სამცხე-ჯავახეთის უმეტეს სკოლებში საკლასო ოთახებს შეშის ღუმელით ათბობენ. ცენტრალური გათბობის სისტემა რეგიონის მხოლოდ 73 სკოლაშია დამონტაჟებული, თუმცა გაზზე მხოლოდ მათი ნაწილი მუშაობს, ნაწილი კი გათბობის სისტემას შეშაზე ამუშავებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ბორჯომის 20 სკოლიდან – შვიდი, ახალქალაქის 55-დან – 40, ნინომწინდის 38-დან – 17, ადიგენის 25-დან – 24, ახალციხის 39-დან – 24 და ასპინძის 18-დან – 11 შეშის ღუმელით თბება.
ბორჯომის რესურსცენტრის დირექტორი იზოლდა ლომიძე ამბობს, რომ იმ 13 სკოლიდან, რომლებშიც ცენტრალური გათბობაა, ორი შეშით, დანარჩენი კი გაზით თბება.
ბორჯომის მერიაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის 34 დასახლებიდან 18 უკვე გაზიფიცირებულია:
“იმ 16 სოფლიდან, რომლებშიც გაზი არ არის, 13-ში ბუნებრივი აირის შესაყვანად სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება. დარჩენილ სამში კი მოსახლეობა მხოლოდ სეზონურად მიდის და მუდმივად იქ არავინ არის“.
სკოლებში გაზის შესაყვანად სოფლების გაზიფიცირებას ელოდებიან ახალქალაქშიც. “ერთ სკოლას ელექტროენერგიით ვათბობთ, ოთახში გვაქვს შეშისა და ქვანახშირის გათბობა, 20 სკოლაში კი ბუნებრივი აირია. წელს კიდევ რამდენიმე სკოლა გაზიფიცირდება, თუმცა რამდენი ზუსტად არ ვიცით“, – ამბობს ახალქლაქის რესურსცენტრის დირექტორი ტერეზა ჩივჩიანი.
ელექტროენერგიით თბება ორი სკოლა ნინოწმინდაშიც, 11-ში კი გაზია შეყვანილი. ისევე, როგორც ახალქალაქში აქაც სოფლების გაზიფიცირებას ელოდებიან. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, ადიგენში ბუნებრივი აირი შეყვანილი მხოლოდ არლის სკოლაშია. ახალციხეში შეშის ღუმელები არა მხოლოდ სოფლის, ქალაქის ორ სკოლაშიცაა. ასპინძიაში კი ბუნებრივი აირით, მხოლოდ დამალისა და ხიზაბავრის სკოლები თბება.
“შეშის ცენტრალური გათბობაა ასპინძის პირველ, ოშორისა და ნაქალაქევის სკოლებში. ამ წელს, დაბა ასპინძის და საროს სკოლები ბუნებრივი აირით გათბება“, – ამბობს ასპინძის რესურსცენტრის დირექოტრი ტრისტან მურადაშვილი.
რესურსცენტრებში აცხადებენ, რომ ის სკოლები, რომლებიც შეშით თბებიან, შესაბამისი მარაგი დროულად შეიტანეს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021