებელი წვდომა სხვადასხვა სექტორის მიერ (მაგ. წყალმომარაგება, ჰიდროენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, მრეწველობა ა.შ.), შემცირდეს წყლის ხარისხის გაუარესება და ამავე დროს არ დაზიანდეს წყლის ეკოსისტემები, საჭიროა ქვეყანაში არსებობდეს სრულყოფილი სამართლებრივი სისტემა და წყლის რესურსების მართვის თანამედროვე მექანიზმები.
წყლის რესურსების მართვის რეფორმა
წყლის რესურსების მართვის რეფორმის შესახებ საქართველოს კანონი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, რომელიც 2023 წლის 30 ივნისს მესამე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, განსაზღვრავს სააუზო მართვის პრინციპებს, რის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორია მდინარეთა შვიდ სააუზე უბნად დაიყოფა და თითოეული აუზისთვის შემუშავდება სააუზო მართვის გეგმები.
ამასთან ერთად, კანონი ადგენს წყლის მდგრადი გამოყენებისა და დაცვის ეკონომიკური მექანიზმებს, რომელიც ეფუძნება „ფასიანი ბუნებათსარგებლობის“ პრინციპს. კერძოდ, ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობა დაექვემდებარება ლიცენზირებას და დაწესდება მოსაკრებელი. წყლის რესურსების მართვის რეფორმის ქვეშ დაგეგმილ სხვა ღონისძიებებთან ერთად, ასევე მოაზრებულია წყლის რესურსების მონიტორინგის ქსელის გაფართოვება და კომპლექსური ღონისძიებების შემუშავება წყლის რესურსების დაბინძურებისგან დასაცავად. ახალი კანონით განსაზღვრული აქტივობების ძალაში შესვლა გათვალიწინებულია ეტაპობრივად, ხოლო რეფორმის სრულად ამოქემდება დაგეგმილია 2030 წლამდე.
კანონპროექტი ითვალისწინებს თითოეული მდინარის აუზისთვის წყლის პრიორიტეტიზაციის გეგმის შემუშავებას, რათა შეიქმნას ახალი პრიორიტეტიზაციის წესები წყლის რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლებიც გამოასწორებს ძველ კანონში არსებულ ხარვეზებს და შესაძლებელს გახდის როგორც სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორს შორის კონფლიქტის თავიდან აცილებას, ისე უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობის სუფთა სასმელი წყლით მომარაგებას.
სამთავრობო კვლევის შედეგების მიხედვით, ამ ეტაპისთვის, რეფორმის ქვეშ დაგეგმილი აქტივობების 52.3%-ია შესრულებული. შესრულების დონით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამართლებრივი ჩარჩოს განვითარების მიმართულებით ფიქსირდება, რასაც მოსდევს კომპეტენციის გაძლიერებისა და ინფრასტურქტურის განვითარების კომპონენტები. რეფორმის ქვეშ დაგეგმილი აქტოვობების შესრულების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება ინსტიტუციური მოწყობის ნაწილში.
აღშანიშნავია, რომ წინა შეფასების თანახმად, რეფორმების შესრულების პროგრესი 40.4 % ფასდებოდა, რაც ნიშნავს, რომ თითქმის 12 % შესრულების ზრდა არის.
სააუზო მართვა
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, საქართველო წყლის რესურსებით მდიდარ ქვეყანად ითვლება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წყლის რესურსები არათანაბრად არის გადანაწილებული და უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილშია თავმოყრილი. ამდენად, წყლის მართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანად წყლის რესურსების სწორი გადანაწილება და რესურსით ღარიბი აღმოსავლეთ ნაწილის წყლით მომარაგება რჩება. წყლის რესურსების მართვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია წყლის ევროპული ჩარჩო დირექტივა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მიზნად ისახავს წყლის ხარისხის დაცვასა და რესურსების გადანაწილებას, წყლის რესურსების სააუზო მართვის პრინციპებზე დაფუძნებით.
საქართველო დაყოფილია 6 აუზად, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ამ მდინარეთა აუზებში არსებული წყლის რესურსების მართვა, აქედან სამი აუზი – ალაზანი-ივრის, მტკვრისა და ხრამი-დებედისა – მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო სამი – ენგური-რიონის, ბზიფიკოდორისა და ჭოროხი-აჭარისწყლის – დასავლეთ საქართველოში. სააუზო მართვის შემთხვევაში ძირითად ერთეულად განხილულია მდინარის აუზი, რომლის ფარგლებშიც ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები რაოდენობრივად და ხარისხობრივად მჭიდროდაა დაკავშირებული როგორც ერთმანეთთან, ისე ტერიტორიულადაც. აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მდინარე ქმნის მტკვრის ერთიან სისტემას და ჩაედინება კასპიის ზღვაში, დასავლეთ საქართველოს მდინარეები კი დამოუკიდებლად ერთვიან შავ ზღვას.
როგორც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის კერძო სექტორის განვითარების პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, ანა ბურდული “ალიქ მედიასთან” საუბარში აღნიშნავს, ასეთი მართვის თითოეული ერთეული მოითხოვს მართვის ეფექტიან სტრუქტურას, წყლის სწორ და მდგრად განაწილებას, ხარისხის შეფასების კონკრეტულ კრიტერიუმებსა და ყველა კეთილდღეობის სამართლიან განაწილებას. ამჟამად ქვეყანაში მიმდინარეობენ მუშაობა თითოეული აუზის მართვის გეგმებზე, რომლებიც დაარეგულირებენ წყლის რესურსების მართვის ასპექტებს ევროპული გამოცდილებისა და ადგილობრივი პრობლემატიკის გათვალისწინებით.
წყლის რესურსები
წყალი უნიკალური და უპირველესი, სასიცოცხლო მნიშვნელობის, ადამიანის, ცხოველთა სამყაროს და მცენარეული საფარის არსებობისათვის აუცილებელი ბუნებრივი რესურსია. იგი წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლის უპირველეს მოთხოვნილებას ჰაერის შემდეგ და სწორედ ამიტომაც ითვლება უნიკალურ რესურსად.
მდინარის ეკოსისტემაზე მოქმედ ფაქტორთაგან დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყლის ხარჯვის პრობლემას, რამდენადაც წყლის რესურსების სამეურნეო გამოყენების, განსაკუთრებით კი დაუბრუნებელი წყალმოხმარების (მორწყვითი მელიორაციის) შედეგად ადგილი აქვს წყლის დონის დაწევას, ე.ი. წყლის რესურსების შემცირებას.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პრობლემატურია ჰიდროსფეროსა და მისი გარემოს (ატმოსფერო, ლითოსფერო) მზარდი დაბინძურება. წყლის რესურსების ხარისხობრივი გაუარესების მთავარი წყალსამეურნეო მიზეზებია: ირიგაცია, მლაშე ნიადაგების მელიორაცია, ჩამდინარე წყლები, წყალსაცავების ქვაბულის არასწორი ორგანიზაცია და ხე-ტყის დაცურება. საკითხის დიდ მნიშვნელობაზე მეტყველებს თუნდაც ზოგადი მაგალითები: ის ჩამდინარე წყლებიც კი, რომლებიც გაწმენდის შემდეგ უბრუნდებიან პირველწყაროს, მოითხოვს სუფთა წყლით 15-ჯერად გაზავებას, რათა აღდგენილ იქნეს წყლის ბუნებრივი ხარისხი.
ყველა სახის ჩამდინარე წყლის წლიური მოცულობა, როგორც წესი, აბინძურებს 12-15-ჯერ მეტ ბუნებრივ წყალს, რაც უკვე მდინარეული ჩამონადენის მნიშვნელოვანი ნაწილია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახმელეთო ტერიტორიაზე, მის წიაღში, კონტინენტურ შელფში, ტერიტორიულ წყლებში და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული წყალი საქართველოს ეროვნული სიმდიდრეა და მას სახელმწიფო იცავს.
მტკნარი წყლის რესურსები საქართველოს ერთ-ერთ ძირითად სიმდიდრეს წარმოადგენს, რასაც ტერიტორიის მთიანი რელიეფი, უხვი ატმოსფერული ნალექები, განსაკუთრებით შავი ზღვის აუზში, განაპირობებს იმას, რომ მის ტერიტორიაზე ერთი წლის განმავლობაში ფორმირებული მტკნარი წყლის ფენის საშუალო სიმაღლით საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მსოფლიოს წყალუხვ ქვეყნებს შორის, ხოლო ევროპის ქვეყნებიდან იგი მხოლოდ ნორვეგიას, შვეიცარიას და ავსტრიას ჩამორჩება.
საქართველოში 26 060 მდინარეა და მათი საერთო სიგრძე დაახლოებით 60 ათას კმ-ს შეადგენს.
წყალმოხმარება საქართველოში
წყალმოხმარების თვალსაზრისით, სოფლის მეურნეობა საქართველოში წყლის ყველაზე მსხვილი მომხმარებელია, ხოლო საყოფაცხოვრებო სექტორი საქართველოში სიდიდით მეორე წყალმომხმარებელია. ეს სექტორი წყალს ძირითადად სასმელ-სამეურნეო მიზნებისათვის მოიხმარს. და როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, 2021 წეთან შედარებით 2022 წელს 14 %-ით გაიზარდა წყლის დანაკარგების პროცენტული წილი და 33 %-ს შეადგენს. ასევე, სარწყავი მიზნებისთვის გამოყენებული წყლების დანაკარგებთან შედარებიტ თითქმის ორმაგია საყოფაცხოვრებო სექტორში გაშვებული წყლების დანაკარგები ტრანსპორტირებისას, და როგორც ქვემოთ მიცემულ გრაფიკიდან ირკვევა, 2022 წელს წყალმომარაგეობის სისტემაში გაშვებული წყლის მოცულობის 72 % შეადგენდა დანაკარგების წილი.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის კერძო სექტორის განვითარების პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, ანა ბურდული “ალიქ მედიასთან” საუბარში აღნიშნავს, რომ 2022 წლის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის 71.5 % მიერთებულია წყალმომარაგეობის სისტემას, ხოლო სტატისტიკის მიხედვით მოსახლეობის მხოლოდ 51.5 % არის მიერთებული საკანაზილაციო სისტემას, თუმცა ამ კუთხით რეფორმები გრძელდება.
და ბოლოს, რომ შევაჯამოთ, 2030 წლისთვის წყლის რესურსების მართვის რეფორმა დასრულებული უნდა იყოს. არსებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის ბოლომდე სასმელი წყლით ყველა ქალაქი უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ხოლო 2030 წლის ბოლოსთვის ყველა დასახლება. აღსანიშნავია, რომ წყალმომარაგეობის წვდომა მხოლოდ სასმელი წყლიტ უზრუნველყოფიტ არ განისაზღვრება. მნიშვნელოვანია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს საკანალიზაციო სისტემა, საირიგაციო და სარწყავი სისტემაც, რომელიც როგორც დაგეგმილია, იქნება მუნიციპალური მმართველობის ქვეშ, რათა განხორციელდეს მუდმივი მართვა.