რითი დავიწყო?
ჩვენი ისტორია უძველესი დროიდან საერთოა, ერთმანეთშია გადახლართული და ამ სამყაროში ისტორიის საუკეთესო მცოდნენიც კი ვერ შეძლებენ ჩვენი საერთო წარსულის ერთმანეთისაგან გამოყოფასა და დაშორებას.
ბიბლიაში, ”დაბადების წიგნი” გვიყვება ნოეს შვილზე, იაფეტზე, რომელიც ეგეოსის ზღვის, ანატოლიის და კავკასიის ხალხების წინაპრად ითვლება.
იაფეტის შვილის შვილი, თარგამოსი ხომ ჩვენი – ორივეს (ქართველებისა და სომხების) წინაპარია, ამაზე უძველესი ქართული და სომხური წყაროები ოდითგანვე წერდნენ.
ჰაოსი და ქართლოსი რომ ძმები იყვნენ, ეს ქართულ ზეპირსიტყვიერებაში ძალიან ხშირად გამოიყენება, როცა კი სომხებზე იწყება საუბარი. ჰაოსის და ქართლოსის ძმობა სომხებისა და ქართველების ძმობას ნიშნავს დღეს.
შეხედეთ ჩვენს ძველ ეკლესიებს, ვანკასარს და ჯვრის მონასტერს, ეჩმიაძინსა და სვეტიცხოველ, იდენტურები არ არიან, მაგრამ და-ძმებივით კი ნამდვილად ჰგვანან ერთმანეთს.
ჩვენ გამოვიარეთ რომაელების და პართიის, ბიზანტიისა და ირანის, ოსმალებისა და ირანის, არაბებისა და ბიზანტიის, რუსეთისა და თურქეთის ომები.
გამოვიარეთ ერთად.
ქართველთა ჯარმა 1124 წელს გაანთავისუფლა ულამაზესი ქალაქი ანისი და ის სომხებს დაუბრუნა.
მანამდე კი იყო შუშანიკი, ქალი – რომელმაც პირველი ნაბიჯი გადადგა ქმრის, მოღალატე დიდებულის, სპარსელთა მსახურის – ვარსქენის დამარცხებისაკენ, ვახტანგ გორგასალმა კი შუშანიკისთვის შური იძია და 482 წელს დაამარცხა ვარსქენი.
1609 წელს, ყირიმელი თათრები შემოესივნენ ქართლს :
”სომეხი მღვდელი გორიდან მიდიოდა თავისთვის. უცებ დაინახა დოესის ველები ავსებულიყო ჯარით. მიხვდა ტერტერა, ქართველები არ არიან, ქვეყნის მარბეველი უსჯულოები იქნებიანო. გაიქცა, გადავიდა მტკვარზე ხიდით და აყარა ფიცრები ხიდს, ჩაყარა მტკვარში და დაშალა ხიდი. ამასობაში თათრებიც მიადგნენ ხიდს, მაგრამ დაშლილი დახვდათ და ვერ გაიარეს”
ამით ქართველებმა დრო მოიგეს, შემდეგ კი ქართველთა მეფემ მტერი გაანადგურა და განდევნა, ასე შეაჩერა ერთმა სომეხმა მღვდელმა თათრების მთელი ჯარი, ეს ამბავი ალბათ ყველა ქართველმა ბავშვმა იცის.
უამრავი რამ იყო, ოდესმე გამოვნახავ დროს და ამ ორ ერზე დიდ წიგნს დავწერ, მეგობრობაზე.
ჩვენ ერთად გავათავისუფლეთ ჩვენი ქალაქები ოსმალეთისაგან, საამაყოდ და გმირულად შევძელით ერთად დგომა მეცხრამეტე საუკუნეში, შუშანიკის თავგანწირვიდან 1400 წლის (!) შემდეგ.
ამ დროს, თბილისში ქართული და სომხური კულტურის ოქროს ხანა დგებოდა, ჩვენ ვიწყებდით ჩვენი ისტორიის შემეცნებას.
შემდეგ იყო ვერსალის ხელშეკრულება და პირველი დიდი ბზარები, ვერ შევძელით ერთიანობის შენარჩუნება.
იცით? სომხებისგან ქართველებს ყველაზე მეტად აფხაზეთის ომი ეწყინათ, სადაც აფხაზებმა 6 000 მდე ქართველი ქალი, მოხუცი და ბავშვი დახოცეს, იქ იბრძოდა ”ბაგრამიანის ბატალიონიც”, მოწინააღმდეგე მხარეს.
მაგრამ – ქართველების მხარეს იბრძოდნენ თბილისელი სომხები, 1993 წლის 27 სექტემბერს კი, სხვა ქართველებთან ერთად ქალაქში, უზენაესი საბჭოს შენობაში დარჩა და გმირულად დაიღუპა სუმბატ სააკიანი, რომელმაც საქართველოსთვის გაწირა თავი და რომელიც საქართველოს გმირია.
როცა აფხაზეთის ტკივილი გვახსენდება, გვახსენდება თბილისელი სომხების თანადგომაც, არასდროს გვავიწყდება რომ ჰაოსი და ქართლოსი ძმებია.
მე დიდი ომის (1992-93, აფხაზეთი) შემდეგ დავიბადე, და საქართველოც ხელახლა დაიბადა ამ ტკივილში, რომელიც ყოველწამს ახსენებს თავს ამ ქვეყანას.
მხოლოდ 2008 წლის მცირე ომი მახსოვს, არ მეზიზღება აზერბაიჯანელები, არც რუსები, თქვენ წარმოიდგინეთ არც აფხაზები და ოსები, და რათქმაუნდა არ მეზიზღებით არც თქვენ.
ყველა ადამიანს, მიუხედავად ეროვნებისა და რწმენისა, აქვს ერთი სიცოცხლე, უყვარს ვიღაც, ზრუნავს ვინმეზე, აშენებს სახლს, ქმნის ხელოვნებას, ომი კი ამ ყველაფერს ანადგურებს.
ამიტომ ყველამ მალე უნდა დავივიწყოთ ომი.
ალბათ თქვენც გაქვთ რაღაც წყენები საქართველოსგან, ისევე როგორც საქართველოს, მაგრამ ეს ხომ ჩვენი საერთო ცხოვრების დიდებულებას ვერ მიუახლოვდება? ვერ გადაწონის?
ვთვლი, რომ ჩვენ მეტად უნდა ვიცოდეთ ჩვენს წარსულზე, ერთმანეთთან მისასვლელ იმ ხიდებზე, რომელიც ნაწილ-ნაწილ ავაწყვეთ საუკუნეების მანძილზე, და მოვემზადოთ მომავლისთვის, ჩვენს წინ მილიონობით წლებია, სადაც იმაზე მეტს შევიტყობთ ჩვენს დიდებულ წარსულზე, ვიდრე აქამდე ვიცოდით და შევქმნით ისეთ მეგობრობას, რომელიც მხოლოდ გააძლიერებს ნაშენებს.
გისურვებთ მშვიდობას.
მოუფრთხილდით თქვენს სამშობლოს.
გიგი ბერიძე