განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, რეგიონებში პროფესიული სასწავლებლების რაოდენობის ზრდა იგეგმება. როგორც მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროფესიული განათლების მიმართულებით, უწყებას შემუშავებული აქვს გეგმა, რომლის განხორციელებაც მარტიდან დაიწყება და ეტაპობრივად გაგრძელდება.
„გვაქვს შემუშავებული გეგმა, რომელიც ჩვენი ახალგაზრდებისთვის როგორც დედაქალაქში, ისევე რეგიონებში ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ახალი პროგრამების შემუშავებას და რაც მთავარია, ახალი შესაძლებლობების გაჩენას გულისხმობს. ვისაუბრეთ მოკლევადიანი დასაქმების, გადამზადების პროგრამებზე, რომელშიც კერძო სექტორიც აქტიურად არის ჩართული და მარტიდან დაიწყება. ასევე, ყველა ის მიმართულება, რომელიც პროფესიული და გადამზადების მიმართულებით არის, ამ წლის განმავლობაში განხორციელდება, რადგან ეს ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომ რაც შეიძლება, მეტ ახალგაზრდას მივცეთ შესაძლებლობა, ისეთ პროგრამებზე ისწავლოს, რომელიც პირდაპირი დასაქმების გარანტიას მისცემს. ფაქტობრივად, ეს არის კერძო სექტორსა და ბაზარზე მოთხოვნადი პროგრამები და შემუშავებული გვაქვს გეგმა, რომლის განხორციელებაც დაიწყება. აქტიურად ვიმუშავებთ, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს”,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მინისტრის თქმით, ახალგაზრდებს, რომელთაც სკოლა ვერ დაამთავრეს, შანსი გაუჩნდებათ, რომ პროფესიულ სასწავლებლებში სხვადასხვა მიმართულებაზე ჩააბარონ.
პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, პროფესიული სასწავლებლის დიპლომი მნიშვნელობით სკოლის ატესტატს გაუთანაბრდება. უფრო კონკრეტულად, სკოლის საბაზო განათლების (9 კლასი) მქონე პირებს, ატესტატის ასაღებად, სკოლის გამოცდების ექსტერნად ჩაბარება აღარ მოუწევთ და სრული ზოგადი განათლების მქონე პირების მსგავსად (12 კლასის), უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება ექნებათ. აღნიშნული ცვლილება ეტაპობრივად, 2 წლის განმავლობაში განხორციელდება.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021