Latest posts by Aliq Media (see all)
2024 წლის 31 იანვარს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივი თივთმმართველობის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებები შეიტანა და 2024 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები განსაზღვრა. ამ სტატიაში ვეცდებით მოკლედ მიმოვიხილოთ ბიუჯეტის ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტები.
მიმდინარე წელს ნინოწმინდის ბიუჯეტიდან ჯამში 21.1 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება, აქედან დაახლოებით 16 მილიონი მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლებია, ხოლო დანარჩენი თანხა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან იქნება გამოყოფილი. სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების უდიდესი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება.
ჯამში, 2024 წლისთვის მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 11,6 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს, საიდანაც 4,87 მილიონი ლარი სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან იქნება მიმართული. ამ ხარჯებიდან ჩვენ რამდენიმე ძირითად ქვეპროგრამას გამოვყოფთ:
- გზების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვა (02 01 01) – 5,7 მილიონი ლარი. მიმდინარე წელს საგზაო ინფრსტრუქტურის პრობლემების მოგვარებას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი შემდეგ ლოკაციებზე აპირებს: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გზების საფარის განახლების(ორმოების ამოვსება) სამუშაოები; ქ. ნინოწმინდაში სასაფლაო N 1-ის შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები; ქ. ნინოწმინდაში სასაფლაო N 2-ის შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები; სოფ. სათხის შიდა გზის მოასფალტება; ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. ჟდანოვაკან – სამების დაკავშირებული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია; ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. ფოკა- ვლადიმიროვკის გზის მოასფალტება; ქალაქ ნინოწმინდაში დუმბაძის ქუჩის გზის მოასფალტება; ქალაქ ნინოწმინდაში ჰოვსეფიანის # 18 კორპუსის ეზოს რეაბილიტაცია; საექსპერტიზო მომსახურება;
- საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია (02 02 01) – 113 ათასი ლარი. ქვეპროგრამის ფარგლებში სანიაღვრე არხების მოწყობაა დაგეგმილი დიდ არაქალში, მაწვარასა და სპასოვკაში;
- სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია (02 02 02) – დაახლოებით 1 მილიონი ლარი. მუნიციპალიტეტი მიმდინარე წელს წყალსადენი სისტემის მოწესრიგებას აპირებს სოფელ საღამოს, სოფელ სათხისა და დიდი არაქალის, სოფელ ოროჯალარის, სოფელ ყაურმისა და სოფელ ჯოგრაშენის მოსახლეობისთვის. ასევე, სოფელ ეფრემოვკაში პირუტყვისთვის სასმელი წყლის აუზის მშენებლობას შეისყიდის – ორ ლოკაციაზე;
- გარე განათების რეაბილიტაცია (02 03 01) – დაახლოებით 1 მილიონი ლარი. ეს ქვეპროგრამა ღამის საათებში საზოგადოებრივი სივრცეების განათებას ისახავს მიზნად თუმცა კონკრეტული სოფლები ჩამოთვლილი არ არის;
- მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობის და სახურავების რეაბილიტაცია (02 04 01) – 457 ათასი ლარი. კონკრეტული ლოკაციები არც ამ ქვეპროგრამაშია განსაზღვრული, თუმცა აღნიშნულია, რომ ქვეპროგრამის მიზანი ქ. ნინოწმინდაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციაა;
- რიტუალების სახლების, კულტურული ობიექტებისა და სპორტული დარბაზების მშენებლობა (02 06 01) – 2,6 მილიონი ლარი. ქვეპროგრამაში დეტალურადაა ჩამოწერილი იმ დასახლებული პუნქტების სია, რომლებიც მიმდინარე ქვეპროგრამის ფარგლებში სარგებელს მიიღებენ.
ბიუჯეტში მეორე ყველაზე მსხვილი პუნქტი მუნიციპალიტეტის მმართველობაზე მიმართული ხარჯებია. ამ პუნქტში 2024 წელს დაახლოებით 4,8 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული და ამ თანხას მუნიციპალიტეტი თითქმის სრულად მერიისა და საკრებულოს შენხვაზე მიმართავს. ბიუჯეტის მიხედვით 2024 წელს ქალაქის მმართველობაში 82 ადამიანი იქნება დასაქმებული და ამ პუნქტში გამოყოფილი თანხის თითქმის ნახევარი (48%) სწორედ მათ შრომის ანაზღაურებაში დაიხარჯება.
კიდევ ერთი, სიდიდით მესამე პუქნტი ბიუჯეტში განათლების მუხლია. აქ მუნიციპალიტეტი 2 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს და ეს თანხა სრულად სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფაზე იქნება მიმართული. პროგრამის აღწერის მიხედვით, ბავშვთა ბაღები მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 885 ბავშვს მოემსახურება, რაც მუნიციპალიტეტში ამ ასაკის ბავშვთა 80%-ს შეადგენს. პროგრამაში ისიცაა აღნიშნული, რომ 2024 წლიდან ქ. ნინოწმინდის გარდა სამჯერადი კვებით 10 სოფლის საბავშვო ბაღიც იქნება უზრუნველყოფილი.
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებით მუნიციპალიტეტი დაახლოებით 1 მილიონ ლარს დახარჯავს და მისი უდიდესი ნაწილი (81%) სოციალურ უზრუნველყოფაზე იქნება მიმართული. სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილი კი სოციალურად დაუცველთა ჯანდაცვის საკითხებს მოხმარდება.
საკუთარი თანხების საკმაოდ დიდ ნაწილს მუნიციპალიტეტი კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებაზე დახარჯავს. მიმდინარე წელს ამ მიზნით ბიუჯეტში დაახლოებით 1,3 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი. ამ თანხის 35%-ზე ოდნავ მეტი – 455 ათასი ლარი სპორტულ ღონისძიებებსა და სასპორტო სკოლაზე დიხარჯება, ხოლო დაახლოებით 48% – 611 ათასი ლარი – კულტურულ ღონისძიებებსა და კულტურის სფეროს დაწესებულებებზე. ამავე პრიორიტეტის ფარგლებში 75 ათასი ლარით ტელე-რადიო მაუწყებლობა დაფინანსდება, ხოლო 80 ათასი ლარი ეკლესია-მონასტრების ფუნქციონირების ხელშეწყობაზე იქნება გამოყოფილი.
მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებას ალიქ-მედია აქტიურად დააკვირდება და წლის განმავლობაში მკითხველს განახლებულ ინფორმაციას შესთავაზებს, თუ რამდენად წარმატებით სრულდება ბიუჯეტის ფარგლებში გაწერილი პროგრამები.