აზერბაიჯანში დაკავებულ სომხეთის მოქალაქეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

აზერბაიჯანში დაკავებულ სომხეთის მოქალაქეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ minval.az იუწყება.

2018 წლის 14 ივლისს, ღამით, სომხეთის ტავუშის რაიონის სოფელ ბერდავანიდან, კარენ ღაზარიანი ღამით სხლიდან გავიდა, გზა შეეშალა და შემთხვევით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ამის შესახებ ბერდავანის გამგებელმა სმბატ მუღდუსიანმა განაცხადა.

აზერბაიჯანულმა პრესამ 15 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა სომხეთის მხრიდან დივერსიის მცდელობა აღკვეთეს და კარენ ღაზარიანი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დასაზვერად იმყოფებოდა დააკავეს.

სომხეთის ტავუშის რაიონის სოფელ ბერდავანის მკვიდრის, კარენ ღაზარიანის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაკავების საქმეზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა, თავისი მანდატისა და პროტოკოლის გათვალისწინებით მოლაპარაკებები დაიწყო აზერბაიჯანის სახელმწიფო სტრუქტურებთან.

ხოლო გასული წლის 18 ნოემბერს, ტავუშის რაიონის სოფელ ბერდავანის მოსახლეობამ საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი გადაკეტა. ისინი მთავრობისგან მოითხოვენ დაიწყოს მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან 34 წლის კარენ ღაზარინის სომხეთში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

მოგვიანებით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან იყო საუბარი ამ საკითხზე, თუმცა რაიმე კონკრეტული შეთანხმება არ მომხდარა.