სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლ ფაშინიანი 8-9 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრება. ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახური იტყობინება.
ფაშინიანი ასტანაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სხდომაზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 8 ნოემბერს ჩატარდება. ფაშინიანი ვიზიტის განმავლობაში ასევე შეხვდება ადგილობრივი სომხური თემის წარმომადგენლებს. სხდომაზე, სავარაუდოდ, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ახალი გენერალური მდივნის არჩევის საკითხი განიხილება.
2018 წლის 2 ნოემბერს, იური ხაჩატუროვი ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობიდან გადადგა. იგი ამ თანამდებობას 2017 წლის 14 აპრილიდან იკავებდა, რომელსაც ამჟამად, რუსეთის დროებითი წარმომადგენელი ვალერი სემერიკოვი იკავებს.
სომხეთის მთავრობა აცხადებს, რომ იბრძოლებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობისთვის.