Latest posts by Aliq Media (see all)
მარნეულის მუნიციპალიტეტის საიტზე საკრებულოს წევრების შესახებ ინფორმაცია, მათი არჩევიდან 17 თვის შემდეგ, ჯერ კიდევ არ იძებნება.
საიტზე საკრეულოს მხოლოდ 10 წევრის შესახებაა ინფორმაცია გამოქვეყნებული, რომელთა შორის საკრბეულოს თავმჯდომარეც შედის. ვებგვერდზე მათი საკონტაქტო ინფორმაცია, სამუშაო გამოცდილება, განათლების ხარისხი და 5 შემთხვევაში სურათიც კია განთავსებული.
ერთი წლის წინ, 2018 წლის 16 მარტს, რადიო „მარნეულმა“ მოამზადა სტატია, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტის გაუმართაობაზე იყო საუბარი. ერთი წლის წინ, საიტზე არც ერთი საკრებულოს წევრის ინფორმაცია არ იყო განთავსებული, ამის მიზეზად კი საკრებულოში საიტის ტექნიკურ გაუმართაობასა და საკრებულოში პიარის სპეციალისტის არარსებობას ასახელებდნენ.
მარნეულის საკრებულომ პიარის სპეციალისტი აიყვანა. 2018 წლის 28 მაისს, ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში, საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ თქვა, რომ მათ მთლიანი ბაზა შექმნილი ჰქონდათ და ინფორმაცია საიტზე კვირის ბოლომდე უნდა გამოქვეყნებულიყო. მას შემდეგ 10 თვე გავიდა, საიტზე კი ინფორმაცია განთავსებული არ არის.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პიარმა გვითხრა, რომ საიტზე მონაცემების ატვირთვა, ამ დრომდე, ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხერხდა. ამბობს, რომ ინფორმაციის ატვირთვა უკვე იგეგმება, მაგრამ კონკრეტული დრო ჯერ განსაზღვრული არ აქვთ.
მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მარიამ ხაჩიძემ ჩვეენთან საუბრისას თქვა, რომ ამ ეტაპზე საიტზე ინფორმაციის ატვირთვისათვის არანაირი ხარვეზი არ არსებობს და ნებისმიერ დროს სრულიად შესაძლებელია საკრებულოსა და მერიის შესახებ საჯარო ინფორმაციის განთავსება.
რადიო „მარნეული“