Latest posts by Aliq Media (see all)
ეთნიკური უმცირესობების თემის წარმომადგენლებისათვის, ვინც სწავლის გაგრძელებას საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში გეგმავს, ენობრივი ბარიერი კვლავ პრობლემად რჩება. ენის საფუძვლიანად დასაუფლებლად, პროგრამის “1+4” ფარგლებში ერთწლიანი, ქართული ენის მოსამზადებელი კურსი, საკმარისი არ არის.
სარგის ირიციანი, რომელიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი) სოფელი დიდი გონდურიდანაა, ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც აღნიშნული პრობლემა შეეხო. 2022 წელს იგი თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მაგრამ პირველივე წელს, ქართული ენის მოსამზადებელ კურსზე, სწავლა გაუჭირდა.
„როდესაც პირველ გაკვეთილზე ვიჯექი, მივხვდი, რომ თითქმის არაფერი მესმოდა. რათქმა უნდა კომუნიკაცია მქონოდა მეგობრებთან, ერთმანეთს ვეხმარებოდით. მიუხედავად ამისა, პირველი შუალედური გამოცდის დროს ყველაზე რთული ეტაპი დაიწყო: ვერ ჩავაბარე მედიის კურსის (მოსმენის ნაწილი) გამოცდა. მეორე სემესტრიც არ იყო იოლი, გრამატიკა გამიჭირდა, რის გამოც ნახევარი წლით მეტი ვისწავლე და იმ ნახევარი წლის საფასური დამატებით გადავიხადე“, – ამბობს სარგისი „ალიქ მედიასთან“ საუბარში.
ქართული ენის მოსამზადებელ კურსზე სტუდენტებმა ერთი წელი უნდა ისწავლონ. შემდეგ კი, იმ შემთხვევაში თუ ყველა საგანს წარმატებით დაასრულებენ და საკმარის კრედიტებს (60 კრედიტი) დააგროვებენ, შესაძლებლობა ეძლევათ შემდეგ საფეხურზე გადავიდნენ და უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები გახდნენ.
პროგრამის მიზანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ქართულენოვან საზოგადოებაში ინტეგრირებაა. მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლიდან მოქმედი „1+4“ პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტში მიღებულ სტუდენტთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ქართული ენის არასაკმარისი ცოდნა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგაც დღის წესრიგში რჩება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მონაცემებით, თუ 2010 წელს ამ პროგრამაში ჩარიცხულთა საერთო რაოდენობა (ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტები) 301 იყო, 2023 წელს ეს რაოდენობა 1545-მდე გაიზრდა.
სტატიაზე მუშაობისას სამ სტუდენტს ვესაუბრეთ, რომლებიც ან ახლა სწავლობენ ამ პროგრამით უნივერსიტეტებში ან უკვე დაასრულეს სწავლა. სამივე ამბობს, რომ პროგრამას ბევრი ხარვეზი აქვს და დასახულ მიზანს ვერ აღწევს.
სტუდენტები, რომელთაც ქართული ენის მოსამზადებელი კურსი გაიარეს, ამბობენ, რომ ენის საფუძვლიანად შესასწავლად ერთი წელი საკმარისი არ არის. ენობრივი ბარიერი კი, როგორც უნივერსიტეტში სწავლისას, ასევე, მისი დამთავრების შემდეგაც, ეთნიკური უმცირესობების თემის წარმომადგენლებს არაკონკურენტუნარიანს ხდის ქართულენოვან სტუდენტებთან მიმართებაში.
ისინი ქართულის არასაკმარისი ცოდნის სათავეს სასკოლო და სკოლამდელი განათლების ეტაპზე, და პროგრამის “ხარვეზებში” ხედავენ.
სარგისისაგან განსხვავებით, ანდრანიკ მინასიანს, რომელიც ახალქალაქიდანაა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა და სამაგისტრო პროგრამის გავლა არ გაჭირვებია. თუმცა, მისი აზრით, რომ არა საკუთარ თავზე მუშაობა, ინტენსიურად ქართულ ენაზე წიგნების კითხვა, ისიც ბევრს სირთულეს გადააწყდებოდა. ანდრანიკი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012 წელს „1+4“ პროგრამით ჩაირიცხა. 2017 წელს წარმატებით დაამთავრა იურიდიული საბაკალავრო პროგრამა, 2020 წელს კი მაგისტრატურა.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ იურიდიული ორგანიზაცია “Minasyan Law Film” დააარსა. როგორც ანდრანიკი “ალიქ მედია“-სთან საუბრისას აღნიშნავს, მისი სტუდენტური წლების პერიოდში, მოსამზადებელ კურსზე, ეთნიკური სომხებისა და აზერბაიჯანელებისათვის ჯგუფები ცალკ-ცალკე იხსნებოდა. რის გამოც ჯგუფელებს შორის ქართულ ენაზე კომუნიკაცია ფაქტიურად არ ხდებოდა. ანდრანიკი ამბობს, რომ “პრაქტიკის გარეშე, ენის მხოლოდ თეორიულად შესწავლა შეუძლებელია”. დღეს მოსამზადებელ კურსზე უკვე შერეული ჯგუფები იქმნება, სადაც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის სტუდენტები ერთად სწავლობენ:
“ეს კარგია, იმ თვალსაზრისით, რომ მათთვის ერთადერთი კომუნკიაციის გზა ქართულად საუბარი რჩება, რაც ენის სწავლაში ეხმარება”, – ამბობს ანდრანიკი.
საგულისხმოა, რომ ყოველწლიურად, თითოეული ეთნიკური ჯგუფიდან 100 აპლიკანტი, რომელიც “ზოგადი უნარების” გამოცდაზე მაქსიმალურ ქულას დააგროვებს, უფასოდ აგრძელებს სწავლას როგორც ქართული ენის მოსამზადებელ ერთწლიან კურსზე, ასევე, მისი დასრულების შემდეგ, ოთხწლიან საბაკალავრო პროგრამაზეც. მათ კი, ვინც ამ ასეულში ვერ მოხვდება, ყოველწლიურად 2250 ლარის გადახდა უწევს. რაც ნიშნავს, რომ მაგალითად 2023 წელს ჩარიცხული 1545 ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტიდან, დაფინანსება მხოლოდ 200-მა სტუდენტმა მიიღო (100 – ეთნიკურად სომეხი, 100 – ეთნიკურად აზერბაიჯანელი), დანარჩენი 1345 სტუდენტი და თავად იხდის ენის შემსწავლელი მოსამზადებელი კურსის საფასურს.
კახა გაბუნია, რომელიც 2010-2020 წლებში სახელმწიფო უნივერსიტეტში „1+4“ ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამას ხელმძღვანელობდა, იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ქართული ენის ერთწლიანი კურსი არ არის საკმარისი იმ სტუდენტებისთვის, ვინც ძალიან ცუდად ფლობს ქართულს. გაბუნია არაქართულენოვან სკოლებში ძალიან სერიოზული რეფორმის გატარების და ქართულის უფრო ინტენსიურად სწავლების აუცილებლობაზე საუბრობს.
საქართველოში 200-ზე მეტი არაქართულენოვანი სკოლაა, სადაც ქართული, როგორც მეორე ენა ისე ისწავლება. ამ სკოლებში ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეების 80 პროცენტი სწავლობს.
ედიკ კამალიანი, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის (ქვემო ქართლი) სოფელ შაუმიანიდანაა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერბათა ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტია. “ალიქ მედია”- სთან საუბრისას ედიკი ამბობს, რომ მოსწავლეებში სკოლის ასაკიდანვე ჩნდება ქართულის არცოდნის პრობლემა. მისი თქმით, თუ სახელმწიფო იზრუნებს იმაზე, რომ ქართული ენა სკოლაშივე საათანადო დონეზე ისწავლებოდეს, აღარ იქნება „1+4“ პროგრამის საჭიროება.
საქართველოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ 2019 წელს (ბოლო მონაცემია) ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ მე-7 კლასელი არაქართულენოვანი მოსწავლეების უმეტეს ნაწილს განსაკუთრებით დაბალი ენობრივი კომპეტენცია აქვთ. ენობრივი კომპეტენციის მიღწევის დაბალ ზღვარს მიღმა აზერბაიჯანული სექტორის მოსწავლეთა 87 პროცენტია, სომხური სექტორის შემთხვევაში კი ეს რიცხვი 60 პროცენტია.
ინგა სანიკიძე უკვე მეოთხე წელია ხელმძღვანელობს „1+4“ ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი თქმით, მოლოდინი არსებობს, რომ უნივერსიტეტში ჩარიცხული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები მინიმუმ B1 დონეზე ფლობენ ქართულ ენას. თუმცა, ხშირად ენის ცოდნის დონე გაცილებით დაბალია. სწორედ ასეთ სტუდენტებს უჭირთ სწავლა. სანიკიძე ქართულის არასრული ცოდნის პრობლემას განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებშიც ხედავს, რომელიც, მისი თქმით, წლების განმავლობაში თანდათანობით იხურება.
„ბოლო წლებში ტენდენცია გვიჩვენებს, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს უნდათ სწავლა საქართველოში, სურთ ქართულად სწავლა, სურთ თავიანთ სახელმწიფოში ცხოვრება, რაც ძალიან სასიხარულოა… ბოლო წლებში უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტები არიან ძალიან მოტივირებული, ბევრად უკეთ იციან ქართული ენა, ვიდრე წლების წინ მიღებულმა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სასკოლო და ზოგადად განათლების სექტორში პოზიტიური ცვლილებები ხდება“, – ამბობს სანიკიძე․
საქართველოს „სოციალური მართლმართლიანობი ცენტრის“ (SJC) „ეთნიკური უმცირესობების მიმართ განათლების პოლიტიკის სისტემური გამოწვევები“ ანგარიშის მიხედვით, 2005 წლიდან დღემდე, ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემაში რჩება მრავალი გამოწვევა, მათ შორის სკოლის მასწავლებელთა კვალიფიკაცია და პერსონალის ნაკლებობა, ასევე სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო რესურსების შექმნისა და თარგმნის საკითხი. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2005 წლიდან დღემდე შემუშავებულია სამი ეროვნული სასწავლო გეგმა ზოგადი განათლების საფეხურებისათვის, თუმცა არცერთი მათგანი არ არის სრულად დანერგილი არაქართულენოვან სკოლებში. კვლევაში ხაზგასმულია, რომ დღესაც არაქართულენოვან სკოლებში საგანმანათლებლო პროცესში გამოყენებული სახელმძღვანელოები არ შეესაბამება ქვეყნის 2018-2024 წლების ეროვნულ სასწავლო გეგმას.
ავტორი: ნორაირ მისკარიანი