ოჯახის დაგეგმვა და მასთან დაკავშირებული სერვისების მნიშვნელობა

ოჯახის დაგეგმვის უსაფრთხო და ნებაყოფლობითი შესაძლებლობა ადამიანის უფლებაა. ოჯახის დაგეგმვა გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების ცენტრალური ელემენტი და სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. ოჯახის ეფექტიანი დაგეგმვა ამცირებს არასასურველი ორსულობების და სახიფათო აბორტების რაოდენობას, ახდენს ორსულობასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის და ავადობის შემთხვევათა პრევენციას, ამცირებს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, მათ შორის აივ/შიდსი-ს, გავრცელებას, იცავს მოზარდების ჯანმრთელობას და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე რენტაბელურ საშუალებას ქალების, მამაკაცების, ახალგაზრდების და მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. ყველა ამ მიზეზის გამო ინვესტირება თანამედროვე ოჯახის დაგეგმვაში წარმოადგენს დედის, ახალშობილის და ბავშვის ჯანმრთელობის გაუმჯობესების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან სტრატეგიას.

ორგანიზაცია ჰერა XXI-ის პროექტების კოორდინატორი სალომე იობაძე, ექიმ რეპროდუქტოლოგი ნატო შენგელია და სოციალური მუშაკი მარიამ ხუროშვილი გვაზიარებენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას ოჯახის დაგეგმვაზე.

რა მნიშვნელობა აქვს ოჯახის დაგეგმვას ქალის ცხოვრებაში და რას ნიშნავს ოჯახის დაგეგმვის სერვისი?

ოჯახის დაგეგმვა საშუალებას იძლევა: წყვილმა სწორად წარმართოს ოჯახური ურთიერთობები, შეძლონ ჯანმრთელი შვილების გაჩენა სასურველ დროს, შეგნებულად განსაზღვრონ ოჯახში ბავშვთა რაოდენობა და მშობიარობებს შორის შუალედები, აიცილონ თავიდან არასასურველი ორსულობა და აბორტი, შეინარჩუნონ ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა. ოჯახის დაგეგმვა ქალისთვის ნიშნავს მოზარდობიდან უწყვეტ განათლებაზე წვდომას, დამოუკიდებლობას, გენდერული უთანასწორობის, სექსუალური შევიწროების და ძალადობის პრევენციას, კარიერულ ზრდის წინაპირობას, თვითრეალიზებასა და ეკონომიკურ გაძლიერებას. 

საქართველოში ოჯახის დაგეგმვის სერვისები, რამდენად არის ინტეგრირებული  პირველადი ჯანდაცვის საბაზისო პაკეტში?

არ არის ინტეგრირებული და ვერ ხორციელდება დღედღეისობით, მიუხედავად იმისა რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი ითვალისწინებს ოჯახის ექიმის მიერ აღნიშნული სერვისის და ცოდნის მიწოდებას ქალებზე, დაბალია თვით ოჯახის ექიმის ჩართულობა და ცოდნა ამ საკითხების მიმართ, ხდება პირდაპირი რეფერალი ექიმ სპეციალისტთან რაც უძვირებს ქალს აღნიშნული სერვისით სარგებლობას და მოითხოვს მისგან დროის ზედმეტ ხარჯვას.

მიგაჩნიათ თუ არა, რომ  საქართველოში ქალები სრულყოფილად არიან ინფორმირებულები ოჯახის დაგეგმვის სერვისებისა და კონტრაცეპტივების შესახებ?

არა, ქალები საქართველოში ზოგადად არ უთმობენ დიდ დროს მათ რეპროდუქციულ ჯანმრთელობას და არ ცდილობენ ცოდნის ამაღლებას, ხშირ შემთხვევაშიც კი მათ არ გააჩნიათ წვდომა სერვისებთან. სახელმწიფოს არ აქვს რაიმე განსაკუთრებული შეთავაზება ამ კუთხით ქალებისადმი.  არ მიმდინარეობს სწავლება არც სკოლებში არც სკოლისშემდგომ დაწესებულებებში მათი ცოდნის ამაღლების მიზნით, რასაც საბოლოოდ მივყავართ ოჯახის დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით, დაბალ ცნობადობასთან. უნდა აიღნიშნოს არასამთავრობო ორგანიზაციების როლი პრობლემის აქტუალურობაში. ისინიაქტიურადუწყობენხელსპოზიტიურ, შედეგზე ორიენტირებულ ცვლილებებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით. 

თქვენი აზრით, კონტრაცეპტივების გამოყენების  რა მთავარი სოციალურ/კულტურული ბარიერები არსებობს?

ოჯახის დაგეგმვის მეთოდების გამოყენებაში ფინანსური ფაქტორი საკმაოდ დიდი ბარიერია. კონტრაცეფცია სახელმწიფო პროგრამებით არ ფინანსდება, არც სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის არსებობს ამ მხრივ ფინანსური შეღავათი. ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე გამოყოფილი თანხა არ არის საკმარისი ოჯახის დაგეგმვისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის გარკვეული სერვისების უზრუნველსაყოფად. მითები და სტერეოტიპები, რელიგიური წარმოდგენები და ცრურწმენები ხშირად აყალიბებს სოციალურ-კულტურულ ბარიერს კონტრაცეპტივების გამოყენებისთვის. ეთნიკურ უმცირესობებში სტიგმა, ენობრივი ბარიერი, პატრიარქალური პრაქტიკები, მათ შორის გადაწყვეტილების კაცების მხრიდან მიღება და განათლებაზე ხელმიუწვდომლობა მთავარ სოციალურ კულტურულ ბარიერებს წარმოადგენს კონტრაცეპტივების გამოყენების კუთხით. 

რა ბარიერები ექმნებათ სოფლად მცხოვრებ ქალებს ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით?

საქართველოში რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მიწოდება ხდება უმეტესად სამშობიარო სახლების და ქალთა კონსულტაციების და შედარებით ნაკლებად, კერძო/ინდივიდუალური პრაქტიკის გინეკოლოგის მიერ. ამავე დროს, ოჯახის ექიმის და სოფლის ექიმის კომპეტენციებში ასახულია აღნიშნული სერვისების მნიშვნელოვანი ნაწილი და შეიძლება ითქვას, რომ ეპიზოდურად, ფრაგმენტულად, მაგრამ მაინც არის გადადგმული ნაბიჯები რჯ სერვისების ინტეგრირების მიზნით პირველად ჯანდაცვაში.

ქვეყანაში კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებზე ცოდნის და  ხელმისაწვდომობის გაზრდა გააუმჯობესებს ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობას სოფლად, ასევე სოფლის ამბულატორიებში კონტრაცეფციულ საშუალებებზე წვდომა და მეთოდის შერჩევა ამბულატორიის ოჯახის ექიმის მიერ საკმაოდ აამაღლებდა სოფლის მოსახლეობის მიერ ოჯახის დაგეგმვის სწორი მიმართულებას.

სოფლად მცხოვრებ ქალებს აქვთ გადაადგილებისთვის დროის, ტერიტორიული, ფინანსური ბარიერები ოჯახის დაგეგმვის მეთოდების გამოყენების კუთხით. ამასთან ირღვევა ქალი კონფიდენციალობა და ანონიმურობა სერვისის მიღებისას, და ხშირად მის გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს ოჯახის სხვა წევრების ჩარევა.

რატომ უნდა გამოიყენონ ქალებმა ოჯახის დაგეგმვის მეთოდები?

ოჯახის  დაგეგმვის მეთოდის სწორად შერჩევის და გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია  რამდენიმე ამოცანას გადაჭრა:

  • არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება;
  • შვილების სასურველი რაოდენობის ყოლა; 
  • ორსულობებს შორის ინტერვალის რეგულირებას; 
  • ბავშვის დაბადების დროის შერჩევას მშობლების ასაკის მიხედვით.

რას ურჩევდით ქალებს ოჯახის დადეგმვის სერვისებთან დაკავშირებით?

ოჯახის დაგეგმვასთან  დაკავშირებით ინფორმირებული არჩევანის გაკეთებისას პაციენტმა უნდა გააცნობიეროს ყველა ხელმისაწვდომი მეთოდი, მისი უპირატესობა, ნაკლოვანება, მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები, შესაძლო რისკი და გამოყენების ტექნიკა. მიიღოს სრული ინფორმაცია კომპეტენტური პირისან ოჯახის დაგეგმვის საკითხებში და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება ამა თუ იმ მეთოდთან დაკავშირებით. უნდა გაითავისოს რომ ყოველი ორგანიზმი განსხვავებულია და და ის მეთოდი რასაც იყენებს სხვა შესაძლებილია მისთვის არ იყოს სწორი არჩევანი.

ოჯახის დაგეგმვისა და კონტრაცეპციის თანამედროვე მეთოდებზე და ასევე რეპროდუქციულ ჯანმრთელობის საკითხებზე კონსულტირება შედის ოჯახის ექიმის კომპეტენციაში.

ქალებს შეუძლიათ კონსულტირება ოჯახის დაგეგმვის საკითხებზე კონფიდენციალურ გარემოში ოჯახის ექიმთან, რითაც გააკეთებენ ინფორმირებულ არჩევანს. ეს კონსულტირება შედის ოჯახის ექიმის კომპეტენციაში და იფარება საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტით. ქალს შეუძლია ნებისმიერ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში მიიღოს ოჯახის ექიმთან ოჯახის დაგეგმვის სერვისი.

როგორ/სად უნდა მიიღონ ქალებმა ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამების შესახებ?

რეგიონებში და სოფლებში კონკრეტულ სამედიცინო სერვისებზე, მათ შორის ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებში, ოჯახის ექიმთან.

კონკრეტული პროგრამა ოჯახის დაგეგმვასა და კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებზე ცალკე არ არსებობს, ოჯახის დაგეგმვაზე კონსულტირების სერვისები ერთ-ერთი შემავალი კომპონენტია და  ფარავს საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი ოჯახის ექიმთან. 

ეროვნულ სტრატეგიულ დოკუმენტებში მაგ: დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია მოწყვლადი ჯგუფების კონტრაცეფციით უზრუნველყოფა, თუმცა არ დამტკიცებულა რაიმე პროგრამა ჯერ კიდევ და არც იმპლემენტაცია ხდება. 

 

 

სტატია მომზადებულია „ალიქ მედია ჯორჯია-ს“ მიერ „ჩემი სხეული – ჩემი უფლება“ პროექტის ფარგლებში, “ქეა კავკასია“-ს ფინანსური მხარდაჭერით. წარმოდგენილი ინფორმაციის შინაარსზე სრულიად პასუხისმგებელია „ალიქ მედია ჯორჯია“ და სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ გამოხატავდეს “ქეა კავკასია“-ს შეხედულებებს.