მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დარღვეულია

მთიანი ყარაბარის თავდაცვის შეიარაღებული ძალების პრესსამსახურმა განაცხადა, რომ 7 აპრილს გამთენიისას და 8 აპრილის ღამით ყარაბაღისა და აზერბაიჯანის დაპირისპირებული მხარეების შეხების ხაზის მთელ პერიმეტრზე აზერბაიჯანის მხრიდან გაგრძელდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევა.

აზერბაიჯანული მხრის მიერ გამოყენებული იქნა როგორც სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი სამხედრო ტექნიკა (2000-ზე მეტი გასროლა), ასევე 60 მილიმეტრიანი ნაღმტყორცნი. შედარებით უფრო ინტენსიური დარღვევები დაფიქსირებულია შეხების ხაზის ჩრდილოეთით, სოფელ თალიშის მიმართულებით, რომლის შედეგად გარდაიცვალა ერთი რიგითი კონტრაქტორი ჯარისკაცი. აგრეთვე არიან დაშავებულები. ფრონტის ხაზის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ჯერ კიდევ გაურკვეველ ვითარებაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობა მიიღო ერთმა ჯარისკაცმა.

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა 2 აპრილიდან 8-მდე შეხების ხაზზე გარდაცვლილ სამხედროთა სახელები. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის მიხედვით სომხურ მხარეს დაკარგული ჰყავს 44 ადამიანი. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ თავის მხრივ განაცხადა, რომ სომხური სამხედროების მიერ ერთი დღით ადრე 110-ჯერ გაიხსნა ცეცხლი და გამოყენებული იყო მსხვილკალიბრიანი იარაღი, რომლის საპასუხოდ აზერბაიჯანმა 114-ჯერ გახსნა საპასუხო ცეხლი. აზერბაიჯანი ასევე უარყოფს სომხურ დასახლებებზე ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც თავის ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს სამსახური.

როგორც „რია ნოვოსტი“ იუწყება, მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ძალების ოპერატიული განყოფილების უფროს ვიკტორ არუსტამიანის თანახმად, დაპირისპირისპირებულმა მხარეებმა 8 აპრილს ცეცხლის საბოლოო შეწყვეტისა და გარდაცვლილთა გვამების საძიებო სამუშაოების დაწყების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

Leave a Reply