მიხაილ ავაქიანის ძეგლი ჯავახეთში – ოფიციალური ბაქო სასწრაფო რეაგირებას ითხოვს

ახალქალაქის სოფელ ბუღაშენში, ყარაბაღის ომის მონაწილის, მიხაილ ავაქიანის რესტავრირებული ძეგლი და მისი სახელობის საბავშვო მოედანი ავაქიანის შვილებმა და შვილიშვილმა საზეიმოდ გახსნეს. მანამდე ეკლესიაში ავაქიანის სულის მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადეს. ახალგაზრდებმა ქართული და სომხური სიმღერები შეასრულეს. ძეგლის გახსნას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები – მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე საქართველოში სომხეთის ელჩი რუბენ სადოიანი ესწრებოდნენ.

საზეიმო ღონისძიება ბუღაშენში 20 იანვარს გაიმართა. ღონისძიება დაემთხვა თარიღს, რომელიც აზერბაიჯანში საყოველთაო გლოვის დღედ არის გამოცხადებული. 28 წლის წინ ამ დღეს ბაქოში დაწყებული შეტაკებებისას დაიღუპა 134 და დაიჭრა 700 მშვიდობიანი მოქალაქე (ეს დღე ცნობილია, როგორც “შავი შაბათი” ან “იანვრის ხოცვა”).

ჯავახეთში ავაქიანის ძეგლის გახსნა აზერბაიჯანული მედიის ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა. “ხოჯალის ჯალათს საქართველოში ძეგლი დაუდგეს” – ამ სათაურით გამოაქვეყნა ინტერნეტგამოცემა meda.az- მა ძეგლის გახსნის ფოტოები.

მიხაილ ავაქიანი წარმოშობით ბუღაშენიდან იყო. ბუღაშენი ახალქალაქიდან 14 კილომეტრითაა დაშორებული. ეთნიკური სომხებით დასახლებულ სოფელში 450-მდე კომლი ცხოვრობს. სოფლის ცენტრში ძეგლი ადგილობრივი გაგიკ ავაქიანის დაფინანსებით დაიდგა, რომელიც ბოლო წლებია უკრაინაში საქმიანობს.

ბუღაშენის 8-წლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ, მიხაილ ავაქიანმა სწავლა სომხეთში, გააგრძელა. მუშაობდა აფხაზეთში, შინაგან საქმეთა ორგანოებში, ბოლოს კი საცხოვრებლად მთიან ყარაბაღში გადავიდა. როდესაც სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, მიხაილ ავაქიანი საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო, ცნობილი გახდა მეტსახელით „კობრა“, რადგან იცოდა აზერბაიჯანული, რაც მას სადაზვერვო საქმიანობაში ეხმარებოდა. ის ჰორადიზში შეტაკებების დროს სნაიპერის ტყვიამ მოკლა. ავაქიანის ბიოგრაფიის დეტალებზე ახალქალაქში მომუშავე ონლაინგამოცემა jnews.ge წერს.

აზერბაიჯანული minval.az-ი კი პოლიტოლოგ რასიმ მუსაბეკოვის თვალსაზრისს აქვეყნებს“ახალქალაქის პროვოკაციული აქციით გამოჩენილი დაუდევრობა არ შემატებს სითბოს აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობას”, – წერს აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი და ოფიციალურ ბაქოს მოუწოდებს, საკუთარი პოზიცია განუმარტოს საქართველოს ხელისუფლებას.

ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი ძეგლის გახსნის გამო ატეხილ დავას სპეკულაციას უწოდებს და რადიო თავისუფლებასთან აცხადებს: “სკოლის დამთავრებისთანავე მიხეილ ავაქიანი საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა და მას მერე საქართველოსთან შეხება არ ჰქონია, მითუმეტეს აფხაზეთის ომში არასდროს მიუღია მონაწილეობა. ეს ზუსტად ვიცი“.

ახალქალაქის მერი იური უნანიანი ამბობს, რომ ავაქიანის ძეგლი სოფელში დაახლოებით 25 წლის წინ დადგეს. მერის თქმით, ძეგლი მაშინ ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით დაიდგა, ახლა კი ბიუსტი რკინის კონსტრუქციით შემოსაზღვრეს.

„როგორც თანასოფლელებმა თქვეს, ფული თავად შეაგროვეს და ძეგლი შემოღობეს, ჩვენ კი როგორც ადგილობრივი ხელისუფლება დაგვპატიჟეს. რა უფლება მქონდა, ხალხის ორგანიზებულ ღონისძიებაზე არ მივსულიყავი, მაშინ როდესაც ეს ძეგლი 1997 წლიდან დგას ბუღაშენში? მაშინაც იმიტომ დადგეს, რომ ამ სოფლიდან იყო ეს ადამიანი და თანასოფლელებმა ამ ნაბიჯით მის მიმართ პატივისცემა გამოხატეს. 25 წელია, ეს ბიუსტი დგას და მიკვირს, ახლა რატომ გაახსენდათ. სიმართლე გითხრათ, მეც კი არ ვიცოდი ამ დრომდე, ვისი ბიუსტი იყო“, – აცხადებს ახალქალაქის მერი.

ის, რომ ძეგლი დიდი ხნის წინ დაიდგა და წელს მხოლოდ რესტავრაცია ჩაუტარდა ადასტურებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილიც: „ძეგლი 1997 წელს დაუდგეს, 94-ში დაიღუპა. მაშინაც გავაპროტესტე. ამ თემას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ძეგლი დაუდგა რუსს, რომელიც უკრაინაში იბრძვის, მაგრამ ეს იყო 1997 წელს და არა ახლა. ამიტომ ამ პროვოკაციას არ უნდა წამოვეგოთ.”

“საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და მოსთხოვეს, რომ გადაუდებელი რეაგირება მოახდინოს ფაქტზე, რომელიც არ შეესაბამება ორმხრივ სტრატეგიულ ურთიერთობებს”, – უთხრა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ლეილა აბდულაევამ აზერბაიჯანულ სააგენტო haqqin.az-ს.

იგივე გამოცემა წერს, რომ აზერბაიჯანის ელჩიც იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მან ქართულ მხარეს ბაქოს პროტესტი გადასცა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ელჩების შეხვედრას თბილისსა და ბაქოში და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:

“აზერბაიჯანი გახლავთ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ შორის არ არსებობს თემები, რაზეც არ გვაქვს კომუნიკაცია, ეს არის ურთიერთობის ჩვეულებრივი ფორმა და ამ თემის ირგვლივ აჟიოტაჟის ატეხა ზედმეტია.”

radiotavisupleba.ge