სიტუაცია, რომელშიც პანდემიის პირობებში აღმოვჩნდით სრულიად უცხო აღმოჩნდა თითოეული ჩვენგანისთვის. ადამიანებს მოუწიათ სრულიად ახალ და მოულოდნელ გარემოებებთან შეგუება. არ არსებობდა აპრობირებული ქცევითი მოდელი რომელიც იმ რეალობას მიესადაგებოდა, რომელშიც აღმოვჩნდით პანდემიის გავრცელების შემდგომ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გვესაუბრება ფსიქიოლოგი თეო გუბიანური.
„პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ ეს აბსოლუტურად უცხო სიტუაციაა და საჭიროებს ახალი ქცევის ჩამოყალიბებას და დასწავლას, რის გამოც შეიქმნა რიგი პრობლემები. მაგალითად – სწრაფი ცხოვრების ტემპიდან აბსოლუტურად ჩაკეტილ ცხოვრების წესზე გადასვლა. პირველი ე.წ. შოკი კი ის იყო, რომ ვერავინ გაიგო, რა ხდებოდა, როგორ დაეგეგმა მომავალი და როგორ გაეკეთებინა საქმე. თუმცა რამდენიმე კვირის მერე დაიწყო გარკვეული ქცევის ჩამოყალიბება“ – ამბობს ფსიქოლოგი.
ფსიქოლოგის თქმით, თავიდანვე არსებობდა გარკვეული რჩევები იმის შესახებ თუ როგორ გაემარტივებინათ ადამიანების კარანტინში ყოფნის პერიოდი. რჩევებს შორის იყო – წიგნის კითხვა, ფილმების ყურება, ხატვა და სხვა აქტივობები.
„მეორე და უმნიშვნელოვანესი იყო იმის იმედი, რომ ყველაფერი მალე დასრულდებოდა. ამის შესაბამისად ჩამოყალიბდა განწყობა, რომ ერთ თვეში ყველაფერი მორჩებოდა“, – ამბობს ფისიქიოლოგი. თუმცა რეალობა სრულებით განსხვავებული აღმოჩნდა.
ფსიქიოლოგის თქმით, აქ უკვე იწყება არასწორი ქცევის ჩამოყალიბება და მას ემატება აგრესია. ადამიანებმა დაკარგეს მუშაობის სურვილიც. ეს ორნაირად შეიძლება განვმარტოთ. პირველი – ეს არის ფრუსტრაციის შედეგი – ანუ “ნაწყენი ვარ ყველაფერზე და აღარ მინდა მუშაობა” – ეს პროტესტის ერთგვარი გამოვლინებაა და მეორე -“რეალურად რასაც ვაკეთებდი, თურმე არ იყო ჩემთვის ისეთი პრიორიტეტული, როგორიც მეგონა.“
ფსიქოლოგის თქმით, კარანტინის პერიოდში არაერთი ადამიანი მიეჩვია სახლში ჯდომას (რადგან გარეთ გასვლის შიში აქვთ). გარეთ გასვლის დროს ისინი გრძნობენ შფოთვას, ნერვიულობას და როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ხშირად არც კი იციან რაზე ნერვიულობენ. სახლში მისვლისას კი წყნარდებიან — რაც თავდაცვითი ქცევაა.
ახალ გარემოსთან მიჩვევა
„ჩვენი ძველი ცხოვრების სტილი – გარეთ გასვლა, სამსახურში მისვლა და ა.შ. – ბევრისთვის უკვე რაღაც სიახლედ აღიქმება. ზოგი, ჩვეულებრივად გააგრძელებს ცხოვრებას, მაგრამ უმეტესეობას მოუწევს ახალ გარემოსთან შეგუება. ადამიანებს დასჭირდებათ გარკვეული პერიოდი (შესაძლოა ერთი წელი) ამ სირთულეების გადასალახად. უფრო რთული ვითარება იქნება იმ ადამიანებთან, რომლებმაც ამ პანდემიის პერიოდში დაკარგეს ოჯახის წევრები, სამსახური ან შემოსავალი.
უდიდესი სტრესი გადაიტანეს იმ ადამიანებმაც რომლებიც დაინფიცირდნენ და გადალახეს ვირუსი. ფსიქიოლოგის თქმით, მათთვის ეს მდგომარეობა ადვილად დასაძლევი არ იქნება და გააჩენს კითხვებს: „რატომ მე?“ და „როგორ მოვიქცე?“ ამ შემთხვევაში კი ყველაზე მთავარია კარგი ჯანმრთელი გარემო – ოჯახის წევრები და მეგობრები. შესაბამისად ბევრად უფრო რთულად იქნება სიტუაცია იმ ქალებისთვის რომლებიც პანდემიის პერიოდში გახდნენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი ან მათდამი განხორციელებული ძალადობის სიხშირემ იმატა.
პანდემიის დროს ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით ფსიქიოლოგი თეო გუბიანური აღნიშნავს, რომ „თუ ოჯახში აგრესიის წინაპირობა არ ჰქონდათ, მხოლოდ ეს მდგომარეობა მას ვერ გამოიწვევდა“. თუმცა კარანტინის პერიოდში ქალები დარჩნენ ჩაკეტილ სახლში, როგორც მათი ასევე პარტნიორის მენტალურ მდგომარეობაზე შესაძლოა ექონია პანდემიით გამოწვეულ მოვლენებს გავლენა. ხოლო გაღიზიანებული და გაუწონასწორებელი ადამიანი შეიძლება უფრო მარტივად გახდეს მოძალადე, ვიდრე მშვიდი, ბედნიერი პიროვნება რომლის ცხოვრებაც ასე თუ ისე თავის კალაპოტშია.
ოჯახური ძალადობა და განსაკუთრებით კი ქალთა მიმართ ძალადობა მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული პრობლემაა.
მსოფლიოს მასშტაბით ქალთა დაახლოებით ერთი მესამედი (35%) ერთხელ მაინც ყოფილა პარტნიორის ან ყოფილი პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა კი სახელმწიფოს მნიშნელოვანი გამოწვევაა.
სტატია მომზადებულია პროექტ „Covid-19-ს ფონზე ოჯახური ძალადობის რისკების შემცირება/პრევენცია თვითიზოლაციაში მყოფი ქალებისთვის მარნეულში“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი ფრეიას“ მიერ „ქალთა ფონდი საქართველოში“-ს ფინანსური მხარდაჭერით.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021