პოზიტიური გარღვევა სომხურ-ქართულ ურთიერთობებში

საქართველოში ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს. მათ დამოუკიდებლობის შემდგომ გაჩაღებული ომების შედეგად ყველაფერი დაკარგეს. აღარ აქვთ მშობლიური სახლებში ცხოვრების შესაძლებლობა, ვეღარ ახერხებენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მდებარე საფლავების მონახულებას და ა.შ. ბევრმა დევნილმა კონფლიქტის ზონებიდან გამოსვლა ვერ მოასწრო, ისინი გზაში დაიხოცნენ.

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე გაეროში საქართველოს რეზოლუციის მიღებასა და სომხეთის ახალ, განსხვავებულ პოზიციაზე გვესაუბრა. მისი თქმით, ერთადერთი ბერკეტი, რომლითაც საქართველო დევნილთა უფლებების აღდგენის მიზერულ იმედს ინარჩუნებს, გაეროს შესაბამისი რეზოლუციებია.

გაეროში სომხეთი ყოველთვის საქართველოს რეზოლუციის წინააღმდეგ აძლევდა ხმას.

„საქართველოში ყველას ძალიან უკვირდა, აბრაზებდა და იმედგაცრუებას იწვევდა დევნილთა დაბრუნების უფლების თაობაზე მეგობრისა და პარტნიორის – სომხეთის პოზიცია“, – გვეუბნება ლორთქიფანიძე და დასძენს, – „დამეთანხმებით უცნაური და სახიფათოა, როდესაც შენს უმთავრეს პარტნიორს შენს ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვავასთან დაკავშირებით შენი საწინააღმდეგო პოზიცია აქვს.“

გუშინ მთელმა საქართველომ სასიხარულო ინფორმაცია მიიღო. პირველად ამდენი ხნის შემდეგ სომხები არ წავიდნენ ჩვენი რეზოლუციის წინააღმდეგ.

“ეს შესანიშნავი გადაწყვეტილება მიანიშნებს, რომ რევოლუციის შემდგომი სომხეთი ნაკლებად არის დამოკიდებული რუსეთზე და შესწევს იმის ძალა, რომ თამამად დადგეს მოსკოვისთვის მიუღებელ პოზიციაზე. ამასთანავე, ამგვარი ჟესტით სომხეთი კიდევ ერთხელ გამოხატავს პატივისცემას ჩრდილოელი მეზობლის მიმართ და გვაგრძნობინებს, რომ საქართველოს უმძიმეს პრობლემას, დევნილთა პრობლემას, მის მნიშვბელობას სრულად აცნობიერებს,” – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ამ საკითხზე სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერმა, სომხეთ-საქართველოს პარლამენტთა შორის ჯგუფის ხელმძღვანელმა ლენა ნაზარიანმა ფეისბუქის თავის გვერდზე დაწერა:

“ეს კარგი ნაბიჯია შემდგომში საქართველოსთან სხვადასხვა საკითხებზე ეფექტური და შედეგიანი საუბრისთვის. როგორც სომხურ-ქართული მეგობრული ჯგუფის ხელმძღვანელს, ჩემი ქართველი კოლეგების ყოველთვის მესმოდა, როდესაც ჩვენი ქვეყანა საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას ხმას წინააღმდეგ აძლევს, რაც სულ ზედმეტი დაძაბულობის მიზეზი იყო“, – წერს ნაზარიანი.

საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების სომხეთის ინსტიტუტის ხელმძღვანელი სტეფან საფარიანი ასევე მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და მას ახალ ხელისუფლებას უკავშირებს.

„ადრე, ჩვენ ყველა კენჭისყრას ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირეს ნებას ვუთანაბრებდით, თუმცა საპირისპიროდ არაფერს ვაკეთებდით, უფრო მეტიც, მხოლოდ ჩვენს მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების გაუარესებას ვიღებდით“, – „ალიქ მედიასთან“ საუბარში აცხადებს საფარიანი.

საფარიანი სომხეთის პოზიციასდასაბუთებულად მიიჩნევს და განმარტავს, – „სომხეთი აფხაზეთის ან სამხრეთი ოსეთის ლტოლვილების დაბრუნებას წინააღმდეგი არაა. უბრალოდ, სანამ არსებობს ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული პრობლემა და ერთ-ერთი მათგანი ლტოლვილების პრობლემაა და ეს საკითხი არ არის დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, სომხეთს ასეთი რეზოლუციისთვის ხმის მიცემის პრობლემა აქვს. სამწუხაროდ, მხოლოდ აზერბაიჯანელ ლტოლვილებზეა საუბარი. თუმცა ის, რომ სომხეთმა არ დაუჭირა მხარი, ნიშნავს, რომ სომხეთის პოლიტიკაში სერიოზული ცვლილებებია“.

შეგახსენებთ, რომ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 73-ე სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ 2008 წლიდან ინიცირებული რეზოლუცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა სტატუსის შესახებ. სომხეთმა, რომელიც ყოველწლიურად რეზოლუციის წინააღმდეგ აძლევდა ხმას, წელს პირველად არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. რეზოლუციას მხარი სულ 79-მა ქვეყანამ დაუჭირა, 15 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 57-მა თავი შეიკავა.