სასმელი წყლის ნაკლებობა – მთავარი პრობლემა ს. დიდი არაქალის მოსახლეობისთვის

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ არაქლში, მდინარის ნაპირზე, ხევში არის პატარა სატუმბე სადგური, საიდანაც ხდება წყლის მიწოდება ადგილობრივებისთვის. მას მიროიანების ოჯახი უწევს ზედამხედველობას.

არუსიაკ მიროიანი, ქალი, რომელიც წყალს აწვდის მთელ სოფელს, გვიყვება, რომ საღამოობით ხევში ჩასვლა რთულია. განათება ამ მონაკვეთზე არაა მოწყობილი, გზა კი სახიფათოა, რადგან დაღმართია და არასდროს გარემონტებულა. 

“განათება მაინც მოაწყონ. ღამე ტუმბოების გამორთვა გვიწევს და სიბნელეში მხოლოდ ფარანი გვინათებს გზას. ზამთარში კი ხევში ჩასვლა უფრო რთულდება გზის მოყინვის გამო”, – ამბობს არუსიაკი.

დიდი არაქალი ნინოწმინდიდან 8 კმ-ში, მდინარე თავფარავნის ნაპირზე მდებარეობს. სასმელი წყლის სიმწირე — ეს არის მთავარი საკითხი, რომლის მოგვარებაც სოფლის მოსახლეობას სურს.

წყლის ნაკლებობა განსაკუთრებით ზაფხულობით მწვავდება, როდესაც იგი გამოიყენება ბოსტნების მოსარწყავად. ამ პერიოდში მოსახლეობას წყალი მხოლოდ დღეში 2-3 საათის მანძილზე მიეწოდება. ასეთ დროს ადგილობრივებს ავტომობილებით მოაქვთ პლასტმასის ტარებში გავსებული წყალი. ამ ოდენობის წყლით დიდი არაქალელები საბაზისო საჭიროებებსაც კი ვერ იკმაყოფილებენ. 

პრობლემურია სასმელი წყლის ხარისხიც, რომელიც ჭუჭყიანდება აუზში, განსაკუთრებით უხვი ნალექის შემდეგ.  

ვიდეო სრულიად:

https://www.facebook.com/YouthforDemocraticChanges/videos/1321299438749736/

2023 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში [დიდ არაქალში, ყაურმაში, სათხესა და ჯიგრაშენში] მუნიციპალური განვითარების ფონდი აპირებს ახალი წყალგამყვანი ხაზის მშენებლობას, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 825 091 ლარია გამოყოფილი. 

ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოების დაწყებას აანონსებს და აღნიშნავს, რომ სამუშაოები 2024 წელს დასრულდება.

სასმელი წყლის ხაზს სოფელ საღამოდან დიდი არაქალის და სათხის მიმართულებით გაიყვანენ. ასევე იგეგმება სატუმბი სისტემის დამონტაჟება და წყლის ფილტრაციის სისტემის მოწყობა.

მასალა მომზადებულია  “ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის” ორგანიზაციის მიერ “Youth ON – მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა პოზიტიური ცვლილებებისთვის” პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.