პირადი ცხოვრების კადრები სომხეთის ციხის პატიმარმა ატვირთა ფეისბუკზე – შსს

შსს-ის ცნობით, 28 იანვრიდან მიმდინარე გამოძიებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ პირადი ცხოვრების კადრები სომხეთის ციხიდან ატვირთეს ფეისბუკზე.

თუმცა შსს-ს არ დაუზუსტებია, არის თუ არა ეს ადამიანი ვიდეოს გავრცელების პირველწყარო.

სამინისტრომ ეს ინფორმაცია 9 თებერვალს გამოაქვეყნა, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია რუსთავი2-მა დააანონსა “შაბათის კურიერის” სიუჟეტი, სადაცამაზეა საუბარი.

შსს აცხადებს, რომ “ფეისბუკის” ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისა და გამოძიების შედეგად კადრების გავრცელებისთანავე დაადგინეს, რომ ბ.მ-ის სარეგისტრაციო სახელით [ექაუნთით] სავარაუდოდ სარგებლობდა საქართველოს მოქალაქე დ.ა.

ის, შსს-ის ცნობით, “მეზობელ ქვეყანაში ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის მკვლელობისთვის ამჟამად სასჯელს სომხეთის ერთ-ერთ ციხეში იხდის”.

“მან სოციალური ქსელის მეშვეობით მიმდინარე წლის იანვარში, ინტერნეტ-სივრცეში არაერთხელ გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები” – წერს შსს.

პოლიციის ცნობით, ამ ადამიანმა საქართველოს საზღვარი მეუღლესთან ერთად 2016 წლის ნოემბერში გადაკვეთა.

“ქართველი და სომეხი სამართალდამცველების თანამშრომლობით საქართველოს მოქალაქის საკნის ჩხრეკისას, ამოღებულია მისი კუთვნილი „samsung”-ის მოდელის მობილური ტელეფონი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს თანამშრომლობას სომეხ კოლეგებთან, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით”.

შსს-ის თანახმად, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს.

netgazeti.ge