ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა: ინტერვიუ სახალხო დამცველის რეგიონულ წარმომადგენელთან

ოჯახში ძალადობა წარმოადგენს გლობალურ პრობლემას და არ არის მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ან ერთი კონკრეტული ოჯახის პრობლემა. ძალადობის მსხვერპლი უმეტეს შემთხვევებში ამჯობინებს დუმილს, რადგან აქვს მცდარი წარმოდგენა, რომ მსგავსი პრობლემა მხოლოდ მას წარმოეშვა და არსებულის გამო შესაძლებელია საზოგადოებამ იგი გაკიცხოს. პრობლემის აქტუალობას განაპირობებს ის გარემოებაც, რომ ძალადობა ხდება ოჯახში, ოჯახის წევრებს შორის და უმეტეს შემთხვევებში იგი ფარულია ფართო საზოგადოებისათვის. ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი უმეტესად ქალები და ბავშვები არიან.

გაეროს ერთობლივი პროგრამის პროექტის “კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში” ფარგლებში სახალხო დამცველის რეგიონული  წარმომადგენელი ქვემო ქართლში, მარიამ გვიდიანის განმარტებით ოჯახში ძალადობას ახასიათებს ფარული და განგრძობადი ხასიათი და სპეციფიკური რადგან ხორციელდება ოჯახის წევრის ან წევრების მიერ სხვა ოჯახის წევრის/ების მიმართ.

ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა, იძულება. ოჯახში ძალადობა ხშირ შემთხვევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომელიც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის მიერ საქმეების შესწავლის ანალიზი ცხადყოფს რომ ოჯახში ძალადობა განსაკუთრებით მძიმედ აისახება დაბალი შემოსავლის მქონე ან შემოსავლის არმქონე ქალებზე, ეს პრობლემა განსაკუთრებით წარმოჩინდა პანდემიის ფონზე, როდესაც მთელ რიგ მომსახურების სფეროებში დასაქმებული ქალები უსამსახუროდ დარჩნენ. შესწავლილი საქმეების მიხედვით, ძალადობა ასევე მძიმედ აისახება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალებზე, ხანდაზმულებზე და ქალებზე, რომელთა პარტნიორები/ყოფილი პარტნიორები სამართალდამცავ უწყებებში მუშაობენ.

2021 წელს 112-ის ცხელ ხაზზე 18 007 შეტყობინება დაფიქსირდა, გამოიცა 9 376 შემაკავებელი და 92 დამცავი ორდერი, 11-1. 126-1 მუხლებით დევნის დაწყების მაჩვენებელმა კი 5 114 შეადგინა. 

მარიამ გვიდიანი აქტიურად მუშაობს რეგიონში ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისთვის და სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში ზედამხედველობას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობების გენდერულ პოლიტიკას. მისი თქმით, ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან პრევენციული პოლიტიკის არსებობა და ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა.

სახალხო დამცველის შეფასებით, კვლავ დაბალია ინფორმირებულობის დონე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სახელმწიფო სერვისების შესახებ. პრობლემად რჩება ძალადობის მსხვერპლთა სათანადო გაძლიერება, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ფინანსური მხარდაჭერა.

“სახალხო დამცველი აქტიურად ახორციელებს საინფორმაციო შეხვედრებს ცნობიერების ამაღლების მიმართულებით სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან, ჩვენთან შეხვედრის დროს უმეტესად ქალები ამბობენ რომ აქამდე არ ჰქონიათ ინფორმაცია სახელმწიფოში არსებული კანონმდებლობისა თუ დაცვისა და დახმარების მექანიზმების შესახებ”, – აღნიშნავს მარიამ გვიდიანი.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მწვავედ დგას სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაში, რაშიც ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის როლი. საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებები და სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური ღონისძიებების სიმცირე უარყოფითად აისახება ქალთა თანასწორუფლებიანობაზე, რაც მათ განსაკუთრებით დაუცველს ხდის და აჩენს მეტ წინაპირობას/რისკს  დაექვემდებარონ დისკრიმინაციას, სამუშაო და საჯარო სივრცეში შევიწროებას, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობას.

სახალხო დამცველის წარმომადგენლის აზრით, პრევენციული მიმართულების გასაძლიერებლად აუცილებელია ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსის სრულყოფილად დანერგვა. 2021 წლის მონაცემებით, კვლავ მცირეა იმ მოძალადეების რაოდენობა, რომლებიც ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსს გადიან, რაც კურსის ნებაყოფლობითი ხასიათითაა გამოწვეული. კვლავ არ შემუშავებულა პროგრამა იმ მოძალადეებისათვის, რომელთა მიმართაც დამცავი ორდერია გამოცემული. 

სახალხო დამცველის რეკომენდაციები სწორედ იქეთ მიემართება, რომ მოხდეს ცნობიერების ამაღლებაზე სისტემატური მუშაობა. მათ შორის გაგრძელდეს სამართალდამცავი უწყების თანამშრომლების გადამზადება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით. გაძლიერდეს და დაიხვეწოს ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებებში ბენეფიციართა გაძლიერების პროგრამები, ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში უზრუნველყონ მერიის წარმომადგენლების ცოდნის და კომპეტენციის გაფართოება გენდერული თანასწორობის საკითხებზე.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით, სახელმწიფომ პოლიტიკის შემუშავებისა და სამართალდამცავი პირების მიერ შემთხვევებზე რეაგირების კუთხით, მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. თუმცა დღესდღეობით ოჯახში ძალადობის, ოჯახში დანაშაულებისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა კვლავ მწვავედ დგას და აღნიშნული დანაშაულების პრევენციისა თუ ჩადენილ დარღვევებზე რეაგირების კუთხით ქვეყანა ჯერ კიდევ სერიოზული გამოწვევების წინაშეა. კვლავ პრობლემურია საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა და ოჯახში და ქალის მიმართ ძალადობის შემთხვევებზე მსხვერპლების მეორეული ვიქტიმიზაციისა და განმეორებითი ძალადობისგან ეფექტიანი დაცვა. 

სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლებს მნიშვნელოვან მხარდამჭერ სერვისებს სთავაზობს, რაზეც აუცილებელია რომ მოსახლეობა იყოს ინფორმირებული. არსებობს კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები სადაც ძალადობის მსხვერპლებს, დამოკიდებულ პირებთან ერთად შეუძლიათ მიიღონ ფსიქოლოგიურ და სოციალურ რეაბილიტაციასა თუ დახმარებას, სამედიცინო და სამართლებრივი მომსახურება, რომელიც როგორც იურიდიულ კონსულტაციას, ისე ადვოკატირებას მოიცავს. 

ასევე, 2019 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის, “112”- ის მობილურ აპლიკაციაში ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაციისა და სასარგებლო რჩევების მოძიებაც გახდა შესაძლებელი. 112-ის მობილური აპლიკაციის მთავარ უპირატესობას ადგილმდებარეობის განსაზღვრა წარმოადგენს. მას ჩუმი განგაშისა და ჩატის ფუნქციები აქვს ისეთი შემთხვევებისთვის, როცა მოქალაქეს საუბარი არ შეუძლია. ეს ფუნქციონალი ოჯახში ძალადობის შემთხვევების დროსა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია -SOS ღილაკზე დაჭერით 112-ის ოპერატორთან მოქალაქის ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი GPS კოორდინატები იგზავნება, დაფიქსირებულ ადგილზე კი პოლიცია მიდის. აპლიკაცია უფასოა და ხელმისაწვდომია ანდროიდისა და IOS-ის მომხმარებლებისთვის.

არსებობს ასევე SAFE YOU მობილურის საერთაშორისო აპლიკაცია, რომელიც ქალებს იცავს ძალადობისგან. აპლიკაციას გააჩნია ე.წ. SOS ღილაკი, რომლის გამოყენებაც ქალს შეუძლია საფრთხეში აღმოჩენის და თავდაცვის საჭიროების შემთხვევაში, იმისთვის რომ მის მიერვე წინასწარ დადგენილ კონტაქტებთან, დახმარებისთვის ხმის მიწვდენა შეძლოს. SOS ღილაკზე ერთი დაჭერით, განგაშის უფასო სიგნალი ერთდროულად იგზავნება წინასწარ შეყვანილ სანდო საკონტაქტო პირებთან, სპეციალიზებულ ქალთა ორგანიზაციებთან და, სურვილისამებრ პოლიციასთანაც. SAFE YOU აპლიკაციის პროექტის ავტორი საქართველოში ორგანიზაცია საფარია.

სტატია მომზადებულია „ალიქ მედია ჯორჯია-ს“ მიერ „ჩემი სხეული – ჩემი უფლება“ პროექტის ფარგლებში, “ქეა კავკასია“-ს ფინანსური მხარდაჭერით. წარმოდგენილი ინფორმაციის შინაარსზე სრულიად პასუხისმგებელია „ალიქ მედია ჯორჯია“ და სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ გამოხატავდეს “ქეა კავკასია“-ს შეხედულებებს.