ყარაბახში დაღუპული აზერბაიჯანის ეროვნული გმირის მემორიალი მარნეულში

ფაქტი, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანს შორის, თითქმის დიპლომატიური სკანდალის და არაერთი დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელების მიზეზი გახდა,- ერთადერთი არ არის. სომეხი ოფიცერი, მიხეილ ავაქიანი ყარაბახის კონფლიქტის მონაწილე ერთადერთი სამხედრო პირი არ არის, რომლის ძეგლიც საქართველოში დგას. ირკვევა, რომ მარნეულში, სოფელ ლეჟბადინში, აზერბაიჯანის ეროვნული გმირის, ჯალილ საფაროვის მონუმენტიც დგას.

როგორც “პრაიმტაიმმა” გაარკვია, აზერბაიჯანის ეროვნული გმირის მემორიალური დაფა პორტრეტით, საჯარო სკოლის შენობაზე იყო განთავსებული, 2016 წელს კი, როდესაც საგანგებოდ შერჩეულ ტერიტორიაზე, სოფლის ცენტრში მდებარე სკოლის ეზოში, უფრო მასშტაბური  კომპლექსი დადგეს, მემორიალური დაფა მონუმენტს შეუერთეს.

აზერბაიჯანის ეროვნული გმირი ჯალილ საფაროვი 1992 წელს, ყარაბახის კონფლიქტის დროს, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებში დაიღუპა. აზერბაიჯანის ოფიციალური უწყებების ცნობით, ოფიცერი საფაროვი ტურშსუ-ზარისლის გზაზე, 1992 წლის 15 მაისს მომხდარი შეტაკების დროს მოკლეს. მაშინ როცა ის სატანკო ეკიპაჟის გადარჩენიას ცდილობდა.  ამავე წელს, მას აზერბაიჯანის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეროვნული გმირის სტატუსი მიანიჭეს. ის დაკრძალულია ბაქოში, შეჰიდთა ხეივანში. ჯალილ საფაროვი წარმოშობით მარნეულიდან იყო. აზერბაიჯანში ის მშობლებთან ერთად მოგვიანებით გადასახლდა.

აზერბაიჯანულმა მედიამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომვ ყარაბაღის ომის მონაწილე სომეხ ოფიცერს, მიხეილ ავაქიანს ახალქალაქში ძეგლი დაუდგეს. ინფორმაცია სიახლედ დასახელდა ქართულ მედიაშიც, თუმცა ფოტოებით, რომელიც “პრაიმტაიმს” ადგილობრივებმა მიაწოდეს, ირკვევა, რომ მიხეილ ავაქიანის ძეგლი აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან დგას.

“საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და მოსთხოვეს, რომ გადაუდებელი რეაგირება მოახდინოს ფაქტზე, რომელიც არ შეესაბამება ორმხრივ სტრატეგიულ ურთიერთობებს”, – უთხრა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ლეილა აბდულაევამ აზერბაიჯანულ სააგენტოს.

იგივე გამოცემა წერს, რომ აზერბაიჯანის ელჩიც იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მან ქართულ მხარეს ბაქოს პროტესტი გადასცა.

primetime.ge