ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის ფაკულტეტი შეიქმნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსტეტში მთის ფაკულტეტის შექმნა იგეგმება. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში “სამთავრობო საათის” ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“სოციალური საჭიროებების მხარდაჭერის ნაწილშიც ვცდილობთ, რომ იმ აუცილებელი მიმართულებების იდენტიფიცირება შევძლოთ, რომლის განვითარება არის საჭირო. ამ თვალსაზრისით ინტერნეტიზაცია და ჯერ კიდევ უშუქოდ დარჩენილი ოჯახების მომარაგება, მზის პანელების მეშვეობით დაგეგმილი გვაქვს 2019-2020 წლებში. ასევე, მნიშვნელოვანი ინიციატივაა მთის ფაკულტეტის შექმნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ისევე როგორც ინიციატივაა მთის კვირეულის დაარსებასთან დაკავშირებით მთის კანონის მიღების კვირეულში 16 ივლისს, რომელშიც იმედია, ყველა ჩაერთვება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

„მინისტრის საათი“ ახალი ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს. “მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტი წლის განმავლობაში ყველა მინისტრს მოუსმენს. მაია ცქიტიშვილი პირველი მინისტრია, რომელიც წინა წელს შესრულებული სამუშაო ანგარიშსა და მიმდინარე წლის ხედვებსა და გეგმებს პარლამენტს ამ ახალი ფორმატში წარუდგენს.

imedinews.ge