სომხეთის საგარეო: ველოდებით ქართული მხარის განმარტებას სომეხი ჟურნალისტების არშეშვებაზე

“ჩვენთვის ცნობილია პრობლემის შესახებ. ჩვენი საელჩო საქართველოში დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ქართველ კოლეგებს და ჩვენი მიდგომებისა და თავად პრობლემის შესახებ ინფორმაცია გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს”, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ანა ნაგდალიანმა და აქვე აღნიშნა, რომ სომხეთი იმედოვნებს რომ ქართული მხარისგან განმარტებას მიიღებს, რის შემდეგაც საელჩო შესაბამის განცხადებას გააკეთებს.

Epress.am-ის სამი ჟურნალისტი 11 ოქტომბერს სომხეთ-საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს და აუთხრეს, რომ საქართველოში მათი მუშაობა „არასასურველია“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რის საფუძველზე არ შემოუშვეს 11 ოქტომბერს საქართველოში სომხეთიდან სამი ჟურნალისტი — იური მანველიანი, ტიგრან ხაჩატურიანი და ტიგრან აკოპიანი.

შსს-მ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებულ საკითხებს ზოგადად არეგულირებს საქართველოს კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ და „სწორედ ამ კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე საზღვრის გადმოკვეთაზე უარი ეთქვათ ამ პირებს“.


როგორც თავად ჟურნალისტები — იური მანველიანი, ტიგრან ხაჩატურიანი და ტიგრან აკოპიანი — აცხადებენ, მას შემდეგ, რაც მესაზღვრეებმა გაიგეს, რომ ჟურნალისტები იყვნენ, რამდენიმე საათით დააყოვნეს, შემდეგ კი საერთოდ უარი უთხრეს ქვეყანაში შეშვებაზე.

ისინი ნინოწმინდა-ბავრის პუნქტით კვეთდნენ საზღვარს. მათი მონათხრობის თანახმად, მათ რამდენჯერმე აუხსნეს სხვადასხვა ქართველ მესაზღვრეს, რომ ადგილობრივ ჟურნალისტებთან, ადამიანის უფლებების აქტივისტებთან და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან ინტერვიუებისთვის მიდიოდნენ ახალციხეში, ახალქალაქსა და თბილისში.

ინტერვიუები, მათ თანახმადვე, დაგეგმილი იყო გამოცემა Newcaucasus.com-ისა და Epress.am-ის საერთო პროექტის ფარგლებში, რომელიც „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ (IWPR) მხარდაჭერით ხორციელდება. IWPR-ი წლებია, საქართველოში საქმიანობს.

ჟურნალისტების თანახმად, მესაზღვრეებს ოფიციალურად არ განუმარტავთ, რის გამო ეუბნებოდნენ უარს შეშვებაზე და უბრალოდ უთხრეს, რომ „ინტერვიუებისთვის აკრედიტაციაა საჭირო“.

ამის შემდეგ, რეპორტიორების თქმით, ბარგი შეუმოწმეს, რის შემდეგაც განუცხადეს, რომ სამოყვარულო კამერის, შტატივისა და ლეპტოპის გადატანა არ შეიძლებოდა; როდესაც უპასუხეს, რომ სულ რამდენიმე თვის წინაც იმყოფებოდნენ საქართველოში და მსგავსი პრობლემა არ შეჰქმნიათ, ერთ-ერთმა მესაზღვრემ მიუგო: „სიტუაცია შეიცვალა“.

ამის შემდეგ მათ უთხრეს, რომ ტექნიკა სომხურ მხარეს დაეტოვებინათ და ხელახლა, ამჯერად ტექნიკის გარეშე წამოსულიყვნენ. ასეც მოიქცნენ, თუმცა როდესაც ისევ მოადგნენ ქართულ მხარეს, იმ მესაზღვრემ, რომელმაც „სიტუაცია შეიცვალაო“, უპასუხა, ახლა აგრესიულად უთხრა:

„ვერ გაიგეთ, რომ თქვენ არ გიშვებენ საქართველოში“?

ამის შემდეგ გამოცემა Epress-ი ასე გადმოსცემს დიალოგს მესაზღვრესა და ჟურნალისტებს შორის:

— „ჩვენ დავტოვეთ ტექნიკა [სომხურ მხარეს]“…

— „მაგრამ მე ვიცი, რომ თქვენ აკრედიტაცია არა გაქვთ“

— „რის საფუძველზე გვიკრძალავთ შესვლას“?

— „ცუდად გესმით? არ გიშვებენ. ხელმძღვანელს, რომელმაც გადაწვიტა, არ შეეშვით, გადაწყვეტილება არ შეუცვლია“

— „რომელ ხელმძღვანელს“?

— „თქვენი მუშაობა არასურველია, თქვენ გეკრძალებათ ჟურნალისტური საქმიანობა საქართველოში. არ შეგიშვებენ“.

წყარო – netgazeti.ge