სომხეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი 27 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით  გერმანიაში გაემგზავრა. ამის შესახებ პრეზიდენტის თანაშემწე ჰასმიკ პეტროსიანი წერს თავის ფეისბუქის  გვერდზე.

ვიზიტის განმავლობაში არმენ სარგსიანი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, გერმანიის პრეზიდენტს და ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდება. შეხვედრებზე  ორმხრივი ურთიერთობების და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილება.

სომხეთის პრეზიდენტი ასევე გერმანელ ბიზნესმენებს შეხვდება, რომლებიც სომხეთში საქმიანობენ და დაინტერესებულები არიან სომხეთთან თანამშრომლობაში.

სარგსიანი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში, ასევე ეწვევა გერმანიის წითელი ჯვრის ოფისს.

არმენ სარგსიანი ასევე ეწვევა ცნობილი “Konzerthaus Berlin-ში”   სომხეთის ეროვნული ფილარმონიული ორკესტრის კონცერტზე, რომელიც სომეხი კომპოზიტორის არამ ხაჩატრიანის 115 იუბილეს არის მიძღვნილი.