13 წლის წინ, ამ დღეს – 2008 წლის 1-ლ მარტს, სომხეთის დედაქალაქ ერევნის ცენტრში სისხლი დაიღვარა. მაშინდელმა ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ უკანონო ძალა გამოიყენა, რის შედეგადაც სომხეთის 8 მოქალაქე დაიღუპა და კიდევ ორი მიღებული ჭრილობების შედეგად მოგვიანებით გარდაიცვალა.
როგორც 2019 წლის 1 მარტს სომხეთის პრემიერ მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, “იმდროინდელი დამოკიდებულებების და სახელმწიფოებრივი მორალის დაბრუნება არ შეიძლება. სომხეთი არ დაუბრუნდება კორუფციის, პოლიტიკური დევნის, პოლიტიკური ძალადობის, ადამიანის უფლებების უგულვებელყოფის და შეურაცხმყოფელი სასამართლო არბიტრაჟის დროს“.
რა მოხდა 2008 წლის 1 მარტს
სომხეთში მეხუთე საპრეზიდენრტო არჩევნების შემდეგ, რომელიც 2008 წლის 19 თებერვალს ჩატარდა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა სერჟ საგსიანმა გაიმარჯვა, რაც მეორე ადგილზე გასულმა სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა გაასაჩივრა. ერევანში მშვიდობიანი საპროტესტო აქციები 20 თებერვალს დაიწყო და დაახლოებით, 25 ათასი ოპოზიციის მომხრე ქუჩაში გამოვიდა. ტერ-პეტროსიანმა განაცხადა, რომ ჯარი ხალხის წინააღმდეგ არ გამოვიდოდა, რადგან მას მხარს უჭერდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები. დემონსტრაციების მესამე დღეს მოედანზე 30 000 ადამიანი იმყოფებოდა.
25 თებერვალს, 40-დან 50 ათასამდე ადამიანი თავისუფლების მოედანზე, ტერ-პეტროსიანის საპროტესტო აქციებს შეუერთდა.
28 თებერვალს, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ქუჩები პოლიციის მანქანებმა გადაკეტეს, რაც შეუძლებელს ხდიდა მანქანების გაჩერებას, ასევე მოქალაქეების გადაადგილებას.
29 თებერვალს ღამით, თავისუფლების მოედანზე კარვების რაოდენობამ 132-ს მიაღწია. დემონსტრაციები გრძელდებოდა. დღის განმავლობაში, დაახლოებით, 100 000 ადამიანი მონაწილეობდა აქციებში.
1-ელ მარტს, დაახლოებით, 6:30 საათზე, მშვიდობიანი აქცია პოლიციამ და სამხედრო ძალებმა დაარბეს, რომლის დროსაც სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. მოწმეები აცხადებენ, რომ სამთავრობო ძალებმა იარაღი და ყუმბარები გამოიყენეს მომიტინგეების წინააღმდეგ. მოქმედმა პრეზიდენტმა ქოჩარიანმა 20 დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ ყველაფერს თან ერთვოდა მასობრივი დაპატიმრებები და ოპოზიციის წევრების მიმართ ანგარისწორება.
გავრცელებული ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმია სომხეთში მომიტინგეების დასარბევად გამოიყვანეს, რადგან ერევნის პოლიციამ უარი თქვა მითითების შესრულებაზე.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021