სომხურ-ქართული საპარლამენტო ჯგუფის მორიგი შეხვედრის დროს განხილული იქნება 23-24 აპრილს ახალციხეში მომხდარი ინციდენტების დეტალები. ინფორმაციას ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო jnews.ge.
„ჩვენ უნდა შევძლოთ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა მაღალ დონეზე ავიყვანოთ და არ დავუშვათ, რაიმე დაბრკოლებამ ან ნეგატიურმა მოვლენამ დაჩრდლოს სომხურ-ქართული ურთიერთობა“ . – განაცხადა 9 მაისს პარკში „გამარჯვება“ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების დეპუტატმა, სომხურ-ქართული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ჰერმინე ნაღდალიანმა.
შეკითხვაზე, დაისჯებიან თუ არა დამნაშავეები, ეროვნული კრების თავმჯდომარის მოადგილემ უპასუხა: „ჩვენს კოლეგებს საქართველოს პარლამენტში გაუჭირდებათ ეს საკუთარ თავზე აიღონ, რადგან ამისთვის არსებობენ სპეციალური უწყებები. ჩვენ შევთავაზებთ საკითხის გახმაურებას თავიანთ შესაბამის სტრუქტურებთან“.
ნაღდალიანი არ დაეთანხმა იმ თვალსაზრისს, რომ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩ იური ვარდანიანს ან საელჩოს ამ საკითხის მიმართ არანაირი ზომა არ მიუღია.
„მგონი, ელჩი ეწვია და მას ინფორმაცია აქვს. ყოველ შემთხვევაში, ამ ძალიან რთულ და უსიამოვნო შემთხვევას არ შეუძლია და არ უნდა დაჩრდილოს ორი ახლობელი ერის ქვეყნებისა და ხალხების ურთიერთობები. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს აქტიური ურთიერთობები კოლეგებთან პარლამენტში, ახლო მომავალში ველოდებით საქართველოს პარლამენტის საქართველო-სომხეთის მეგობრობის ჯგუფის წევრების ვიზიტს და მათთან აუცილებლად განვიხილავთ ამ საკითხს“ – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ 23-24 აპრილს, ქალაქ ახალციხის პოლიციის შენობაში პოლიციელებმა სცემეს სომეხი ახალგაზრდები და შეურაცმყოფელი გამონათქვამები გააკეთეს სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა მიმართ. ხოლო 3 მაისს, ახალციხეს ეწვია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. მინისტრის ვიზიტს მოჰყვა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის განცხადება, რომელიც უარყოფს პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ ძალადობასა და ზეწოლას.
„ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფრომაცია იმის შესახებ, რომ ახალციხის რაიონის სოფელ აბათხევში ქართველებსა და სომხებს შორის, კონკრეტულად ეთნიკურ ნიადაგზე ფიზიკური და შელაპარაკების შინაარსის მქონე დავა ყოფილა და ის ინფორმაცია, რომ ახალციხის რაიონული პოლიციის განყოფილებაში წაყვანილ ხალხზე სამართალდამცავებმა ეთნიკურ ან რელიგიურ ნიადაგზე ზეწოლა მოახდინეს , არ შეესაბამება სიმართლეს“- განაცხადა პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეიმურაზ კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ სამცხე ჯავახეთის რაიონულმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ახალციხის პოლიციელთა მიერ დაკითხვის დროს შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტზე. სასამართლო საქმეა აღძრული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მიხედვით „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“.
ფოტო: jnews.ge