Latest posts by Aliq Media (see all)
ახალქალაქში ტრანსპორტის პრობლემა ჯერ კიდევ დღის წესრიგში დგას.. Ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით აისახება ახალგაზრდების ცხოვრებაზე, რადგან მათ არ შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილდნენ სოფლებიდან ახალქალაქში, დაესწრონ სხვადასხვა შეკრებასა თუ წრეს(კურსს), როგორიცაა ცეკვა, სიმღერა, ხატვა, ჭადრაკი, ენების შესწავლა, სპორტის სხვადასხვა სახეობა და ა.შ.
Აღნიშნულ პრობლემაზე მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად ალიქ-მედია სოფლის მოსახლეობას ესაუბრა.
„სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის, ახალქალაქში მიდის 2 მანქანა (მაშრუტი), მაგრამ ძალიან უხერხულ დროს, დილის 9 საათზე გადიან აქედან და 1 საათზე ბრუნდებიან, საქმეს ვერ ვასრულებთ. გარდა ამისა, გვსურს ბავშვები სხვადასხვა ჯგუფში გავუშვათ, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებთ, რადგან ტრანსპორტი არ გვაქვს, ცენტრამდე მისვლას და უკან დაბრუნებას დიდი თანხა სჭირდება“,- ამბობს სოფელ კოჩიოს მცხოვრები.
„სოფელ ბარალეთში ვცხოვრობ, გზა მოასფალტებულია, არ ვწუწუნებთ, მაგრამ ტრანსპორტის პრობლემა გვაქვს. ახალქალაქში ვერ მივალთ, ყველა საქმეს ვერ ვაკეთებთ და მაშრუტით ვერ დავბრუნდებით, რადგან ძალიან ცუდი გრაფიკით მუშაობენ. ყველა სახლს უნდა ჰყავდეს საკუთარი მანქანა, რათა შეძლოს საქმეების შესრულება და სახლში დაბრუნება. ძალიან კარგი იქნება, თუ გვექნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც სოფლებიდან ცენტრამდე დღეში რამდენჯერმე მივა, რათა მოსახლეობა თავისუფლად გადაადგილდეს“, – ამბობს სოფელ ბარალეთის მცხოვრები, ალიქ მედიასთან ინტერვიუში.
ახლა სოფლების მიმართლებით ორი ავტობუსი მოძრაობს, აგანა-ახალქალაქი, ბეჟანო-ახალქალაქი.
(აგანა-კოჩიო- ლომატურცხი-კოთელია-არაგვა- ახალქალაქი
ბეჯანო-კოჩიო-ბარალეთი-კოთელი-არაგვა-ახალქალაქი)․
ეს განრიგი განსაკუთრებულ პრობლემებს უქმნის სტუდენტებს, რადგან თბილისისკენ მიმავალი ავტობუსის საათები არასოდეს ემთხვევა სოფლის ტრანსპორტს და ცენტრამდე მისვლა აუცილებელია სხვა ტრანსპორტით.
2021 წლის სექტემბერში ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა თბილისის მუნიციპალიტეტისგან Izusu-ს მარკის 3 ყვითელი ავტობუსი მიიღო. ერთ-ერთი ავტობუსის მგზავრობის მიმართულება ცნობილი იყო – ე.წ. „გოროდოკიდან“ ხოსპიომდე, ხოლო დანარჩენი ორს უნდა ემოძრავა ისეთ მიმართულებებზე,ე, სადაც მგზავრების ნაკლებობა არ იქნებოდა.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული ავტობუსები თბილისის საქალაქო ავტობუსები იყო, რომლებიც აღარ გამოიყენებოდა, რადგან იქ ახლები შეიძინეს. თბილისიდან ის ავტობუსები გადაეცა იმ მუნიციპალიტეტებს, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს.
ახალქალაქის ყოფილი მერის, იურიკ უნანიანის თქმით, ავტობუსებს ტექნიკური პრობლემები ჰქონდა, რომელიც მოგვარების შემდეგ იმუშავებდა․ თუმცა ავტობუსები ამ დრომდე არ მუშაობენ․
„ჩვენ განვიხილეთ საკითხი, უნდა გამოვყოთ თანხა, რომ გავხსნათ სამი მძღოლის პოზიცია და გამოვყოთ ხელფასები. ვინაიდან ეს ავტობუსები მოულოდნელად მივიღეთ, ბუნებრივია, დაგეგმილი ხარჯები არ გვქონია“, – ამბობს ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორი არმენ ბიჭახჩიანი.
ახალქალაქის მოქმედმა მერმა მელქონ მაკარიანმა „ ალიქ მედიასთან“ საუბარში თქვა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გაგზავნილი ავტობუსები გაუმართავ მდგომარეობაშია და შეკეთებისთვის დიდი თანხაა საჭირო.
„ავტობუსები გაფუჭებულ მდგომარეობაშია, შეკეთების შემდეგაც ვერ მოემსახურება სრულყოფილად, ამიტომ მიგვაჩნია, რომ მოსახერხებელია, ამ ტრანსპორტებზე არ დავხარჯოთ ფული და უფრო სწორად გამოვიყენოთ ეს თანხა“, – ამბობს მელქონ მაკარიანი.
მერი აღნიშნავს, რომ მათ წლის შუა პერიოდში საკრებულოს თავმჯდომარესთან და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის მონაწილეებთან ერთად შეხვედრა ჰქონდათ. ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის – ავტობუსის შეძენას გეგმავენ, რომელიც ერთ ხაზზე იმოძრავებს. მგზავრობის ტარიფი და მიმართულება ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ტრანსპორტი იმ მიმართულებით წავა, რომელიც ასფალტირებულია და ბევრი სოფელია, რათა მგზავრების დეფიციტი არ იყოს.
ინფორმაციის გამოთხოვა თბილისის მერიიდანაც ვცადეთ, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. პასუხის მიღების შემთხვევაში სტატიას შესაბამისი ინფორმაციით განვაახლებთ.
Ვცდილობდით გაგვერკვია, თუ რატომ მიიღო ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა სამი იმდენად ამორტიზებული ავტობუსი, რომ მათ შეკეთებას მუნიციპალიტეტის მოქმედი მერი არარენტაბელურად მიიჩნევს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ახალი ავყობუსის შეძენას გეგმავს..
Მანამდე კი – პრობლემა კვლავ აქტუალურია, სოფლების მცხოვრებლებს მუნიციპალიტეტის ცენტრამდე მგზავრობის პრობლემა აქვთ, ახალქალაქის ბიუჯეტში ტრანსპორტისთვის გათვალისწინებული თანხა კი ჯერ არ არის დაკონკრეტებული.