“პატარა სოფლებში ახალგაზრდული ცენტრები დიდ როლს ასრულებენ”

“პატარა სოფლებში ახალგაზრდული ცენტრები დიდ როლს ასრულებენ”, – ამბობენ ჯავახელი ახალგაზრდები. თუმცა, ამის მიღმა დგას ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევები.

ფარავანი: ახალგაზრდული ცენტრი – “აი ია”

ნინოწმინდიდან 30 კილომეტრის დაშორებით, სოფელ ფარავანში, დედა-შვილმა, მანუშაკ და შუშან მკრტჩიანებმა გადაწყვიტეს პოზიტიური ცვლილებების შეტანა სოფელში და ახალგაზრდული ცენტრი დააფუძნეს. ძველი, დანგრეული შენობა, რომელიც ადრე ბიბლიოთეკის როლს ასრულებდა, აქციეს ცენტრად, სახელად „აი ია“.

“იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც დედაჩემი [მანუშაკი] ბავშვებს ქართულ ენაში ამზადებდა ჩვენს სახლში, – ამბობს შუშანი, – ის ქართული ენის მასწავლებელია სკოლაში. დღითიდღე უფრო მეტი ბავშვი გამოთქვამდა ქართული ენის დამატებით შესწავლის სურვილს ჩვენს სახლში კი ადგილი აღარ იყო. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ შეიძლებოდა ამ შენობის გამოყენება გაკვეთილებისთვის.”

ახალგაზრდული ცენტრის შენობა რეაბილიტაციამდე

ამის შემდეგ შენობა აღადგინეს, წიგნები, რომელთა გამოყენებაც ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო დატოვეს, შენობაში ინვენტარი და ხელნაკეთი დეკორი შეიტანეს და ოროთახიანი ძველი ქოხი ახალგაზრდებისთვის შესაკრებ ადგილად აქციეს. ახლა აქ ტარდება ქართული ენის გაკვეთილებიც, ტრენინგები და სემინარებიც. თუმცა პრობლემების ჩრდილი ამ კედლებს მაინც არ სცილდება.

ახალგაზრდული ცენტრის შენობა რეაბილიტაციის შემდეგ

სოფელი ფარავანი ზამთარში ქალაქს მოწყვეტილი რჩება, დიდთოვლობა ხშირად გზას გაუვალს ხდის. ბუნებრივი აირი არ არის და პატარა ქოხი მხოლოდ და მხოლოდ პატარა ღუმელით თბება. ფიცრულ შენობაში, სადაც სოფლის ახალგაზრდები იკრიბებიან ელექტროენერგიითაც კი არ არის აღჭურვილი.

ცენტრი და მისი აქტივობები არ ფინანსდება რომელიმე დონორი ორგანიზაციის ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ. ყველაფერს ადგილზე მცხოვრები აქტიური ახალგაზრდები საკუთარი რესურსებით აკეთებენ: ატარებენ ტრენინგებს, ღონისძიებებს, დასუფთავების აქციებს [როცა ამინდი იძლევა საშუალებას]. სოფელ ფარავანში კი კარგი ამინდი მხოლოდ 3-4 თვე გრძელდება.

ვაჩიანი: “ჯავახეთის ჰაბი”

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩიანში, სვეტამ მის მეგობრებთან ერთად გახსნა ახალგაზრდული ცენტრი – “ჯავახეთის ჰაბი”. Awesome Foundation Javakhk ფონდის დახმარებით მათ აღჭურვეს ოთახი, სადაც ატარებენ სხვადასხვა ღონისძიებებს: ციფრული განათლების, ქართული და ინგლისური ენების გაკვეთილებს, შეხვედრებსა და ტრენინგებს.

როგორც სვეტა ამბობს, ცენტრმა საშუალება მისცა ახალგაზრდებს, რომ შეხვედრებსა და ტრენინგებს სოფელშივე დასწრებოდნენ და ახალქალაქში აღარ ევლოთ, განსაკუთრებით ტრანსპორტის პრობლემის გათვალისწინებით.

სოფლის ერთ-ერთმა მოსახლემ მათ ცენტრისთვის ადგილი დაუთმო, თუმცა გათბობის პრობლემა აქაც არის. პატარა ელექტრონული ღუმელია ერთადერთი სითბოს წყარო.

გარდა ამისა, ცენტრში ამჟამად მხოლოდ ერთი ოთახი ფუნქციონირებს, რომელიც ხშირად არ არის საკმარისი და პრობლემა იქმნება ტრენინგების დროის გადანაწილების მხრივ.

ორივე ცენტრის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ამგვარი ინიციატივები მეტ ყურადღებას და ინვესტიციას მოითხოვს. ეს ადგილები ხდება სოფლის მცხოვრებთა თავშეყრის ერთადერთ პუნქტად, სადაც მათ შეუძლიათ არა მარტო გაატარონ თავისუფალი დრო, არამედ განვითარდნენ.

ახალგაზრდული ცენტრები სოფლებში – ვიდეო

დედა-შვილი მკრტჩიანები, ფინანსური სიძნელეების მიუხედავად, იცავენ თავიანთი ცენტრის კეთილდღეობას. სვეტა და მისი მეგობრები იმედოვნებენ, რომ მეტი მხარდაჭერა ექნებათ, რათა “ჯავახეთის ჰაბი” კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და ფუნქციონალური გახდეს.

ამჟამად ასეთი ცენტრები არსებობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიფში, ფოკაში, ფარავანში, გორელოვკაში და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში, ტურცხსა და გულიკამში.

ადგილობრივი ორგანიზაცია – “ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის” რამდენიმე თვეა, რაც რეგიონის სოფლებს, კერძოდ ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს სტუმრობს, სადაც ადგილზე არსებულ პრობლემებს ავლენს.

ვიზიტების დროს აღმოჩნდა, რომ ბევრ სოფელში საბჭოთა კავშირის დროინდელი შენობები, რომლებიც თავის დროზე ასრულებდნენ თეატრის, კინოდარბაზის, ბიბლიოთეკის როლს, ახლა მიტოვებულია ან დაკეტილია და არ ფუნქციონირებს.

ორგანიზაცია მოუწოდებს ადგილობრივ თვითმმართველობებს, სოფლებში არსებულ ძველ და დღეს უსარგებლოდ მიტოვებულ შენობებში, რომლებსაც საბჭოთა კავშირის დროს სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდათ, მათ შორის, ბიბლიოთეკა, კინო, თეატრი და სხვა, მოეწყოს საბიბლიოთეკო სივრცეები.

“უნდა მოეწყოს სივრცეები, რომლებიც აღჭურვილი იქნება მაგიდებით, კარადებით, სკამებით, წიგნებით, რამდენიმე კომპიუტერითა და პრინტერით. ასევე შესაძლებელია პროექტორის განთავსებაც.

ამგვარი სივრცე ადგილობრივ ახალგაზრდებს და არა მხოლოდ მათ, მისცემს დამატებით შესაძლებლობებს გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო საკითხებში, მოაწყონ შეხვედრები, ლექციები, დისკუსიები. სოფლებში ამგვარი სივრცეები გააჩენს სხვადასხვა მიმართულებით ინტელექტუალური შრომის ახალ მოტივაციას და ინტერესებს.

ეს იქნება შესაძლებლობა სკოლის მოსწავლეებისთვის, აბიტურიენტებისთვის, მასწავლებლებისთვის, უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საფუძველი ჩაუყარონ სხვადასხვა ინიციატივებს, რაც მათ პროფესიულ და კულტურულ განვითარებას და განათლებას მოემსახურება, ასევე შეასრულებს სათემო აქტივობების განხორციელებისთვის სივრცის ფუნქციასაც”, — ამბობენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.