ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
ნარინე გინოსიანს, ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორს და ამავე ორგანიზაციის ბუღალტერ ანჟელიკა ფუტულიანის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თანხების გაფლანგვასა და მითვისებაში ადანაშაულებს.
ისინი დააკავეს, თუმცა ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ორივე მათგანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სწორედ ამის შემდეგ განაცხადა ნარინე გინოსიანმა რომ ის მუქარას და სექსუალური შევიწროებას განიცდიდა პარლამენტარისგან.
ნარინე გინოსიანი „სამხრეთის კარიბჭესთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ გამოძიება, რომელიც მის წინააღმდეგ დაიწყო, ნინოწმინდა – ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის პირადი ანგარიშსწორებაა.
„ჩემთან სექსუალური კავშირი უნდოდა დაემყარებინა და მეუბნეოდა რომ ახალ მანქანას მიყიდიდა, ბინას გამირემონტებდა, საფრანგეთში წამიყვანდა და მსგავს რაღაცეებს მეუბნეოდა. ტელეფონზეც მელაპარაკა. ერთხელ, კაბინეტში საქმეზე მივედი და კიდევ მსგავსი საუბარი დაიწყო. ჩემგან კატეგორიული უარი რომ მიიღო დამემუქრა, რომ ბაღში საქმეს გამიფუჭებდა“, – ყვება ნარინე გინოსიანი „სამხრეთის კარიბჭესთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
დღეს, 21 ივლისს, განცხადება გაავრცელა ენზელ მკოიანმა. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ნარინე გინოსიანის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს რომ ეს მის წინააღმდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი ბინძური კამპანიაა.
განცხადებაში, რომელიც მკოიანმა გაავრცელა, დეტალურადაა აღწერილი ბაღების გაერთიანების დირექტორის საქმიანობა და ჩანს რომ დეპუტატი დეტალურად იცნობს საქმეს.
„გინოსიანის მიერ საბავშვო ბაღების კუთვნილი თანხების ფლანგვასთან დაკავშირებით, კითხვები ჯერ კიდევ 2016 წელს გაჩნდა. მისი საქმიანობა აუდიტის სამსახურმა შეისწავლა და გინოსიანს არაერთი დარღვევა აღმოუჩინა. კერძოდ: საკანცელარიო ნივთების იმაზე ძვირად შესყიდვა, ვიდრე ოფიციალურ დოკუმენტაციაში ჰქონდა გაფორმებული. ასევე, საკვები პროდუქტების, მათ შორის პურის შეძენა ზედმეტ თანხად, ხოლო ბავშვების რაციონისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტის სრულად მოპარვა, როგორიცაა თევზი. როგორც მშობლები და მზარეულები ირწმუნებიან, ბაღის აღსაზრდელები მუდმივად ერთი სახის საკვებს მიირთმევდნენ და მათ რაციონში თევზი, რომელსაც დოკუმენტაციის მიხედვით, გინოსიანი დიდი რაოდენობთ ყიდულობდა, საერთოდ არ ყოფილა,“- წერს დეპუტატი ენზელ მკოიანი.
ამავე განცხადებაში სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული პარლამენტარი, ამბობს რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები კონსულტაციებს მართავენ ნარინე გინოსიანთან.
„შეწყვიტონ თავიანთ ბინძურ კამპანიაში ჩემს წინააღმდეგ ბავშვების ფულის მიმთვისებლების გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გავასაჯაროებ ამ ლიდერების გვარებს და ნარინე გინოსიანთან ერთად, ამ ადამიანების წინააღმდეგ სარჩელს შევიტან, ჩემი პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებების გამო“, – ნათქვამია დეპუტატი ენზელ მკოიანის განცხადებაში.
საქმის მასალების მიხედვით, გამოძიება ნარინე გინოსიანსა და ანჟელიკა ფუტულიანს ბრალს, 9 000–მდე ლარის მითვისებასა და გაფლანგვაში სდებს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021