რუსეთის ფედერაციის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო “როსკომნადზორი” სომხური მედია გამოცემა Hetq.am-ს რუსეთის ტერიტორიაზე დაბლოკვით ემუქრება.
საუბარია hetq.am -ის მიერ სომხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ედვარდ ნალბანდიანის მრჩევლის და ამჟამად რუსეთში მომუშავე ბიზნესმენის, რუბენ ტატულიანის შესახებ მომზადებულ ჟურნალისტურ მასალებზე, რომელთა წაშლასაც რუსეთის სახელმწიფო უწყება ითხოვს.
როგორც hetq.am წერს, 2019 წლის იანვარში სომხურმა საინფორმაციო ვებ-გვერდმა Hetq.am “როსკომნადზორის” ოთხი შეტყობინება მიიღო, სადაც ნათქვამი იყო, რომ თუ რუსეთის მოქალაქეზე რუბენ ტატულიანზე მომზადებული მასალები არ წაიშლება, ვებ-გვერდი რუსეთის ტერიტორიაზე დაიბლოკება.
ამასთან რუსეთის სახელმწიფო უწყებამ მოთხოვნა “პერსონალური მონაცენების” კანონის შესაბამისად მოსკოვის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაასაბუთა.
“როსკომნადზორის” ცნობითვე, მოქალაქე რუბენ ტატულიანმა, სწორედ მათ მიმართა საკუთარი პერსონალური მონაცემების საიტიდან წაშლაზე შუამდგომლობის თხოვნით.
2018 წლის მაისში გამოცემამ რუსულ მედიაზე დაყრდნობით დაწერა ინფორმაცია ტატულიანის ჩეხეთში დაკავებაზე, რომელსაც სომხეთის დიპლომატიური პასპორტი აღმოაჩნდა.
გამოცემა hetq.am აცხადებს, რომ არ აპირებს აღნიშული მასალების წაშლას, რადგან ისინი არ შეიცავს ცილისწამებას, შეურაცხყოფას ანდა სიძულვილის პროპაგანდას, და კითხვას სვამს, რის საფუძველზე ითხოვს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ორგანო სომხური მედიისგან მასალების წაშლას და რატომ მიმართა ტატულიანმა სხვა ქვეყნის უწყებას?
ოფიციალური პოზიციის გასაგებად Hetq.am-მა სომხეთის იუსტიციის სამინისტროს მიმართა.
“როსკომნადზორ” ანალოგიური მოთხოვნები ჰქონდა სხვა სომხური მედია გამოცემების მიმართაც, მაგალითად გაზეთ “არავოტ”-ის ონლაინ ვერსიის მიმართ, რომელიც უკვე დაბლოკილია რუსეთის ტერიტორიაზე.
netgazeti.ge
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021