Latest posts by Aliq Media (see all)
34 წლის ულვია ქარიმოვა ბაქოდან არის. ჟურნალისტია. ის თბილისში 18 სექტემბერს, 6 წლის შვილთან, ზარასთან ერთად ჩამოვიდა.
ზარამ სკოლაში სწავლა თბილისში დაიწყო, სადაც ულვიამ ცხოვრებაში პირველად ეროვნებით სომეხი გაიცნო. ულვია პროფესიით თარჯიმანია. ბაკალავრის ხარისხი ბაქოს “ხაზარის” უნივერსიტეტში მიიღო, მაგრამ ჟურნალისტიკით დაინტერესდა და ამჟამად საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), მულტიმედია ჟურნალისტიკასა და მედია მენეჯმენტს სწავლობს. ქარიმოვას თქმით ყოველთვის ფიქრობდა, რომ „სომხები არ იყვნენ კეთილები, არამედ სისხისმსმელებად მიაჩნდა“ და როდესაც საქართველოში ჩამოსვლისთვის ემზადებოდა, მხოლოდ 6 წლის შვილზე ფიქრობდა, რომელსაც ასევე აქ უნდა ესწავლა.
„ზარას სკოლის პირველივე დღეს, მისი ერთ-ერთი კლასელის მშობელი მომიახლოვდა, მკითხა სახელი, საიდან ვიყავი და შემომთავაზა დახმარება იმ წიგნის მოძიებაში, რომელიც ჩემს შვილს სჭირდებოდა. მერე ბინის პოვნაში დამეხმარა. ამ ქალის ეროვნება არ ვიცოდი, რადგან სკოლაში რუსები, ქართველები, სომხები და ჩინელებიც კი იყვნენ. რამდენიმე დღის შემდეგ მას ვკითხე, თუ საიდან იყო. მან კი მიპასუხა, რომ იყო სომეხი. იმ მომენტში რაც ვიგრძენი სიტყვებით ვერ აგიხსნით, მომენტალურად გავქვავდი და კანკალმა ამიტანა”, – ამბობს ქარიმოვა.
მისი აზრით, 2020 წლის მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და იმედოვნებს, რომ ერთ დღეს სომხები და აზერბაიჯანელები მშვიდობიან, მეგობრულ გარემოში ერთობლივად ცხოვრებას შეძლებენ.
ულვიასგან განსხვავებით, მის 29 წლის თანაკურსელს, მიქაელ ფამბუხჩიანს აქამდეც ჰქონია აზერბაიჯანელებთან პირადად შეხვედრის შესაძლებლობა, თუმცა მაინც ფიქრობს, რომ საქართველოში ჩასვლის გადაწყვეტილება მისთვის იყო დიდი გამოწვევა.
მიქაელი ერევნიდანაა. პროფესიით პოლიტოლოგმა ჟურნალისტიკა აირჩია, რადგან თვლის, რომ ეს სფერო პოლიტიკასთან მეტ კავშირშია“. მოხალისე ჟურნალისტად მუშაობა სტუდენტური სამოქალაქო ინიციატივის „რესტარტი“-ს ფარგლებში დაიწყო, სადაც სტუდენტების პრობლემებზე წერდა. GIPA-ში ცოდნისა და უნარების გასაუმჯობესებლად მოვიდა.
ფამბუხჩიანის თქმით, მათ სწავლა ომის წლისთავზე დაიწყეს. იხსენებს, რომ პირველივე ლექციაზე ძალიან დაძაბული იყო იმის შიშით, რომ აზერბაიჯანელების მხრიდან პროვოკაცია არ მომხდარიყო.
„ერთ დღეს, როდესაც თბილისში ვსეირნობდით, ჩვენმა აზერბაიჯანელმა კურსელმა დაგვინახა, მოგვიახლოვდა, მოგვესალმა, ჩაგვეხუტა და საუბარი დაიწყო. მისი წასვლის შემდეგ გზა განვაგრძეთ, ოღონდ უკვე სხვანაირად. ჩემს გონებაში ყველაფერი აირია, არ მჯეროდა, თუ როგორ შეიძლება აზერბაიჯანელი ყოფილიყო ასეთი კეთილი და საკუთარი ნებით მიახლოვებოდა სომეხს”, – ამბობს ფამბუხჩიანი.
მიქაელი ამბობს, რომ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მისი თქმით, „მტრობის“ აღქმა მოდის საჯარო სივრციდან.
„სომხეთში, თუ აზერბაიჯანელთან კონტაქტობ, ამ შენს ნაბიჯებს, შენს პერსონას სხვანაირად აღიქვამენ. ეს სხვებისთვის არის შეთქმულება, ან ღალატი”.
მიქაელისა და ულვიას მსგავსად GIPA-მ წელს 11 სტიპენდიანტს უმასპინძლა. 6 აზერბაიჯანიდან, ხოლო 5 სომხეთიდანაა. „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“ აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით თითქმის 20 წელია სტიპენდიანტებს სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, თბილისში მულტიმედია ჟურნალისტიკასა და მედია-მენეჯმენტზე სწავლის შესაძლელობას აძლევს. ისინი ჟურნალისტიკის და მედია-მენეჯმენტის ცოდნასა და უნარებს თანამედროვე მულტიმედიური გარემოსთვის მოსამზადებლად იღებენ.
2020 წელს მომხდარი მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდგომი პერიოდის მიუხედავად, 2021 წელს საქართველოში მაინც იმდენი სტუდენტი ჩამოვიდა, რამდენიც სასტიპენდიო კვოტით იყო გათვალისწინებული. ამავდროულად ხუთმა სომეხმა და სამმა აზერბაიჯანელმა სტუდენტმა კი მაგისტრის ხარისხიც მიიღო.
სხვაგვარი პრობლემა იყო 2020 წელს, როდესაც ომის დაწყებიდან პირველივე დღეს, 28 სექტემბერს უნივერსიტეტის პირველი ლექცია გაიმართა.
„ყველაზე რთული გასული წელი იყო, როდესაც ომი მიმდინარეობდა და პრაქტიკულად ამის პარალელურად დაიწყო სასწავლო წელიც. ასეთ სიტუაციაში არასდროსაა ადვილი სტუდენტებისთვის და პედაგოგებისთვის ოპერირება, მაგრამ ის დაგროვილი გამოცდილება, რომელიც გაგვაჩნია, გვაძლევს საშუალებას სწორად მივუდგეთ სტუდენტებს და ეს ახალგაზრდბიც, რომლებიც ჩვენთან მოდიან, რეალურად მზად არიან იმისთვის, რაც მათ GIPA-ს სალექციო ოთახში დახვდებათ“, – ამბობს GIPA-ს მულტიმედიური ჟურნალისტიკის და მედია მენეჯმენტის დეკანმა, ნინო ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, ამ პროგრამის იდეა ისეთი კურსის შექმნა იყო, რომელიც დაეხმარებოდა სტუდენტებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში, რათა სომხეთსა და აზერბაიჯანშიც გაეცნონ დასავლური ჟურნალისტიკის სკოლების მეთოდოლოგიას, რაც მისი თქმით საუკეთესო პრაქტიკაა.
საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნების სტუდენტებს როგორც წესი უჭირთ დაპირისპირებული მხარის წარმომადგენელთან შეხვედრა და ორი წლის განმავლობაში მათთან ერთად სწავლა.
მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ვითარება გაუარესდა და როგორც სტიპენდიანტები ამბობენ, ბევრ მათგანს დაპირისპირებული ქვეყნებიდან ჩამოსულ კურსელებთან შეხვედრამდე გარკვეული შიში ჰქონდა.
ანა ზურაბიანი იმ სამი სტუდენტიდან იყო ერთ-ერთი, რომლებიც ომის მიმდინარეობისას ჩამოვიდნენ საქართველოში. ზურაბიანი 22 წლისაა. სწავლობდა ბრიუსოვის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და კულტურათაშორისი ურთიერთობების ფაკულტეტზე. ბაკალავრიატის დასრულებისთანავე GIPA-ში ჩააბარა.
„პირველი დღეები ძალიან დაძაბული იყო. კომპიუტერის ვებ-კამერის ჩართვაც კი არ მინდოდა (გაკვეთილები ონლაინ ტარდებოდა – რედ.) და სულ ვიმეორებდი: „ოჰ, ისევ ეს აზერბაიჯანელები შემოგვიერთდნენ“ და მე სულ მეშინოდა, “ – ამბობს ზურაბიანი.
ზურაბიანი ფიქრობს, რომ ომის გამო არსებული დაძაბულობის მიუხედავად, სწორედ აზერბაიჯანელებთან ერთად ლექციებმა და მათთან კონტაქტებმა შეუწყო ხელი შინაგანი დაძაბულობის დაძლევას.
ზურაბიანი კურსელების მიმართ დადებითად არის განწყობილი. იგი იხსენებს, რომ შარშან თბილისში მხოლოდ ორი თვე გაატარა კორონავირუსის გამო, მაგრამ იმ პერიოდშიც მუდმივ კავშირს ინარჩუნებდა აზერბაიჯანელ სტუდენტებთან. ისინი მეგობრულ გარემოში რეგულარულად იკრიბებოდნენ.
„როგორც ასეთი, შიში არ იყო ჩემში, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ აქამდე აზერბაიჯანელებთან შეხება არ მქონია, ვფიქრობდი, თუ როგორ დამემყარებინა სწორი ურთიერთობა მათთან და როგორ არ შემექმნა სტრესული გარემო. ჩემს ოჯახში ყოველთვის მზრდიდნენ ისე, რომ არ ეროვნებას ყურადღება არ მიაქციო, არამედ გაიცნო ადამიანი, როგორც ინდივიდი“, – ამბობს ზურაბიანი.
2020 წელს GIPA-ს სტიპენდიანტი 5 სომეხი სტუდენტიდან ორმა იმ დროს მიმდინარე ომის გამო პროგრამაში მონაწილეობა არ მიიღო.
ამ სტუდენტებიდან ერთ-ერთი იყო ყარაბაღიდან, მეორე კი მოქმედი ჟურნალისტი, რომელიც ომის მიმდინარეობას აშუქებდა და მათ ლექციებზე დაუსწრებლობის გამო სწავლის გაგრძელება ვერ შეძლეს.
ჰეიდარ ისაევი 25 წლისაა. ისაევიც ომის დროს იყო სტუდენტი. იგი იხსენებს, რომ კურსელებთან ერთად განიხილავდა როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული მხარის მიერ განხორციელებულ აგრესიას.
GIPA-ში სწავლის დაწყებამდე ისაევი საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში სწავლობდა, ეროვნებით სომხებს კი პირველად ლექციებზე შეხვდა.
„ერთმა ჩემმა მეგობარმა მიამბო, თუ როგორ ელოდნენ სიახლეებს 5 წლის წინ მომხდარი „აპრილის ომში“ მონაწილე მისი ძმისგან, რადგან მის შესახებ რამდენიმე დღე არაფერი იცოდნენ. აღნიშნულის მოსმენის შემდეგ მივხვდი, რომ ჩვენი ტკივილიც კი ერთნაირია და ჩვენი ორი ერი ძალიან ჰგავს ერთმანეთს”, – ამბობს ისაევი.
ჰეიდარის თქმით, ომის დროს თანაკურსელებთან ურთიერთობები იყო დაძაბული, მაგრამ არა ყველასთან.
„ერთადერთი სამწუხარო ფაქტი არის ის, რომ ორივე ერი მხარს უჭერს საკუთარ ქვეყანას და საპირისპირო მხარეს ადანაშაულებს. ისინი ხშირად ვერ ხედავენ, რომ იგივე მეორე მხარესაც ხდება. მაშინ, როდესაც ჩემი მეგობარი ახალ ამბებს მიგზავნიდა აზერბაიჯანის მხრიდან არსებული მსხვერპლის, ან მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის შესახებ, ისინი ვერ აცნობიერებდნენ, რომ იგივე სომხეთშიც ხდებოდა”, – ამბობს ისაევი.
2020 წლის მომხდარი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა.
საიდ ბაბაზადემ GIPA-ში 2018 წელს ჩააბარა. პროგრამაში მონაწილეობამდეც 30 წლის ჟურნალისტმა იცოდა, რომ სომხეთიდან ჩამოსულ სტუდენტებთან ერთად უნდა ესწავლა.
„რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ სომხები იქნებოდნე. ეს ჩემთვის პრობლემა არ იყო. პირიქით, მეორე მხარის გაგების შესაძლებლობა გაჩნდა, მაგრამ ეს ცოტა რთული იყო, რადგან ქვეცნობიერად უკვე გვაქვს სომხების შესახებ შექმნილი სურათი ჩვენს გონებაში. გარდა ამისა, მქონდა ბავშვობის ტრამვები. ომის გამო საყვარელი ადამიანი დავკარგე, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ პატივი უნდა სცე და გაუგო მეორე მხარესაც. ჩემს სომეხ კურსელებთან ახლაც შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. არცერთ მათგანთან კონფლიქტი არასდროს მქონია”, – ამბობს ბაბაზადე.
იმის მიუხედავად, რომ პროექტში განაცხადის შეტანამდე მონაწილეებს ეკითხებიან, თუ როგორი განწყობა აქვთ მეორე მხარის მიმართ, ან არიან თუ არა მზად მათთან ერთად კურსზე მონაწილეობის მისაღებად, ბევრისთვის ეს მაინც დიდი გამოწვევაა.
არუსისთვისაც აზერბაიჯანელებთან ერთად სწავლა საკმაოდ რთული მოსჩანდა.
არუს ჰაკობიანი GIPA-ში 2015-17 წლებში სწავლობდა. ახლა იგი ჟურნალისტია. ისიც აცნობიერებდა, რომ თბილისში წასვლის შემდეგ სხვადასხვა ერის წარმომადგენლებთან, მათ შორის აზერბაიჯანელებთან ერთად უნდა ესწავლა
„ჩემი ოჯახის წევრებიც წუხდნენ იმაზე, თუ როგორ ვისწავლიდი აზერბაიჯანელ სტუდენტებთან ერთად, მაგრამ სხვა კურსდამთავრებულების გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცოდი, რომ საშიში არაფერი იყო, ამიტომ წასვლა გადავწყვიტე“, – ამბობს ჰაკობიანი.
მასაც გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში რაიმე სახის კონფლიქტში არ ჩაერთვებოდა, თუმცა, ხუთი წლის წინ კონკრეტულ საკითხებზე მაინც მოხდა გარკვეული უთანხმოება. აღნიშნული იმით მოგვარდა, რომ ორივე მხარეს მდგომი ახალგაზრდები საბოლოოდ მიხვდნენ, რომ მათი დავა ვერ გადაწყვეტდა ვერცერთ პოლიტიკურ, თუ სახელმწიფოთაშორის საკითხს და კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტა მათზე დამოკიდებული არ არის.
ავტორი: რიმა მარანგოზიანი