სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლემ აზერბაიჯანის პირველ ლედის მოულოდნელი წინადადებით მიმართა – სოციალურ ქსელ Telegram-ზე მეჰრიბან ალიევას პოსტის საპასუხოდ, ყარაბაღში ერთად ჩასვლა შესთავაზა. მიწვევაზე ბაქოდან რეაგირება ჯერ არ ყოფილა. წერს jam-news.net.
„ჩვენი ერთადერთი ოცნებაა – ყარაბაღული შიკესტეს [აზერბაიჯანული ხალხური სიმღერების – მუღამების ერთ-ერთი სახეობა] ყარაბაღის მიწაზე ერთად მოსმენა!“, – დაწერა 2 დეკემბერს აზერბაიჯანის პირველმა ლედიმ, რომელიც ასევე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.
მართალია, პოსტს კონკრეტული ადრესატი არ ჰყოლია, მას 4 დეკემბერს სომხეთის პირველი ლედი გამოეხმაურა.
„მე მეჰრიბან ალიევას არცახში ვიწვევ, და ის ჩვენი სტუმარი იქნება. ჩვენმა ხალხმა – არცახელებმა იციან, თუ როგორ დახვდნენ და პატივი სცენ სტუმრებს… ჩვენ შეგვიძლია მუღამი უზრუნველვყოთ, შეგვიძლია მას ოცნება ავუსრულოთ, და ის თავის საყვარელ მუღამს ყარაბაღში მოისმენს“, – განაცხადა ანნა ჰაკობიანმა, ერევანში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციასთან – „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ – დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას.
თუმცა, მან თქვა, რომ თუკი ოცნება ყარაბაღში მუღამის მომსასმენად ომის შედეგად ჩასვლაა – „ამგვარი ოცნება აუხდენელი დარჩება“.
„თუკი ისინი ომს დაიწყებენ, ალბათ ახალი დასახლებული პუნქტები შეიქმნება, სადაც მუღამის მოსმენა მათთვის არარეალურ ოცნებად იქცევა… ამ მიზნის მისაღწევად მხოლოდ ერთი გზა არსებობს – ეს არის მშვიდობა, არცახთან მეგობრული ურთიერთობა და სტუმრის სტატუსით ურთიერთვიზიტები“, – განაცხადა ანნა ჰაკობიანმა.
და დასძინა, რომ მზად არის, საპასუხო ვიზიტით ბაქოში ჩავიდეს.
ანნა ჰაკობიანის სიტყვებზე ჯერჯერობით არც მეჰრობან ალიევას და არც რომელიმე ოფიციალური სტრუქტურის პასუხი არ ყოფილა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021