Latest posts by Aliq Media (see all)
2024 წლის ბიუჯეტში 30 იანვარს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ცვლილებები შეიტანა და განსაზღვრა, თუ როგორ დახარჯავს ფულს მუნიციპალიტეტი 2024 წელს. „ალიქ-მედიამ“ გადაწყვიტა ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები მიმოეხილა და რამდენიმე საინტერესო ფაქტზე გაემახვილებინა ყურადღება.
მიმდინარე წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის ასიგნებები 51 მილიონს გადააჭარბებს. აქედან 43.5 მილიონი ახალციხის საკუთარი შემოსავლებიდან მიიმართება, ხოლო დანარჩენი თითქმის 8 მილიონი ლარი სხელმწიფო ბიუჯეტიდან იქნება გამოყოფილი.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი თანხები თითქმის სრულად მოდის არაფინანსური აქტივების ზრდაზე.
აქედან 7.1 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა მიმართული. მისი ნაწილი, კერძოდ – 5.36 მილიონი ლარი ახალი გზების მშენებლობაზე უნდა დაიხარჯოს – ბიუჯეტის მიხედვით ეს თანხა მიემართება ქალაქ ახალციხეში ხანძთელის, მთაწმინდელის და თამარაშვილის ქუჩების რეაბილიტაციაზე (587 ათასი ლარი), სოფელ აწყურისა და სოფელ თიესელის დამაკავშრებელი გზის რეაბილიტაციაზე, სოფელ აწყურის მე-6, მე-7 და მე-12-ე უბნების გზის რეაბილიტაციზე (184 ათასი ლარი), სოფელ აწყურისა და სოფელ თისელის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაზე (1.2 მილიონი ლარი), სოფელ ურაველში ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე (330 ათასი ლარი). ბიუჯეტში აღნიშნულია, რომ გარდა ჩამოთვლილი გზებისა, „ფინანსური რესურსების ფარგლებში, გზების კაპიტალური შეკეთება შესაძლებელია განხორციელდეს მუნიციპალიტეტის სხვა გზებზეც. ლოკაციების შერჩევა განხორციელდება მოსახლეობის მომართვიანობისა და წლის განმავლობაში წარმოქმინილი გადაუდებებლი აუცილებლობის გათვალისწინებით.“
სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან მიმართული თანხის დანარჩენი ნაწილი თითქმის სრულაად კეთილმოწყობის პუნქტშია გათვალისწინებული. კერძოდ, იგეგმება ეს თანხა დაიხარჯება პარკებისა და სკვერების რეაბილიტაციასა და სოფლის მხარდაჭერის ქვეპროგრამების ფარგლებში.
ინფრასტრუქტურა ყველაზე მსხვილი მუხლია ასიგნებების იმ ნაწილშიც, რომელიც მუნიციპალიტეტმა საკუთარი შემოსავლებიდან გაითვალისწინა. სახელმწიფო ფონდებიდან გამოყოფილი თანხის გარდა, ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტი დამატებით თითქმის 18 მილიონს მიმართავს. ეს ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 2024 წლის განმავლობაში ახალციხის მუნიციპალიტეტი ჯამში 25 მილიონ ლარზე მეტს, მთლიანი ასიგნებების თითქმის ნახევარს (48,6%) დახარჯავს.
ბიუჯეტის თანხების დანარჩენი ნაწილი შემდეგნაირად არის განაწილებული. გარემოს დაცვასა და დასუფთავებაზე მუნიციპალიტეტი 4,1 მილიონ ლარს დახარჯავს. განათლების მიმართულებით 7,8 მილიონი ლარია გამოყოფილი – აქედან 5,8 მილიონი ლარი სკოლამდელი განათლების მიმართულებით, მათ შორის სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაციისთვის (1,6 მლნ) არის გამოყოფილი. ბიუჯეტის მიხედვით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პროგრამებზე 5,16 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი, ხოლო ჯანდაცვის ხარჯებად 2024 წლის ბიუჯეტში თითქმის 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
რაც შეეხება თვითონ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენახვაზე დახარჯულ თანხებს, ბიუჯეტში 7,45 მილიონი ლარია გათვალისწინებული, საიდანაც 1,9 მილიონი ლარი საკრებულოს შენახვაზეა მიმართული, ხოლო 5,17 მილიონი ლარი – მერიის.
კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი, რომელზეც ყურადღება გვინდა გავამახვილოთ დასაქმებულთა რიცხოვნობაა. ბიუჯეტის მიხედვით, 2024 წლის განმავლობაში ახალციხის მუნიციპალიტეტში 189 ადამიანი იქნება დასაქმებული. ეს წინა წელთან შედარებით შემცირებული რიცხვია, თუმცა 2022 წელთან შედარებით გაზრდილი. გაზრდილია ბიუჯეტში შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხა – 22%-ით.
რაც შეეხება სხვა მაჩვენებლების წინა წელთან შედარებას, გასულ წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გეგმა 50,6 მილიონ ლარს შეადგენდა და წელს ეს თანხა თითქმის 1 მილიონი ლარითაა გაზრდილი. დაგეგმილი ზრდის 60% სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან ახალციხის მუნიციპალიტეტზე მიმართული თანხების ზრდაზე მოდის.
„ალიქ მედია“ მომავალში ბიუჯეტის შესრულების პროცესს დააკვირდება და მკითხველს მიაწვდის ინფორმაციას იმის თაობაზე – თუ რამდენად წარმატებით ახორციელებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლება ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებს.